გაკვეთილი, რომელიც ყველამ უნდა ისწავლოს

Loading...

ერთხელ ისტორიის მასწავლებელი მეორე მსოფლიო ომს ხსნიდა. ამ დროს ერთერთმა სტუდენტმა მეტად საინტერესო კითხვა დასვა: – როგორ მოახერხა სრულიად ჩვეულებრივმა სახელმწიფომ, რამდენიმე წელში მსოფლიო ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყება და მასიური გენოციდის ორგანიზება?

მასწავლებელმა პირობა მისცა, რომ აუცილებლად უპასუხებდა შეკითხვას. პასუხის გასაცემად ერთი კვირა ითხოვა.

ორშაბათს, მასწავლებელი შევიდა კლასში და მოსწავლეებს უთხრა სიტყვა “დისციპლინა“. მან სთხოვა მოსწავლეებს კონცენტრირება მოეხდინათ და ყურადღებით მოესმინათ მისთვის. მასწავლებელმა ფეხზე წამოაყენა ყველა და მოსთხოვა გამართულ პოზაში დამსხდარიყვნენ. კლასში ბუზის გაფრენის ხმა ისმოდა. შემდეგ რამდენიმეჯერ გაიყვანა კლასიდან და სთხოვა რაც შეიძლება ჩუმად და ორგანიზებულად შემოსულიყვნენ კლასში და დამსხდარიყვნენ თავიანთ ადგილებზე.

შემდეგ მასწავლებელმა გააგრძელა ლექცია. ყველა ყურადღებით უსმენა, ისინიც კი, ვინც ადრე უყურადღებოდ იყვნენ ხოლმე.

სამშაბათს, როდესაც მასწავლებელი კლასში შევიდა, საოცრად გაკვირვებული დარჩა. ყველა თავის ადგილას იჯდა, ჩუმად, წელში გამართული და უცდიდა მასწავლებელს. წინა დღის გაკვეთილი კარგად აეთვისებინათ.

მასწავლებელმა სამშაბათის ლექციის კითხვა დაიწყო და ახსენა სიტყვა “ერთობა“. მან სთხოვა ბავშვებს ერთდროულად და ხმამაღლა წარმოეთქვათ დევიზი _ “სიძლიერე დისციპლინაშია, სიძლიერე ერთობაშია.” ლექცია მან ნაცისტური მისალმებით დაასრულა.

მომდევნო დღეს რამდენიმე მოსწავლე შეუერთდა ექსპერიმენტს სხვა კლასიდან. მასწავლებელმა დაამზადა სამკლაურები, გადასცა ორ მოსწავლეს და დაავალა კლასში წესრიგის დამყარება. “რჩეულებმა” 20_მდე მოსწავლე გამოიჭირეს წესრიგის დარღვევაში.

ერთ-ერთმა მოსწავლემ მასწავლებლის პირადი მცველის როლიც მოირგო.

ხუთშაბათიც საინტერესოდ დაიწყო. მასწავლებელმა მოსწავლეებს ლექცია სიამაყეზე წაუკითხა. მან უთხრა, რომ სიამაყე ყველაფერზე მაღლა დგას. სიამაყეს ვერავინ წაგართმევს. რას ნიშნავს იყო ამაყი? აცნობიერებდე რომ ხარ საუკეთესო.

შემდეგ მასწავლებელმა საიდუმლო გაუმხილა მოსწავლეებს. მან თქვა, რომ ქვეყანაში მოქმედებდა საიდუმლო ორგანიზაცია, რომლის მიზანიც ყვეყნის პოლიტიკის შეცვლა იყო. მასწავლებელმა აუხსნა მოსწავლეებს, რომ ისინი რჩეულები არიან და შემთხვევით არ დაუწყია ექსპერიმენტი.

მოსწავლეები აღფრთოვანდნენ. სულ უფრო ხმამაღლა გაიძახოდნენ დევიზს “სიძლიერე დისციპლინაშია, სიძლიერე ერთობაშია.”

ბოლოს მასწავლებელმა თქვა, რომ პარასკევს მათ მთელი ქვეყანა ტელევიზიით იხილავდა.

პარასკევს ორასი მოსწავლე მივიდა კლასში. ყველა ელოდა, რომ აუდიტორია ჟურნალისტებით იქნებოდა სავსე, მაგრამ მასწავლებლის მეტი არავინ იყო.

მასწავლებელმა ექსპერიმენტის ბოლო ლექცია დაიწყო. მან უთხრა მოსწავლეებს, რომ არანაირი ახალი მოძრაობა არ არსებობდა და ყველაფერი სიცრუე იყო _ “მისმინეთ ყურადღებით! არანაირი ახალი ძალა არ არსებობს! მე თქვენ მოგატყუეთ, თავს მოგახვიეთ თქვენივე ამბიციები და დაგაჯერეთ რომ რჩეულები ხართ. თქვენც დაიჯერეთ და გაეხვიეთ ამ გაუგებრობაში. თქვენ არ ხართ არაფრით განსხვავებული გერმანელებისგან, ისინიც თავს რჩეულებად თვლიდნენ. იმდენად მოგახვიეთ თავს ჩემი აზრები, რომ მართლაც დაიჯერეთ თქვენი განსაკუთრებულობა და იფიქრეთ, რომ თქვენ უკეთესები ხართ ვიდრე ის მოსწავლეები, რომლებიც არ შემოგვიერთდნენ და კლასის მიღმა დარჩნენ. თქვენ უღალატეთ თქვენს პრინციპებს და ძალაუფლების სანაცვლოდ მზად იყავით გაგეწირათ ყველა და ყველაფერი.”

ყველა გაოცებული იყო. არავინ ელოდა მსგავს დასასრულს. ჯერ კიდევ ვერ გაეთვიცნობიერებინათ რეალობა და უჭირდათ მასთან შეგუება. ისინი ხომ უკვე თავს ქვეყნის ბატონ-პატრონებად თვლიდნენ.  დასასრულს მასწავლებელმა მოსწავლეებს დოკუმენტური ფილმი აჩვენა, სადაც ნათლად ჩანდა რა შედეგით შეიძლება დასრულდეს რეალობას აცდენილი ადამიანის ცხოვრება, იმ ადამიანის, რომელიც გადააბიჯებს ადამიანურ ღირებულებებს და თავისივე შექმნილი ილუზიის რეალიზებას მოისურვებს.

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები