დარჩი მშიერი, დარჩი სულელი – სტივ ჯობსის სამი ისტორია!

steve-jobs-tribute-feeldesain-021
Loading...

სიტყვა, რომლითაც “Apple”-ისა და “Pixar”-ის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, სტივ ჯობსმა, მიმართა სტენფორდის უნივერსიტეტის 2005 წლის კურსდამთავრებულებს. ეს გამოსვლა მალე გახდა პოპულარული და იქცა ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოტივატორად.

– მე მეამაყება, რომ დღეს თქვენთან ვარ, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტის მიერ ხარისხის მინიჭების დღეს. სიმართლე რომ გითხრათ, უნივერსიტეტი არასდროს დამიმთავრებია. დღეს ყველაზე მეტად მივუახლოვდი ამ ხარისხს. დღეს მინდა გიამბოთ სამი ისტორია ჩემი ცხოვრებიდან. მეტი არაფერი, უბრალოდ სამი ამბავი.

პირველი ისტორია ეხება წერტილების შეერთებას. რიდის უნივერსიტეტში სწავლას თავი დავანებე პირველი 6 თვის შემდეგ, თუმცა კიდევ 18 თვე ვიყავი, სანამ საბოლოოდ გამოვიდოდი. რატომ გამოვედი?

ეს ამბავი ჩემს დაბადებამდე დაიწყო. ჩემი ბიოლოგიური დედა ახალგაზრდა, დაუქორწინებელი, უნივერსიტეტის კურსდამთავრებული სტუდენტი იყო. მან ჩემი გაშვილება გადაწყვიტა. მისი სურვილი იყო, განათლებულ ადამიანებს ვეშვილე. ყველაფერი გადაწყდა, მე დაბადებისთანავე მიშვილებდნენ ადვოკატი და მისი ცოლი. მაგრამ როცა დავიბადე, აღმოჩნდა, რომ მათ გოგონა სურდათ. ასე რომ ჩემს მშობლებს, რომლებიც მომლოდინეთა სიაში იყვნენ, შუაღამით დაურეკეს და ჰკითხეს: “მოულოდნელად ბიჭი გაჩნდა, გსურთ მისი აყვანა?” მათ უპასუხეს: “რა თქმა უნდა.” ჩემმა ბიოლოგიურმა დედამ მოგვიანებით აღმოაჩინა, რომ დედაჩემს არასდროს დაემთავრებინა უნივერსიტეტი, ხოლო მამაჩემს სკოლის დამამთავრებელ კლასებშიც არ ევლო. ამიტომ საბუთებზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შეარბილა მოთხოვნები, როცა ჩემმა მშობლებმა პირობა მისცეს, რომ განათლებას მივიღებდი. ეს ჩემი ცხოვრების დასაწყისი იყო.

17 წლის შემდეგ მე სტუდენტი გავხდი. მაგრამ მიამიტად ავირჩიე ის სასწავლებელი, რომელიც თითქმის ისეთივე ძვირი იყო, როგორც სტენფორდი. ჩემი მშობლების მთელი დანაზოგი ჩემს სწავლაზე იხარჯებოდა. 6 თვის შემდეგ ჩემთვის ეს ფასეული აღარ იყო. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა ჩემი ცხოვრებისთვის და არც ის ვიცოდი, სწავლა როგორ დამეხმარებოდა ამაში. და მე ვხარჯავდი იმ ფულს, რომელსაც ჩემი მშობლები მთელი ცხოვრება ზოგავდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, გამოვსულიყავი უნივერსიტეტიდან და იმედი მქონოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. იმ მომენტში ძალიან მეშინოდა, მაგრამ ახლა რომ ვიხსენებ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში მიღებული ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება. მაშინვე შევწყვიტე იმის სწავლა, რაც არ მაინტერესებდა. სამაგიეროდ მივაშურე იმას, რაც უფრო მეტად მიზიდავდა.

