დიაბეტი – 21_ე საუკუნის საშიში დაავადება

Loading...

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 4% დიაბეტით არის დაავადებული. აღნიშნული მონაცემი ყოველწლიურად იზრდება და მალე, დიაბეტი ეპიდემიის სახეს მიიღებს. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი დაავადების დამარცხებაა შესაძლებელი ადრეული დიაგნოზის და მკურნალობის შემთხვევაში. დიაბეტიც მათ შორის არის.

რა არის დიაბეტი?

დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, რის შედეგადაც სისხლში იმატებს შაქრის (გლუკოზის) დონე. გლუკოზა ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით. მისი ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი.

დიაბეტის ტიპები

პრედიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურზე მაღალიაა, მაგრამ არც ისე მაღალი, რომ დიაბეტის კატეგორიას მიეკუთვნოს. პრედიაბეტის მქონედ ითვლება ადამიანი, რომელსაც სისხლში გლუკოზის დონე უზმოზე 101-დან 126 მგ/დცლ-ს შეადგენს ან სისხლში მათი გლუკოზის დონე გლუკოზა-ტოლერანტობის ტესტის ჩატარებიდან ორ საათში 140-დან 200 მგ/დცლ-მდე მერყეობს. პრედიაბეტის მქონე ადამიანების გამოვლენა მნიშვნელოვანია, რადგან მათი მდგომარეობა მომავალი დიაბეტის და ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცველია. დიეტისა და ვარჯიშის საშუალებით სხეულის წონის 5%-დან 10%-მდე დაკლებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მომავალში დიაბეტის განვითარების რისკი.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის (ინსულინ-დამოკიდებული ან იუვენილური) შემთხვევაში ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს პანკრეასის ინსულინის გამომმუშავებელ უჯრედებს და ანადგურებს მათ. შესაბამისად, პანკრეასი გამოიმუშავებს ან მცირე ოდენობით ინსულინს ან საერთოდ არ გამოიმუშავებს მას. დიაბეტით დაავადებულთა მხოლოდ 10%-ია ტიპი 1-ის მატარებელი. ტიპი 1 დიაბეტის მქონეთა უმეტესობას დაავადება 30 წლამდე უვითარდება, თუმცა მისი განვითარება შეიძლება უფრო ზრდასრულ ასაკშიც მოხდეს.

მეცნიერთა აზრით, გარემო ფაქტორები, ვირუსული ინფექციები ან საკვების ფაქტორები ბავშვებში ან ადრეულ სრულწლოვანებამდე იწვევს იმუნური სისტემის მიერ პანკრეასის ინსულინის გამომმუშავებელი უჯრედების განადგურებას.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის (ინსულინ-არადამოკიდებული დიაბეტი ან მოზრდილთა დიაბეტი) შემთხვევაში პანკრეასი განაგრძობს ინსულინის გამომუშავებას, ზოგჯერ ნორმალურზე მაღალ დონეზეც კი. თუმცა, ორგანიზმი ავითარებს რეზისტენტობას ინსულინის მოქმედების მიმართ, აქედან გამომდინარე გამომუშავებული ინსულინის ოდენობა ორგანიზმის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.

ტიპი 2 შაქრიანმა დიაბეტმა ბავშვებსა და მოზარდებში, ბოლო პერიოდში უფრო გავრცელებული სახე მიიღო. თუმცა, როგორც წესი, იგი ვითარდება 30 წელს გადაცილებულ ადამიანებში და ასაკთან ერთად ნელა პროგრესირებს. 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა დაახლოებით 27%-ს აქვს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. ამ ტიპის დიაბეტს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობის კომპონენტი, რის გამოც გვხვდება ოჯახური შემთხვევები.

სიმსუქნე, ტიპი 2 დიაბეტის განვითარების უმთავრესი რისკ-ფაქტორია. ამ დაავადების მქონე ადამიანთა 80%-დან 90%-მდე ჭარბწონიანია. ვინაიდან სიმსუქნე იწვევს ინსულინ რეზისტენტულობას, ჭარბწონიან ადამიანებს ჭირდებათ დიდი ოდენობით ინსულინი სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებისთვის.

დიაბეტის გამომწვევი შესაძლო მიზეზები:

  • ჭარბი წონა
  • ცხიმის სიჭარბე მუცლის მიდამოში (აბდომინალური სიმსუქნე)
  • ნაკლები აქტიურობა
  • ოჯახური ისტორია (მე-2 ტიპის დიაბეტი)
  • ასაკი (45 წლის ზემოთ იზრდება შემთხვევები)
  • პრედიაბეტი (სისხლში შაქრის დონის აწევა)
  • გესტაციური დიაბეტი
  • საკვერცხის პოლიკისტოზი

დიაბეტის სიმპტომები

ორივე ტიპის დიაბეტს ძალიან მსგავსი სიმპტომები ახასიათებს.

დიაბეტის პირველი სიმპტომები უკავშირდება გლუკოზის მაღალ დონეს და მოიცავს შემდეგს:

  • წყურვილის შეგრძნების გაძლიერება
  • შარდვის გახშირება
  • შიმშილის შეგრძნების გაძლიერება
  • მხედველობის დაბინდვა
  • ძილიანობა
  • გულისრევა
  • ადვილად დაღლა
  • წონაში დაკლება
  • ჭრილობების გაძნელებული შეხორცება
  • ხშირი ინფექციები
  • კანის ჰიპერპიგნებტაცია (გამუქება), განსაკუთრებით ნაკეცებში
  • მენსტრუალური ციკლის ცვლილება, ჭარბთმიანობა და სიმსუქნე

დიაბეტის გართულებები

დიაბეტი აზიანებს სისხლძარღვებს, იწვევს მათ შევიწროებას, რაც შესაბამისად ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას. გამომდინარე იქიდან, რომ სისხლძარღვები მთელს ორგანიზმში ზიანდება, დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში მთელი რიგი გართულებები შეიძლება გამოიწვიოს და დააზიანოს სხვადასხვა ორგანოები, განსაკუთრებით კი:

  • თავის ტვინი, რაც იწვევს ინსულტს
  • თვალები (დიაბეტური რეტინოპათია), რაც იწვევს სიბრმავეს
  • გული, რაც იწვევს მიუკარდიუმის ინფარქტს
  • თირკმელები (დიაბეტური ნეფროპათია), რაც იწვევს თირკმლის უკმარისობას
  • ნერვული სისტემა (პერიფერიული ნეიროპათია), რაც იწვევს ფეხებისა და ხელების მგრნობელობის დაქვეითებას.

დიაბეტის დიაგნოსტიკა

  • ენდოკრინოლოგის კონსულტაცია
  • სისხლში გლუკოზის დონის გაზომვა
  • ცილების, ჰემოგლობინ A1c-ის დონის განსაზღვრა სისხლში (რომელსაც ასევე ეწოდება გლუკოზირებული ჰემოგლობინი)
  • ორალური გლუკოზა-ტოლერანტობის ტესტი

როგორც ხედავთ, დიბეტი ძალიან საშიში დაავადებაა. ამიტომ თუ გაქვთ ნიშნები, დროულად მოახდინეთ რეაგირება და დაიცავით ორგანიზმი. ამ სტატიის გაზიარებით კი, თქვენს მეგობრებსაც გააცნობთ ძალიან საჭირო ინფორმაციას.

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები