საიდუმლო, რომელიც ყველა მდიდარმა და წარმატებულმა ადამიანმა იცის

Loading...

„მადლიერების დღეს, ერთ–ერთ ამერიკულ გაზეთში, მოთხრობილი იყო მასწავლებელ ქალზე, რომელმაც ბავშვებს სთხოვა დაეხატათ ფურცელზე ის, ვინც ან რაც მათში იწვევდა მადლიერების გრძნობას.

სანამ ბავშვები ხატავდნენ, მასწავლებელი დამწუხრებული ფიქრობდა იმაზე, თუ რა ცოტა მიზეზი გააჩნიათ ამ ბავშვებს უღარიბესი ოჯახებიდან იმისთვის, რომ იყვნენ მადლიერები.

მან იცოდა, რომ ბავშვების უმრავლესობა დახატავდა რაიმე საკვებს და ცოტა არ იყოს შეცბუნდა, როცა დუგლასის მიწოდებულ ფურცელს დახედა, ფურცელზე ხელის მტევანი იყო გამოსახული.

მასწავლებელი

კლასი საგონებელში ჩააგდო ამ აბსტრაქტულმა ნახატმა.

– ეს ალბათ ღვთის ხელია, რომელიც საჭმელს გვაძლევს, – თქვა ერთმა.

– არა, ეს ფერმერის ხელია, – თქვა მეორემ – იმიტომ რომ მას მოჰყავს მოსავალი.

და ასე ყველა გაიძახოდა თავის ვერსიას.

ბოლოს, როცა კლასი დაწყნარდა, მასწავლებელმა ჰკითხა ბიჭს, თუ რა იყო ეს.

– ეს თქვენი ხელია, მასწავლებელო, – თქვა ჩუმად დუგლასმა.

და მასწავლებელს გაახსენდა თუ როგორ ჩასჭიდებდა ხოლმე ხანდახან, შესვენებების დროს, ხელს ამ პატარა, მუდამ მოწყენილ ბიჭუნას და მზრუნველად მიაცილებდა მას კლასამდე. ის ასე ექცეოდა ყველას, მაგრამ დუგლასისთვის ეს აღმოჩნდა ძალზე მნიშვნელოვანი.

მასწავლებელი სულით ხორცამდე შესძრა მადლიერების ამ ჟესტმა. შეიძლება ეს იყო საერთო მადლიერების გამოხატვა არა იმ მატერიალური სიკეთისთვის, რომელიც ჩვენ გვეძლევა, არამედ შესაძლებლობისთვის, გავცეთ თუნდაც მცირედი ნაწილი ჩვენი ადამიანური სითბოსი და სიყვარულისა…“

მადლიერება მაგიაა. ის არის ერთ–ერთი ყველაზე ძლევამოსილი ენერგია, რომელიც კი შეიძლება ადამიანმა შეიგრძნოს და რომელსაც შეუძლია შეცვალოს მთელი ცხოვრება, თუ მას სათანადოდ გამოვიყენებთ.

მადლიერება, ეს არის შესაძლებლობა დაამარცხო შენში და შენს გარშემო ყოველგვარი ნეგატივი, ბოროტება, და გააკეთო არჩევანი, სიკეთის, სიყვარულის, წარმატების, ბედნიერების სასარგებლოდ.

როცა შეგვიძლია ვიგრძნოთ ჭეშმარიტი მადლიერება, როცა ვსუნთქავთ მადლიერებით – ჩვენი ცხოვრება თითქოსდა რაღაც ჯადოქრობის ძალით იცვლება. ჩვენ ვხდებით უფრო ღია, გახსნილი და მზადმყოფი სიკეთის მისაღებად, ხოლო სამყარო კი იწყებს ამ სიკეთის უხვად გაცემას…

მაგრამ, როგორ ვიყენებთ ჩვენ ამ ენერგიას?

გამოვხატავთ მადლიერებას ჩვენი ჯანმრთელობისთვის, თუ ის მხოლოდ ავადმყოფობის დროს გვახსენდება?

ვართ მადლიერი ღრმა მშვიდი ძილისთვის, თუ ის მხოლოდ მაშინ გვახსებდება როცა უძილობა დაგვტანჯავს?

ვამჩნევთ თუნდაც, ვთქვათ შუქის არსებობას, როცა ის ანათებს, თუ მხოლოდ მაშინ გვახსენდება, როცა გამოირთვება?