ყველაფერი არ წარმართულა რომანტიკულად – მე არ მქონდა საძინებელი ოთახი, ამიტომ მეგობრების ოთახებში მეძინა. ვაბარებდი კოკა-კოლას ბოთლებს 5 ცენტად, რომ საჭმელი მეყიდა. ყოველ კვირა საღამოს 11 კმ-ს გავდიოდი, რათა კვირაში ერთხელ მაინც კარგად მევახშმა ჰარი კრიშნას ტაძარში. ის, რაც შემემთხვეოდა ჩემი ცნობისმოყვარეობისა და ინტუიციის გამო, მოგვიანებით ფასდაუდებელი აღმოჩნდებოდა ხოლმე. ნება მომეცით, მაგალითი მოვიყვანო.

იმ დროს რიდის კოლეჯში თითქმის საუკეთესოდ ასწავლიდნენ კალიგრაფიას. უნივერსიტეტის ტერიტორიაზე ყოველი აფიშა და ყოველი ეტიკეტი გაფორმებული იყო ლამაზი ხელნაწერით. მე წამოსული ვიყავი და ჩვეულებრივ ვერ დავესწრებოდი ლექციებს, ამიტომ კალიგრაფიის კურსებზე სიარული გადავწყვიტე, რათა კარგად შემესწავლა. ვისწავლე Serif და San serif სტილი, რამხელა დაშორება უნდა ყოფილიყო სხვადასხვა კომბინაციებს შორის, თუ რა აქცევს დიდებულ კალიგრაფიას დიდებულად. ამან მე მომხიბლა.

წესით არცერთ მათგანს არ უნდა ჰქონოდა პრაქტიკული გამოყენება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ 10 წლის შემდეგ, როცა ვმუშაობდით “მაკინტოშის” პირველი კომპიუტერის დიზაინზე, ეს ყველაფერი გამომადგა. გამოვიყენეთ “მაკინტოშში” და ვაქციეთ პირველ კომპიუტერად, რომელსაც ლამაზი კალიგრაფია ჰქონდა. მე რომ არასდროს გამევლო ეს კურსი, “მაკინტოშს” არ ექნებოდა მრავალგვარი ფონტი. და გამომდინარე იქიდან, რომ “ვინდოუსმა” უბრალოდ გადაიწერა ისინი, არც სხვა პერსონალურ კომპიუტერებს ექნებოდათ. მე რომ უნივერსიტეტიდან არ წამოვსულიყავი, არ შევიდოდი კალიგრაფიის კურსზე და პერსონალური კომპიუტერები ალბათ ამ საოცარი კალიგრაფიის გარეშე დარჩებოდნენ. ცხადია, წერტილების დაკავშირება შეუძლებელი ჩანდა მაშინ, როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მაგრამ ძალიან ნათელი იყო 10 წლის შემდეგ, როცა უკან ვიყურებოდი.

ისევ და ისევ, ვერ დააკავშირებთ წერტილებს, თუკი იყურებით წინ. მათი დაკავშირება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა უკან იყურებით. ამიტომ უნდა დაიჯეროთ, რომ წერტილები როგორღაც შეერთდებიან თქვენს მომავალში. საამისოდ რაღაცის უნდა გჯეროდეთ – თქვენი ნებისყოფის, ბედისწერის, ცხოვრების, კარმის ან რაც გინდათ, იმის. რადგან როცა წერტილების შეერთების გჯერათ, ეს მოგცემთ გამბედაობას, გზაზე სიარულისას მიყვეთ თქვენს გულს, გინდაც გიბიძგებდეთ გაცვეთილი ბილიკისკენ და ყველაფერს სხვაგვარად აქცევს.

