დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია

Loading...

დედავ ღვთისაო! ეს ქვეყანა შენი ხვედრია…
შენს მეოხებას ნუ მოაკლებ ამ ტანჯულს ხალხსა;
საღმრთოდ მიიღე სისხლი, რომელ ამ ხალხს უღვრია,
ჩაგრულთ სასოო, ნუ არიდებ მოწყალე თვალსა!
რაცა ტანჯულა ეს ქვეყანა, ტანჯვად ეყოფა,
მოეცი ძალი დავრდომილსა კვლავ აღდგომისა,
სახელოვანი განუახლე წარსულთ დღეთ ყოფა,
მამა-პაპური სული, გული მოჰმადლე შვილსა.
ძლიერო ღმერთო! შენთვის ბრძოდნენ ქართვლისა ძენი,
დასაბამითვე არ იციან — რა არს მშვიდობა,
იკმარე საღმრთოდ მათ პატიჟნი და სისხლის ძღვენი,
თუ რამ შეგცოდეს, — შეისყიდეს ტანჯვით შენდობა.
მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული
და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!..
ჰოი, სახიერო! ცისარტყელა განავლე ცასა,
რათა წარღვნისა მოლოდინი წარხოცო ხალხსა!..

ილია ჭავჭავაძე

loading...

მსგავსი სტატიები