მთავარი საკითხავი მაიმასკოს სამი გამორჩეული ჩანახატი სიყვარულზე

მაიმასკოს სამი გამორჩეული ჩანახატი სიყვარულზე

by guramus

 

მაიკო ჯანგულაშვილი ან იგივე მაიმასკო, თანამედროვე მწერალი, პოეტი და ჟურნალისტია. თანამედროვე ქართული ლიტერატურის მოყვარულები მის შემოქმედებას კარგად იცნობენ.

ალბათ თქვენც შეგხვედრიათ სოციალურ ქსელებში ამონარიდები მისი შემოქმედებიდან. სიყვარულის დაკარგვის შიში, განშორება და ყველა ის თემა, რაც შეიძლება სიყვარულის გარშემო დაიწეროს, მის შემოქმედებაშია თავმოყრილი.

ამჯერად მის სამ გამორჩეულ ჩანახატს გთავაზობთ.

  • “მადლობა, ჰარი!”

“ზაფხულის ბოლო დღეს, ბოლო მატარებელი ტოვებდა ქალაქს. მე და შენ ბაქანზე ვიდექით. მე შენს იდიოტურ ანეკდოტებზე , შენ ჩემს ბრეკეტიან კბილებზე გეცინებოდა, მშობლებმა ძალით რომ ჩამიდგეს და ამით ჩემი 32 ნაკლის გამოსწორება ერთად გადაწყვიტეს.
ჰარი, შენ მე სიცილი მასწავლე, მაგრამ არცერთხელ არ გიკოცნია ტუჩებში.
არც მაშინ, შენს ოთახში მარტო რომ დავრჩით და პირი ცხელი შოკოლადით მოვისვარე. ფილმებში მქონდა ნანახი, რომ ასეთ რაღაცეებს ვნება მოჰყვება ხოლმე.
არც მაშინ, ჰაიდ-პარკში , ლონდონურად რომ წვიმდა და პლატონურად გიყვარდი. Second hand-ში იმ საღამოსთვის ნაყიდი თხელი ყვავილებიანი კაბა ტანზე შემომეკრა. ესეც ჩემი გეგმის ნაწილი იყო. მინდოდა დაგენახა, რომ 32 ნაკლთან ერთად, ორი ახალწამოზრდილი ღირსებაც გამაჩნდა. თუმცა. შენთვის ღირსება, როგორც ნამდვილი ჯენტლმენისთვის, უფრო მაღალ მატერიებთან ასოცირდება და ბუნებრივიცაა, რომ იმ საღამოს ორი ცივილური ადამიანი ტელევიზორში „დისქავერის“ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდით იმაზე, თუ როგორ გამოჰყავთ აფრიკაში ახალი ჯიშის მაიმუნი. შემდეგ, ცხოველების სიყვარულმა ჩემდამი სიყვარული გაგახსენა და უცნაურად დაიწყე:
– ფარდობითობის თეორიამ გვიჩვენა, რომ ჩვენი დრო და სივრცე გადაჯაჭვულია!..
ო, როგორ მომინდი იმ წუთში, აინშტაინ!
რკინიზგის სადგურზე, როცა გამგზავრებას წუთები აკლდა, ღრმად ჩავისუნთქე, ტუჩები ენის წვერით დავისველე, თვალები დავხუჭე და… როგორ მინდოდა ჩემოდნები ძირს დამეყარა, თმები გამეშალა, თავი უკან გადამეგდო და ჰოლივუდური ფილმის ფინალი გამეთამაშა, მაგრამ თურმე, არც შენ იყავი გრეგორი პეკი და არც მე ოდრი ჰეპბერნი.
შენ ბაქანზე იდექი და შენი იდიოტური ანეკდოტების გახსენებას ცდილობდი, მე კი შენს ანეკდოტებზე კი არა, საკუთარ თავზე მეცინებოდა. სიცილისგან ბოლო ხმაზე ისე ვკიოდი, მეგონა, უკან ვაგონებს ჩამიბამდნენ და რელსებზე შემაყენებდნენ.
მადლობა, ჰარი, შენ მე სიცილი მასწავლე!”

https://www.youtube.com/watch?v=8IwPS8aDEU4

 

  • “ჰარი!”

“ქალაქს წვიმის სუნი აქვს, ჰარი. ასეთ ამინდებში უფრო მიმძაფრდება სიკვდილზე ფიქრი. უკვე მერამდენედ ვწერ ჩემი ცხოვრების შესაძლო ფინალს და ვხვდები. რომ ყოველი მცდელობა. რაღაც დავასრულო, უსასრულობაში გადადის.

სიგარეტს დღემდე ვეწევი. 5 წლის წინ ვცადე თავი დამენებებინა და იმის მერე ყოველ ახალ წელს,მარხვის დასაწყისში და ყოველ ორშაბათ დღეს, ფანჯრიდან ვისვრი სიგარეტის სავსე კოლოფს. შენ მოგწონდა ჩემი მავნე ჩვევები , რადგან თვლიდი, რომ ეს უფრო ქალურს მხდიდა.

