ოთარ ჭილაძის 10 მცნება

Loading...

1. ადამიანი სინდისია. სინდისის გარდა, რაც უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება. სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე ადამიანის სულია, ანუ სული იგივე სინდისია. აქედან დასკვნა: თუკი რამე ყოფილა, სინდისი ყოფილა უკვდავი.


2. მასუნთქეთ ჩემი სამშობლოს სურნელი. ხურდა არ მინდა. სიცოცხლეს ვიხდი მთლიანად. რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს ჩვენს დროში, სამშობლოს სურნელს ვერ გაყიდი. სამშობლო იყიდება მისი სურნელი კი არა.სურნელი მაინც აქ რჩება, გამოცარიელებულ სივრცეში, ნასამშობლარზე…


3. სახლი მხოლოდ ის ადგილია, სადაც სხეული ეშვება სულის ღუზასავით.


4. მეტი არც არაფერია ოჯახი. მიუხედავად უსიტყვო შეთანხმებისა, ანდა, სწორედ უსიტყვო შეთანხმების გამო, არავის არ უნდა და მაინც ყველას ხელს აძლევს ერთ ჭერქვეშ ცხოვრება.


5. სიყვარულიც თავისებური ომია, ომის და დაპირისპირების განსაკუთრებული სახეობაა, თუმცა ნებისმიერი ომისა და დაპირისპირებისგან განსხვავებით, აქ მხოლოდ ის იმარჯვებს, ვინც მარცხდება, ანუ, ვისაც დათმობის, გაგების, მიტევების მეტი უნარი აღმოაჩნდება; ამიტომაცაა ყველასთვის და ყოველთვის გაუგებარი. მაგრამ ამავე დროს მიმზიდველიცაა და ძლიერიც, სწორედ იმიტომ, სრულებითაც რომ არ ცდილობს, გასაგები გახდეს ვინმესთვის.


6. ადამიანი არასოდეს მარტო არ ცდება, მაგრამ, სამწუხაროდ, ყოველთვის მარტო აგებს პასუხს საერთო შეცდომებისთვის.


7. ბავშვებს ახლობლების უცილობელ სიყვარულში დარწმუნება ანიჭებთ ენით უთქმელ, უდიდეს სიამოვნებას. ისინი განუწყვეტლივ მოითხოვენ ამ სიყვარულის დადასტურებას და ყველაფერში ამ სიყვარულის აღმოჩენას ცდილობენ.


8. რაც უფრო ადრე განეწყობი სასიკვდილოდ, მით უკეთესი, მერე მშვიდად გაატარებ დარჩენილ დროს. თავიდანვე იმიტომ ეძლევა ადამიანს სიცოცხლე – სიკვდილისთვის რომ მოემზადოს. მოსამზადებელი დროა: როგორც მოწაფეებს ეძლევათ გარკვეული დრო ამა თუ იმ საგნის მოსამზადებლად. თუ დროში ვერ ჩაეტიე, ჩაიჭრები, – ანუ ღირსეულად ვერ მოკვდები, გამაიმუნდები.


9. ადამიანი თავად არის საკუთარი თავის მტერი, იმიტომ რომ, მთელი სიცოცხლე გაორებულია, გაორებული კი არ არის, ყველაფერი ორი აქვს მომადლებული ბუნებისგან, არა მარტო ფეხი, ხელი, თვალი და ყური – ფიქრიც, მიზანიც, თვალსაზრისიც, სურვილიც… მდინარესავით ორ ნაპირს შორის მიედინება გაჩენის დღიდან, და აქამდე არ იცის, ვერ დაუდგენია, რომელი ურჩევნია, რომელ ნაპირს მიეტმასნოს, რომელს მიეხეთქოს მთელი ძალით, რომელს მიეფეროს და რომელს გაულაწუნოს მღვრიე ტალღა სილასავით.


10. თითოეულ დღეს სიგრძეზე მეტი სიღრმე აქვს, რომელიც შეიძლება წელიწადსაც კი გაუტოლდეს… ყველას ვუსურვებ, იპოვოს სიცოცხლის არსი, გეცხოვროთ ღირსეული და ლამაზი ცხოვრებით…

Loading...
loading...

მსგავსი სტატიები