ჩემი მეორე ისტორია ეხება სიყვარულსა და დანაკარგს. მე იღბლიანი ვიყავი – ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ვიპოვე ის, რისი კეთებაც მსიამოვნებდა. მე და ვოზმა (Steve Wozniak) “ეფლზე” მუშაობა ჩემი მშობლების ფარეხში დავიწყეთ, როცა მე 20 წლის ვიყავი. ვმუშაობდით ბეჯითად და 10 წელიწადში “ეფლი” ჩვენ ორიდან გაიზარდა 2 მილიარდი დოლარის ღირებულების კომპანიამდე, რომელსაც 4000-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავდა. 1 წლით ადრე გამოშვებული გვქონდა ყველაზე შესანიშნავი ქმნილება – მაკინტოში, მე კი სულ 30 წლის ვიყავი. შემდეგ დამითხოვეს. როგორ შეიძლება დაგითხოვონ იმ კომპანიიდან, რომელსაც შენ ჩაუყარე საფუძველი? როცა “ეფლი” გაიზარდა, დავიქირავეთ ადამიანი, რომელიც, ჩემი აზრით, იყო ძალიან ნიჭიერი, რათა ერთად გვემართა კომპანია. დაახლოებით 1 წლის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა. შემდეგ გაიყო ჩვენი შეხედულებები მომავლის გეგმებზე და კამათი მოგვივიდა. დირექტორთა საბჭო მას მიემხრო, ამიტომ 30 წლის ასაკში გამათავისუფლეს. ის, რაც ჩემი ახალგაზრდობის ყურადღების ობიექტი იყო, დავკარგე. ყველაფერი განადგურდა.

რამდენიმე თვის განმავლობაში არ ვიცოდი, რა მექნა. თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს კვერთხი გამივარდა მაშინ, როცა გადმომაწოდეს. შემდეგ შევხვდი დევიდ პაკარდსა და ბობ ნოისს და ბოდიში მოვუხადე. ეს დიდი მარცხი იყო და გაქცევაზეც კი ვფიქრობდი. შემდეგ ნელ-ნელა გონება გამინათდა – მე ისევ მიყვარდა ის, რასაც ვაკეთებდი. “ეფლში” მომხდარ მოვლენებს ეს ოდნავადაც არ შეეცვალათ. მე უარმყვეს, მაგრამ სიყვარული ისევ დარჩა ჩემში. ამიტომ გადავწყვიტე, ხელახლა დამეწყო.

მაშინ სხვანაირად ჩანდა, მაგრამ შემდგომში აღმოჩნდა, რომ “ეფლიდან” გათავისუფლება საუკეთესო რამ იყო, რაც კი შეიძლებოდა დამმართნოდა. წარმატების სიმძიმე შეიცვალა ისევ დამწყებად ყოფნის სიმარტივით, რასაც მოსდევდა ყველაფრის მიმართ ნაკლები ნდობა. ეს წარმიძღვა მე ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე შემოქმედებითი პერიოდისკენ.

შემდეგი 5 წლის განმავლობაში დავიწყე მუშაობა ახალ კომპანიაზე, რომელსაც ერქვა “NeXT”, სხვა კომპანიაზე, სახელად “Pixar” და შემიყვარდა საოცარი ადამიანი, რომელიც შემდეგ ჩემი ცოლი გახდა. “პიქსარმა” შექმნა მსოფლიოში პირველი კომპიუტერული ანიმაციური ფილმი, სახელად “Toy Story”. დღეს კი ყველაზე წარმატებული ანიმაციური ფილმების სტუდიაა. მოვლენების შესანიშნავად შემობრუნების შედეგად “ეფლმა” შეიძინა “ნექსთი”, მე კი “ეფლში” დავბრუნდი. ტექნოლოგია, რომელიც განვითარდა “ნექსთში”, წარმოადგენს “ეფლის” ამჟამინდელი რენესანსის ბირთვს. მე და ლორენმა კი საოცარი ოჯახი შევქმენით.

დარწმუნებული ვარ, ეს ამბები არ მოხდებოდა, “ეფლიდან” რომ არ გავეთავისუფლებინე. ეს მწარე წამალი იყო, მაგრამ პაციენტს სჭირდებოდა. ზოგჯერ ცხოვრება თავში აგურს გირტყამს, მაგრამ რწმენა არ დაკარგოთ. მჯერა, რომ ერთადერთი, რაც წინსვლაში მეხმარებოდა, იყო ის, რომ მიყვარდა ის საქმე, რასაც ვაკეთებდი. იპოვეთ ის, რაც გიყვართ. ეს ეხება თქვენს სამსახურსაც და საყვარელ ადამიანსაც. სამუშაო თქვენი ცხოვრების დიდ ადგილს იკავებს. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ სავსებით დაკმაყოფილდეთ, არის ის, რომ აკეთოთ, რაც დიდ საქმედ მიგაჩნიათ. დიდი საქმის კეთების ერთადერთი გზა კი ისაა, რომ გიყვარდეთ, რასაც აკეთებთ. თუ ჯერ კიდევ არ გიპოვიათ ასეთი რამ, განაგრძეთ ძებნა და არ მოდუნდეთ. როცა მას იპოვით, მთელი გულით შეიგრძნობთ. ასევე ნებისმიერი დიდი ურთიერთობა მხოლოდ უმჯობესდება წლების გასვლასთან ერთად. ასე რომ განაგრძეთ ძებნა და არ მოდუნდეთ.