თუ დააკვირდებით, ადამიანთა უმრავლესობა ყოველთვის წუწუნებს იმაზე, რაც არა აქვს ცხოვრებაში და არასდროს არ არის მადლიერი იმისთვის, რაც გააჩნია.

„ჩემი სამსახური არაფრად ვარგა; დაბალი ხელფასი მაქვს, არ მაქვს კარგი ჯანმრთელობა, საშინელი ცოლი ან ქმარი მყავს, შვილებმა არ გამიმართლეს“ და ა.შ.

ან კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მხარე – ჩვენი ახლობელი და ძვირაფსი ადამიანებისადმი მადლიერების გამოხატვის უნარი.

დეილ კარნეგი თავის ერთ–ერთ წიგნში ყვება ასეთ ნამდვილ ამბავს:

ერთმა ქალმა მინდვრის სამუშაოებიდან დაბრუნებულ, დაღლილ, მოშიებულ ქმარს და ვაჟებს ერთხელ მაგიდაზე საჭმლის ნაცვლად თივა (!) დაუდო.

–შენ რა, გაგიგჟდი ქალო?! – დაუყვირა მას ქმარმა. ვაჟები კი გაოცებისგან გაფართოებული თვალებით მიაჩერდნენ დედას.

– 20 წელია საუზმეს, სადილს და ვახშამს ვამზადებ და გაჭმევთ, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შეგიმჩნევიათ, რომ მაგიდაზე თივა არ იდო – უპასუხა ქალმა.

20 წელი არცერთ მათგანს თავში აზრადაც კი არ მოსვლია თუნდაც ერთხელ ეთქვა, თითქოსდა უბრალო, მაგრამ სინამდვილეში ჯადოსნური სიტყვა : „მადლობა“ მთელი ამ ხნის განმავლობაში ყველა თვლიდა რომ ქალი აკეთებდა იმას რაც უნდა გაეკეთებინა, ყველა ნორმალურ დიასახლისს და ამაში განსაკუთრებული არაფერია.

დავაკვირდეთ, როგორ გამოვხატავთ ჩვენ მადლიერებას მეუღლის, მშობლების, შვილების, უახლოესი ადამიანების მიერ ჩვენს მიმართ გამოვლენილი ყოველდღიური, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ყურადღების ნიშნებზე? ვღებულობთ მათ როგორც ჩვენს მიმართ გამოვლინებული სიყვარულის და მზრუნველობის ჟესტები და ვგრძნობთ მადლიერებას თუ აღვიქვამთ, როგორც თავისთავად კუთვნილი, ჩვეულებრივი ფაქტები?

შეიძლება ვიფიქროთ, როგორ ვიყო მადლიერი, როცა ირგვლივ ამდენი პრობლემა, ტკივილი, უმადურობაა?

მაგრამ საქმე იმაშია, რომ სწორედ მადლიერების არ არსებობის გამო გვექცევა ცხოვრება იმედგაცრუებად და ტანჯვად. ჩვენ გვავიწყდება, რომ ცხოვრება თავისთავად უკვე იმსახურებს მადლიერებას, რომ ყოველი ახალი დღე არის ახალი შანსი, შესაძლებლობლობა გავხდეთ უფრო ბედნიერი, ჯანმრთელი, წარმატებული.

დანიელ დეფო ამბობდა: „ყველა საყვედური იმაზე, რაც არ გვყოფნის ცხოვრებაში, გამოწვეულია უმადურობით იმის გამო, რაც გაგვაჩნია.“

ჩაატარეთ პატარა ექსპერიმენტი: სცადეთ მომდევნო 7 დღის განმავლობაში არავისზე და არაფერზე არ იწუწუნოთ, არ გამოხატოთ უკმაყოფილება. სცადეთ და თქვენ ნახავთ როგორ შეიცვლება თქვენს გარშემო ყველაფერი.

ცნობილი უკრაინელი სპეციალისტი, წარმატების ტრენერი და კოუჩი ნიკოლაი ლატანსკი ამბობს:

„როცა ჩვენ არ ვართ მადლიერები იმისთვის რაც გაგვაჩნია, ვიმყოფებით სიძუნწის მდგომარეობაში და კიდევ უფრო ვაძლიერებთ მას.

