“არც ერთმა შვილმა არ იცოდა, როგორ გაჰქონდა თავი ბებოს, არც ერთ შვილიშვილს არ დაურეკავს და მადლობა არ გადაუხდია გამოგზავნილი ძღვენისთვის…”

Loading...

20 წელი იცხოვრა მარიამ ბებომ სიმარტოვეში. მარტოობა ისე რთული ასატანი კიდევ არ იყო, როგორც იმაზე ფიქრი, რას შვრებიან ქალაქში წასული შვილები, შვილიშვილები, როგორ ცხოვრობენ, რა უჭირთ და ულხინთ… ასეთი ფიქრები დილიდან საღამომდე თან დაჰყვებოდნენ ერთგული ჯოხივით და თუ წამით მიავიწყდებოდა, მაშინაც თავს უხერხულად გრძნობდა…
20 წელი მხოლოდ ერთი თვე, წელიწადში ერთი თვე ახელდა თვალებს მისი სახლი, როცა შვილები და შვილიშვილები გასართობად ჩადიოდნენ სოფელში. სხვა დროს ზამთრის ძილით ეძინა თითქოს…
“კი, ვიცი არაფერი გაკლიათ, მაგრამ ჩემი ხელით გაკეთებულს ლოცვის ძალა აქვს და ამიტომ გიგზავნით, ამ პატარა ძღვენსო”, ასე იწყებოდა ყველა წერილი, რომელსაც საგულდაგულოდ მიაკერებდა ქალაქისკენ გაგზავნილ ჩანთის შიდა პირს.
რძლებს ერთი უხერხული მომენტი აწუხებდათ, სოფლიდან გამოგზავნილი ჩანთის რაღაცნაირი სუნი. ერთმა თქვა, სოფლისააო, მეორემ – გაურეცხავი ნაჭრის სუნიაო, მესამემ ცხვირზე ხელი წაიჭირა და მოვაშოროთ დროზეო… ამოალაგებდნენ ღამეებნაფიქრ და ნაწვალებ ბებოს ძღვენს, შეახვევდნენ ჩანთას და მაშინვე ეზოს კუთხეში დადგმული ურნისკენ გააქანებდნენ…
როგორც წესი, ასეთ ჩანთებს ბებოს კალთის სუნი აქვს, მსხლით და ყურძნის მტევნებით სავსე კალთის…

არც ერთმა შვილმა არ იცოდა, როგორ გაჰქონდა თავი ბებოს, არც ერთ შვილიშვილს არ დაურეკავს და მადლობა არ გადაუხდია უკვე მეათასედ გამოგზავნილი ძღვენისთვის… თუმცა სოფლის მჭადსა და ყველზე, ყოველ ჯერზე ეპატიჟებოდნენ ქალაქელ მეგობრებს და სოფლის ღვინოსაც სიამოვნებით გეახლებოდნენ…
გულის ტკივილი დასჩემდა ბებოს ბოლო დროს. მეზობლებმა ექიმთან მიიყვანეს. ექიმმა მეზობელს თვალი ჩაუკრა და ბებოს მოუბრუნდა, ქალბატონო მარიამ, უბრალო ჭვალია და მალე გაგივლით, თქვენ ეს წამლები დალიეთო ოღონდ და ხელში გამოწერილი წამლების რეცეპტი მიაწოდა. როცა საავადმყოფოს ტოვებდნენ, მარტო მეზობელმა იცოდა, რომ მარიამ ბებოს ხელში უბრალო ვიტამინების ჩამონათვალი ეჭირა.
მოვკვდები აბა, რა იქნება აწი, ცას ხომ არ გამოვეკიდებიო, – ასე მისწერა ქალაქად მეორე დღეს, – მხოლოდ ერთი ნატვრა მაქვს, თქვენს უნახავად ნუ წამიყვანს უფალიო. მინდა თქვენს ხელში დავლიო სული,ბოლო წუთებში თქვენ გხედავდეთო…
3 თვე ელოდა ბებო ჭიშკრის გაღებას… რამდენჯერაც მურა დაიყეფებდა, გული იმდენჯერ უჩქარდებოდა, – არა, ახლა მოვლენ და არა – ახლაო… მაგრამ ზამთარი მოვიდა მხოლოდ მის კარებთან, მის ეზოში, გაუძნელდა სიარულიც კი, მოძრაობა, ბოლოს სუნთქვაც…
შობის ღამეს მეზობელმა მეზობელს გადასძახა ტირილით, მიუბარებია მარიამის სული უფალს წუხელო…