ჩემი მესამე ისტორია სიკვდილზეა. 17 წლის რომ ვიყავი, დაახლოებით ასეთი ციტატა წავიკითხე: “თუკი ყოველდღე ისე იცხოვრებ, თითქოს ბოლო დღეა, ოდესმე მართალი აღმოჩნდები.” ამან ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა. მას შემდეგ, ბოლო 33 წელია, ყოველ დილას ვიხედები სარკეში და ჩემ თავს ვეკითხები: “დღეს რომ ჩემი ცხოვრების ბოლო დღე იყოს, გავაკეთებდი იმას, რის გაკეთებასაც ვაპირებ?” როცა მიყოლებით რამდენიმე დღის განმავლობაში პასუხი არის “არა”, ე.ი. რაღაცა უნდა შევცვალო.

ფიქრი იმაზე, რომ მალე ცოცხალი აღარ ვიქნები, აღმოჩნდა ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, რაც კი ოდესმე მქონია ცხოვრებაში დიდი გადაწყვეტილებების მისაღებად. რადგანაც თითქმის ყველაფერი – მომავლის პერსპექტივები, სიამაყე, მარცხის ან დაბრკოლების შიში – მნიშვნელობას კარგავს სიკვდილის საფრთხის წინაშე. რჩება მხოლოდ ის, რაც მართლაც მნიშვნელოვანია. გახსენება იმისა, რომ მალე მოკვდები, ჩემთვის ცნობილი საუკეთესო გზაა, აღარ იფიქრო, რომ შეიძლება რაღაც დაკარგო. შენ უკვე შიშველი ხარ. არ გაქვს მიზეზი, რომ არ მიყვე გულს.

1 წლის წინ კიბოს დიაგნოზი დამისვეს. დილის 7:30 სთ-ზე გამიკეთეს სკანირება, რომელმაც ნათლად აჩვენა სიმსივნე პანკრეასში. მაშინ არც კი ვიცოდი, პანკრეასი რა იყო. ექიმებმა მითხრეს, რომ ეს იმ ტიპის სიმსივნე იყო, რომელიც თითქმის არ იკურნებოდა, ამიტომ 3-დან 6 თვემდე სიცოცხლე მქონდა დარჩენილი. ჩემმა ექიმმა მირჩია, სახლში წავსულიყავი და საქმეები მომეგვარებინა, რაც ექიმის შიფრია სიკვდილისთვის მოსამზადებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ შვილებს რამდენიმე თვეში უნდა უთხრა ის, რის თქმასაც შემდეგი 10 წლის მანძილზე აპირებდი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველაფერი კარგად უნდა დაალაგო, რათა შენი ოჯახისთვის იყოს იმდენად ადვილი, რამდენადაც შესაძლებელია. ეს ნიშნავს იმას, რომ უნდა დაემშვიდობო მათ.

მთელი დღე ამ დიაგნოზით გავატარე, საღამოს კი ბიოფსია ჩამიტარეს, რომლის დროსაც ყელიდან მუცელსა და კუჭ-ნაწლავში ენდოსკოპი ჩაუშვეს, მივიდნენ პანკრეასამდე და სიმსივნიდან უჯრედები აიღეს. მე მშვიდად ვიყავი, ხოლო ჩემმა ცოლმა, რომელიც იქვე იდგა, მოგვიანებით მითხრა, რომ როცა ექიმებმა მიკროსკოპში უჯრედები იხილეს, აღმოჩნდა, რომ ეს იყო პანკრეასის კიბოს ძალიან იშვიათი ფორმა, რომლისგან განკურნებაც ქირურგიული ჩარევით შეიძლებოდა. ოპერაცია ჩამიტარეს და საბედნიეროდ, ახლა მშვენივრად ვარ.

