უნაბი – სიცოცხლის ხე

Loading...

უნაბი, იგივე ანაპი, ზიზიფუსი, ჩინური ფინიკი, ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში გავრცელებული მცენარეა. ველურად იზრდება ის ხმელთაშუაზღვისპირა და აღმოსავლეთის ქვეყნებში – ირანში, ინდოეთში, მონღოლეთში, ჩინეთსა და იაპონიაში. გვხვდება აგრეთვე კავკასიასა და შუა აზიაში. ჩინეთში უნაბის 400-ზე მეტი სახეობაა ცნობილი. კულტურული ფორმების ნაყოფი, ჩვეულებრივ, ოვალურია, მსხვილი, საშუალო ან მცირე ზომისა, სიგრძით 2-3 სმ-დან 5 სმ-მდე. მე-19 საუკუნის ბოლომდე უნაბის ნაყოფის ნახარშს, “გულმკერდის ჩაის” სახელწოდებით ცნობილს, იყენებდნენ როგორც დამარბილებელ საშუალებას ყელის ტკივილისა და სასუნთქი სისტემის კატარით მიმდინარე დაავადებათა დროს.

უნაბი გამოიყენება როგორც ცოცხალი (უმი), ასევე გამომშრალი (დაჩირებული). უშუალოდ ხეზე გამომშრალი (დაჩირებული) ნაყოფი დიდხანს ინახება და მეტად სასარგებლოა. აღმოსავლეთის მედიცინა უნაბს უძველესი დროიდანვე სიცოცხლის ხეს უწოდებს, რადგან ეს მცენარე ჯანმრთელობის ელექსირია. უნაბის ნაყოფი მიკროელემენტების უნიკალური კომბინაციით გამოირჩევა. შეიცავს 9,8-დან 40,5 პროცენტამდე ნახშირწყლებს, 1,74% ორგანულ მჟავებს (ქარვისა და ვაშლისას), დიდი რაოდენობით კაროტინს, თიამინს, რიბოფლავინს, ტოკოფეროლებს, კატექინებს, 880მგ/% ჩ ვიტამინს. ჩ ვიტამინის შემცველობით უნაბის ნაყოფი უახლოვდება ასკილსა და ნიგოზს. ის რეკომენდებულია ჰიპოვიტამინოზებისა და სურავანდის სამკურნალოდ. ჩ ვიტამინთან ერთად უნაბის ნაყოფი შეიცავს B და K ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს და სხვა. ძველი დროის მკურნალები კარგად იცნობდნენ უნაბის დიდ კვებით ღირებულებასა და განსაკუთრებულ თვისებებს – უნაბის ნაყოფი კლავს წყურვილს, აქრობს დაღლილობას, ხსნის კუჭის, გულმკერდისა და გულის ტკივილებს, აღგზნებადობას, აუმჯობესებს შრომისუნარიანობასა და თვითშეგრძნებას. არაბი მკურნალები უნაბს წარმატებით იყენებდნენ ასთმის სამკურნალოდ. დღეს ყველამ იცის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც უნაბს რეგულარულად მიირთმევენ, ჰიპერტონიული დაავადებით ნაკლებად ავადდებიან. ჰიპერტონიული დაავადების სამკურნალოდ უნაბს თანამედროვე მედიცინაც უწევს რეკომენდაციას. ამ მიზნით მისი 20 ცალი ნაყოფი დღეში სამჯერ უნდა მიირთვათ ჭამის შემდეგ. მკურნალობის კურსი სამ თვეს გრძელდება. შეიძლება გამომშრალი ნაყოფის გამოყენებაც. სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა უნაბის ფოთლები და ფესვებიც. უნაბის ნაყოფის ნახარში მეტად ფასეული სასმელია – აძლიერებს ორგანიზმს, სწევს ტონუსს, ხსნის ხველასა და თავბრუხვევას, სასარგებლოა ტკივილებისა და უძილობის დროს, რეკომენდებულია მეხსიერების დარღვევების სამკურნალოდ და, საზოგადოდ, სკლეროზული პროცესების საპროფილაქტიკოდ.

საინტერესო ფაქტები

  • უნაბის, იმავე ჩინური ფინიკის ხეებს ჩრდილოეთ ჩინეთში რაოდენობრივად მეორე ადგილი უკავია მსხლის შემდეგ.
  • უნაბის ნაყოფი რეკომენდებულია ორსულთათვის ტოქსიკოზის დროს, ასევე მეძუძური დედებისათვის ლაქტაციის გასაძლიერებლად.
  • ფოთლების, ქერქისა და ტოტების ნახარში გამოირჩევა ანტიბაქტერიული და ბაქტერიოსტატიკური მოქმედებით, რის გამოც გამოიყენება ჩირქოვანი ჭრილობების, აბსცესების, ტუბერკულოზური ლიმფადენიტის, ასევე ძვლის, თვალისა და კანის ტუბერკულოზის სამკურნალოდ.
  • უნაბის ფესვების ნახარში ბავშვებში თმის ზრდის სტიმულაციისთვის არის ნაჩვენები, მოზრდილებში კი თმის ცვენის საწინააღმდეგოდ. ნახარშით თავის დაბანა საღამოს არის რეკომენდებული. თავის კარგად გამშრალება არ არის საჭირო, რათა ნახარში შერჩეს თმას და მაქსიმალური ეფექტი მოახდინოს.
  • უნაბის ნაყოფი შეიცავს 3%-მდე პექტინებს, რომლებსაც ორგანიზმიდან გამოაქვთ ვერცხლისწყლის, ტყვიისა და სპილენძის მარილები, ბაქტერიული ტოქსინები და რადიაქტიური იზოტოპები.

სასარგებლო რეცეპტები

  ნაყოფის ნაყენი
აიღეთ 1 კგ გამომშრალი ნაყოფი, კარგად გარეცხეთ ცივ წყალში, ჩაყარეთ მომინანქრებულ ჭურჭელში (მსხვილი ნაყოფი სასურველია 3-4 ნაწილად გაიყოს), დაასხით 2 ლიტრი მდუღარე წყალი, მჭიდროდ დაახურეთ თავზე, შეფუთეთ და 8-12 საათით გააჩერეთ სითბოში. ამის შემდეგ გადაწურეთ, ნაყოფს ხელმეორედ დაასხით მდუღარე წყალი, 10-12 საათს დააყოვნეთ და ისევ გადაწურეთ. ნაყოფი და ნაყენი ცალ-ცალკე მიირთვით. ეს ნაყენი ხალხურ მედიცინაში ჰიპერტონიის სამკურნალო მეტად სასარგებლო საშუალებად არის მიჩნეული. ერთ მიღებაზე ერთი ჭიქა უნდა მიირთვათ.
ფოთლების ნაყენი
აიღეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული უნაბის ფოთოლი, დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ერთი საათი, შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით 50 მლ დღეში 3-4 ჯერ, ხველისა და ფილტვის დაავადებათა სამკურნალოდ.
კურკების ნაყენი
აიღეთ 100 გრამი დაფქული უნაბის კურკა, დაასხით 500 მლ წყალი, ადუღეთ 10 წუთს, დაამატეთ 200 მლ 96%-იანი სპირტი, გააჩერეთ 8 საათს, შემდეგ გადაწურეთ. მიირთვით ერთი სადილის კოვზი დღეში 4-ჯერ ნევრასთენიის, ისტერიის, თავბრუხვევისა და უძილობის დროს.

loading...

მსგავსი სტატიები