ხოლო, როცა ჩვენ ვიმყოფებით მადლიერების მდგომარეობაში, კეთილდღეობა ხდება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი

ეს კანონი კარგად იციან მდიდარმა და წარმატებულმა ადამიანებმა, მაგრამ მას ყურადღებას არ აქცევს ადამიანების უმრავლესობა და ამიტომაც არიან ისინი წარუმატებლები.

თუ თქვენ ახლა განიცდით ფინანსურ, მორალურ ან ემოციონალურ დაუკმაყოფილებლობას, მაშინ სწორედ რომ დროა ახლავე იგრძნოთ მადლიერება იმისთვის რაც უკვე გაქვთ, რასაც უკვე აკეთებთ, და რასაც წარმოადგენთ ამ ეტაპზე.

მუდმივად უნდა იცხოვროთ მადლიერების მდგომარეობაში და მაშინ თქვენი ცხოვრება იქცევა კეთილდღეობის სავანედ.“

მესმის, ძნელია იყო მადლიერი, როცა ირგვლივ ამდენი კრიტიკა, პრეტენზიები და უმადურობაა, მაგრამ სწორედ აქ უნდა ვიპოვით შინაგანი ძალა იმისთვის, რომ თანდათანობით, ნაბიჯნაბიჯ გამოვიმუშავოთ ჩვენში მადლიერების გრძნობის გამოხატვის უნარი.

სცადეთ კიდევ ერთი ექსპერიმენტი: როცა მოგდით კომუნალური გადასახადები, იგრძენით მადლიერება იმ კომპანიების მიმართ, ვინც გემსახურებათ, იფიქრეთ იმაზე, თუ რა მოხერხებულს ხდიან თქვენ ცხოვრებას ისინი რომ გაწვდიან ელექტროენერგიას, წყალს. შეგიძლიათ გადახდის ქვითარს დააწეროთ : „გმადლობთ, გადახდილია!“ და ისე შეინახოთ.

როცა იღებთ ხელფასს, გამოხატეთ მადლიერება. ადამიანთა უმრავლესობას არც კი უხარია ფულის მიღება, რადგან მაშინვე იმაზე იწყებს ფიქრს რომ ეს თანხა მას არაფრისთვის არ ეყოფა.

მას შემდეგ, რაც რეგულარულად დაიწყებთ მადლიერების გამოხატვას იმისთვის, რაც გაგაჩნიათ, თქვენ თანდათანობით აღმოაჩენთ სულ უფრო მეტ რამეს, რისთვისაც უნდა იყოთ მადლიერი. ეს კი თავის მხრივ თქვენს ყურადღებას მიმართავს სულ უფრო მეტი პოზიტიური მოვლენებისა და აზრებისაკენ. მადლიერი დამოკიდებულება ეს არის პოზიტიური დამოკიდებულება.

გახმაურებული ფილმის „საიდუმლოს“ (თჰე შეცრეტ) ავტორი რონდა ბერნი თავის ერთ–ერთ წიგნში ამბობს:

ყოველთვის, როცა განვიცდით მადლიერების გრძნობას, ჩვენ გავცემთ სიყვარულს, ხოლო რასაც გავცემთ აუცილებლად გვიბრუნდება უკან.

მადლიერება იწყება უბრალო სიტყვით: მადლობა! მაგრამ მას უნდა ვგრძნობდეთ მთელი გულით და რაც უფრო ხშირად წარმოვთქვამთ მადლიერების სიტყვებს, მით უფრო მეტ მადლიერების გრძნობას განვიცდით და მით უფრო მეტ სიყვარულს გავცემთ გარემომცველ სამყაროში.

რაც არ უნდა რთულ მდგომარეობაში ვიყოთ, ყოველთვის გვაქვს მიზეზი მადლიერებისთვის და თუ გამოვხატავთ მას, ამით ვიზიდავთ სიყვარულის ძალას და ვიშორებთ ნეგატივს.

თითოეული წამი, როცა ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ, საუკეთესო საშუალებაა მადლიერების გამოსახატავად. იყავით მადლიერი თქვენი ოჯახის, მეგობრების, კოლეგების, მზის რომელიც სითბოს და სინათლეს გაძლევთ, წყლის და საკვების, რომელსაც მიირთმევთ, ჰაერისთვის, რომელსაც სუნთქავთ. ამ ყველაფრის გარეშე თქვენ ვერ იცოცხლებდით.