ეს იყო მომენტი, რომლის დროსაც ყველაზე ახლოს ვიყავი სიკვდილთან და ვიმედოვნებ, ასეთადვე დარჩება მომდევნო რამდენიმე ათწლეულის მანძილზე. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ: არავის სურს სიკვდილი. იმ ადამიანებსაც კი, რომლებსაც სამოთხეში უნდათ მოხვედრა, არ სურთ სიკვდილი იქ მოსახვედრად. და მაინც, სიკვდილი არის დანიშნულების ადგილი, რომელიც საერთოა ყველა ჩვენგანისთვის. მას ვერასდროს ვერავინ გაქცევია და ასეც უნდა იყოს, რადგან სიკვდილი სიცოცხლის საუკეთესო გამოგონებაა. ის სიცოცხლის ცვლილების მიზეზია. ის ასუფთავებს გზას ძველებისგან, რათა დაუთმოს ახლებს. ამ მომენტში ახლები თქვენ ხართ. მაგრამ ოდესმე, არც ისე დიდი ხნის შემდეგ, თქვენ იქცევით ძველად და მოგიშორებენ. მაპატიეთ დრამატულობისთვის, მაგრამ ეს სრული სიმართლეა.

თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ გაფანტავთ მას სხვისი ცხოვრებით. ნუ შეგიპყრობთ დოგმა, რომელიც სხვა ხალხის აზრებით ცოცხლობს. ნუ მისცემთ უფლებას სხვების აზრების ხმაურს, გადაფაროს თქვენი შინაგანი ხმა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გქონდეთ გამბედაობა, რათა მიყვეთ თქვენს გულსა და ინტუიციას. მათ საიდანღაც უკვე იციან, რა გინდათ, სინამდვილეში რომ იყოთ. ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია.

ჩემს ახალგაზრდობაში გამოდიოდა საოცარი პუბლიკაცია სახელად “The Whole Earth Catalog”, რომელიც ჩემი თაობის ერთ-ერთ ბიბლიას წარმოადგენდა. მისი შემქმნელი იყო სტიუარტ ბრენდი, რომელმაც ამ გამოცემას პოეტური გრძნობებით ჩაჰბერა სიცოცხლე. ეს იყო გვიან 60-იანებში, სანამ პერსონალური კომპიუტერები და დესკტოპები გამოვიდოდა. ასე რომ ყველაფერი კეთდებოდა საბეჭდი მანქანით და პოლაროიდის კამერებით. ეს პუბლიკაცია რბილყდიანი “გუგლის” მსგავსი იყო – 35 წლით ადრე, ვიდრე “გუგლი” დაარსდებოდა: იდეალისტური და სავსე, მარჯვე იარაღებითა და დიდი იდეებით.

სტიუარტმა და მისმა გუნდმა “The Whole Earth Catalog”-ის რამდენიმე გამოცემა გააკეთეს და როცა თავისი თავი ამოწურა, ბოლო პუბლიკაცია გამოუშვეს. ეს იყო შუა 70-იანებში და მე თქვენხელა ვიყავი. ბოლო გამოცემის უკანა ყდაზე სოფლის გზის დილით გადაღებული ფოტო იყო. ისეთი, როგორსაც მაშინ გაივლით, როცა თავგადასავლების საძიებლად ხართ წასული ლაშქრობაზე. მის ქვემოთ ასეთი სიტყვები იყო: “დარჩი მშიერი, დარჩი სულელი.” ეს იყო მათი დასამშვიდობებელი გზავნილი წასვლის წინ. დარჩი მშიერი, დარჩი სულელი. მე ამას ყოველთვის ვნატრობდი ჩემთვის. და ახლა, როცა ამთავრებთ უნივერსიტეტს, რათა ახალი ცხოვრება დაიწყოთ, თქვენც იმავეს გისურვებთ.

დარჩით მშიერი, დარჩით სულელი. 

ჟურნალი ბიზნესი

loading...

მსგავსი სტატიები