მართლა გულით ტიროდნენ და წუხდნენ მეზობლები, რომელთა იმედი მარიამსაც გულით ჰქონდა სიცოცხლეში…
უკვალოდ არასოდეს ქრებიან კეთილი ადამიანები… სანამ ქალაქიდან ჩამოვიდოდნენ შვილები და შვილიშვლები, მეზობლებმა გარდაცვლილს წესი აუგეს და მარიამ ბებო იმ ოთახში დაასვენეს, სადაც სიცოცხლეში იშვიათ შედიოდა, რადგან მეორე სართულზე ასვლა არ შეეძლო.
ტიროდნენ შვილებიც, ერთმა შვილიშვილმა მღვდელიც მოიყვანა და ლოცვები წაუკითხა გარდაცვლილს…
მიაბარეს მიწას ბებო. ახლა ვერ გადაწყვიტათ სახლი ვისთვის მიებარებინათ, გასაღები – უფრო სწორად…
იმ ღამეს საშინლად წვიმდა… სახურავიდან წყალი ჩამოდიოდა, თითქოს ყველაფერი ერთად დაძველდა…
არაფერს ჰქონდა ძველებური სახე, შვილები დასევდიანდნენ, დედა აკლდა ყველა ოთახს, სახლს, ჰაერსც კი… და შეეშინდათ ასეთი სიცარიელის…
ჯერ ერთმა ჩაალაგა ბარგი მანქანაში, მერე – მეორემ, მესამემ 2 დღე მოიცადა და ბოლოს მანაც გადაწყვიტა ქალაქში დაბრუნება, ყველა ოთახის კარი ჩაკეტა… ბებოს ოთახს რომ მიადგა, ლოგინის ქვეშ პატარა ჩანთა შენიშნა, სწორედ ისეთი, ბებო რომ უგზავნიდათ ქალაქში…
გამოაჩოჩა და მაშინვე გახსნა – ჩვეულებრივი ძღვენი იყო, ქალაქში გასატნევად გამზადებული, ყველაფერი ამოალაგა და კიდევ რაღაცას დაუწყო ძებნა… იცოდა, რომ წერილი აუცილებლად იქნებოდა სადმე გამოკერებული… ნახა კიდეც.
სანამ გახსნიდა, სევდა შემოაწვა და გულში ჩაიკრა ქაღალდის დასტა… დიდხანს იდგა ასე, მერე გახსნა… წერილში ათასჯერ მაინც იყო გამეორებული ერთი სიტყვა: “მადლობა”. სამი გვერდის ბოლოს კი რამდენიმე წინადადება ეწერა: “შვილებო, ეს წერილი სათითაოდ წაუკითხეთ მეზობლებს, რომლებიც ჩემი შვილები იყვნენ 20 წლის განმავლობაში,მაღაზიის მეპატრონე გივიას, რომელიც ყოველ ჯერზე მჩუქნიდა ჩანთას, რომელიც ქალაქში უნდა გამომეგზავნა თქვენთვის. მურას, რომელიც წლების განმავლობაში ჩემი ერთადერთი ოჯახის წევრი იყო… და ამ სახლის გასაღები კარგად შეინახეთ, რათა სიბერეში თქვენც ჩემსავით გამოგადგეთ… ეს ბოლო ძღვენია ჩემგან… მეტი ჩანთის გადაგდება აღარ მოგიწევთ, შვილო”…
ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ძალიან წვიმდა…სახლის ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა… გაბზარულ კედლებს ჰგავდა მაშინ უმცროსი შვილის სხეული, სინდისის წვეთები რომ წვეთავდა…
ანა ლაშხელი-ონიანი

 

წყარო: mshoblebi.ge

loading...

მსგავსი სტატიები