იყავი მადლიერი მცენარეების, ცხოველების, ზღვების, ოკეანეების, ყვავილების, ლაჟვარდოვანი ცის, წვიმის, ვარსკვლავების, მზის და მთვარის და სიცოცხლისთვის მთელს სამყაროში.
ყოველთვის მოძებნეთ დრო იმისთვის რომ წარმოთქვათ : „მადლობა ჩემი ცხოვრებისთვის, მადლობა სიხარულისთვის, ჰარმონიისთვის, ჯანმრთეობისთვის, მადლობა ყველაფრისთვის, რაც გამაჩნდა, გამაჩნია და მომავალში მექნება.“

სცადეთ ეს მეთოდი. იფიქრეთ ვინმეზე ან რამეზე, ვისიც ან რისიც მადლიერი ხართ. მოახდინეთ თქვენი აზრების კონცენტრაცია მთლიანად ამ მიმართულებით, გაიხსენეთ ყველა დეტალი და თქვენ იგრძნობთ როგორ თანდათანობით აივსება თქვენი გული სიყვარულით.

წესად შემოიღეთ მადლიერების ჟურნალის წარმოება.

ყოველდღიურად ჩამოწერეთ ათი რამ, რისთვისაც მადლიერი ხართ. თავიდან ეს რთული იქნება, მაგრამ შემდეგ ნახავთ, რომ უკვე ფაქტიურად შეუძლებელია 10 რამით გამოხატო ყველაფერი, რისთვისაც მადლიერი ხარ.

დაუსვით თქვენს თავს კითხვა: «რისთვის შემიძლია ვიყო მადლიერი?» – და გაიხსენეთ თუნდაც ერთი მოვლენა ან ადამიანი და უბრალოდ თქვით მადლობა, შემდეგ გაიხსენეთ , მეორე, მესამე და ასე შემდეგ.

თანდათანობით თქვენ შეძლებთ უკვე ისეთ ნეიტრალურ მოვლენებზე ყურადღების გამახვილებას, რომელსაც ადრე ვერც კი ამჩნევდით და ისწავლით მათთვის მადლიერების გამოხატვას.

შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ ნეგატიურ მოვლენებს თქვენს ცხოვრებაში, რომლებსაც ახლა უკვე სულ სხვა კუთხით აღიქვამთ და იგრძნობთ მადლიერებას მათ გამოც.

ბოლოს და ბოლოს თქვენ იგრძნობთ უსაზღვრო მადლიერებას ყველას და ყველაფრის, მთლიანად ცხოვრების მიმართ და მოიპოვებთ ბედნიერების განცდას!

ამასთან, ყოველდღიური მადლიერების ჟურნალის წარმოებას მაშინ აქვს აზრი, როცა ჩვენ არა უბრალოდ ჩამოვწერთ, არამედ მართლაც მთელი სულით და გულით ვგრძნობთ მადლიერებას. მხოლოდ ასე შევძლებთ განვავითაროთ ჩვენში ცხოვრებისადმი მადლიერი დამოკიდებულების უნარი და ყოველთვის ვიყოთ, როგორც ახალი სიკეთეების მოლოდინში, ასევე მზადყოფნაში მათ მისაღებად.

ალბათ გაგიგიათ გამოთქმა „მსგავსი იზიდავს მსგავს“ ზუსტად ასე მუშაობს მადლიერების კანონიც. ის არის ყველაზე მთავარი კანონი წარმატებისა.

რაც უფრო მეტად მადლიერები ვართ იმისთვის რაც უკვე გვაქვს, მით უფრო მეტს მივიღებთ.

ყველაფერს, რაც მადლიერებით კეთდება, ჩვენს ცხოვრებაში შემოაქვს ჰარმონია, გარკვეული წესრიგი და სითბო. თითოელ მოქმედებას, სიტყვას, რომელიც გაჯერებულია მადლიერებით, აქვს ჯადოსნური ძალა, გვავსებს სიყვარულით და ცვლის ჩვენს სამყაროს, ახვევს რა მას მადლიერებისა და სიყვარულის გარსში.

სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: http://mebonia.com/

Loading...
loading...
loading...

მსგავსი სტატიები