ჰარი, მე არ ვნანობ არაფერს ,გესმის?! არც თექვსმეტი წლის ასაკში დაკარგულ ქალიშვილობას, არც სამჯერ ნააბორტალ მუცელს და არც თვითმკვლელობის ხუთ მცდელობას. მე ყველაზე ამორალური ქალი ვარ, ჰარი, და ალბათ ყველაზე ამორალური ცოლი ვიქნებოდი შენთვის. მე ხომ სამი შვილი მოგიკალი…

იცი, ბავშვობაში ხშირად ვფიქრობდი სიკვდილზე,სიამოვნებას მანიჭებდა იმის წარმოდგენა,როგორ ვატკენდი გულს ჩემი გარდაცვალებით გარშემომყოფებს. მე სხვების სიყვარულში დარწმუნება მჭირდებოდა, ჰარი. სიკვდილი ხომ ყველაზე კარგად გამოაჩენს გრძნობას.

ისუნთქე, ჰარი… ისუნთქე …
მე აქ ვარ. მხოლოდ ერთხელ შემომხედე და უკანასკნელად მითხარი,რომ არ ვარ ბოზი, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება და ესეც გაივლის. მე ეს მჭირდება, იმისთვის რომ ვიცოცხლო, გესმის?! არ მოკვდე, ჰარი, შენ აღარ გაქვს ამის უფლება!

ქალაქს წვიმის სუნი აქვს, ჰარი. ამ პალატაში კედლებიც მორფინითაა გაჟღენთილი. მე შენი ხელები მიჭირავს ზუსტად ისე, როგორც შენ გეჭირა ჩემი ხელები ,რკინიგზის სადგურზე, როცა ზაფხულის ბოლო დღეს ბოლო მატარებელი ტოვებდა ქალაქს.
ისუნთქე, ჰარი… ისუნთქე…
ფილტვებზე ობივით მოდებული მეტასტაზები, ჯერ კიდევ არ ნიშნავს სიკვდილს!
ისუნთქე, ჰარი…
მე არ მჯერა ამ ქალაქში დასმული დიაგნოზების.
ისუნთქე, ჰარი…
მე შენ მიყვარხარ!
ისუნთქე…
მე ხომ სიკვდილზე ფიქრს უკვე გადავეჩვიე.”

 

  • “ჩემი ფანჯრებიდან”

“დედაჩემი ავადაა . ექიმებმა დიაგნოზი დაუსვეს. სამედიცინო ტერმინებს ვერ ვიმახსოვრებ და რა ჰქვია ზუსტად ვერ გეტყვი, ცოტა უცნაური და გრძელი სახელი აქვს, შენი სახელისგან განსხვავებით, ჰარი. სიცხეს შუბლზე ტუჩებით ვუზომავ . როცა ვხვდები რომ მხოლოდ ასეთ დროს ვკოცნი ხოლმე დედაჩემს, ყელში ბურთი მეჩხირება და ქუჩაში გავრბივარ.

დედაჩემს არ უყვარს როცა ვტირი.
………..

ბოლო დროს ვსუნთქავ ღრმად. უფრო გახშირებული სუნთქვით, უფრო ხმამაღლა ვიდრე შენ.
მიკეთია აირწინაღი., იმიტომ არა რომ ეს ჩემი მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული ძველი ჩვევაა.… დღეს მე გაზით არავინ მგუდავს, უბრალოდ ჰაერში ზოგიერთი ადამიანის ამონასუნთქის , ჩემს ფილტვებში ჩაშვების პერსპექტივა არ მხიბლავს.
ვიწამლები.
ვიწამლები შეშინებულებით, მოტყუებულებით და ტვინგამორეცხილებით.პოტენციური მეძავებით და უპეტენციო მამრებით. სულელი ფემინისტებით და ფანატიკოსი თვითმკვლელებით… ვიწამლები კეთილსინდისიერებით უსინდისობაში… ჩემი სახლის ყვითელ კედლებში სარკის წინ შიშველი ვდგავარ ,როგორც აუქციონზე გაყიდული იაფფასიანი ეროტიკული ხელოვნების ნიმუში და ვხვდები რომ საკუთარმა სხეულმაც ბევრჯერ მიღალატა. იმიტომ რომ თავი მარტო არ მეგრძნო გამოვიგონე სექსუალური უშუალობა და შენც გაიძულე გერწმუნა მისი აუცილებლობა. გერწმუნა ,რომ არაფერია აკრძალული, რაც კანონში არ წერია და შენც დაიჯერე…

მე ბიოლოგიური ტერორისტი ვარ, ჰარი.

ვყლაპავ ჰალუცინატორებს და ვიღებ ბილეთს ერთი მიმართულებით.

…——————-
მე და შენ ერთ ქალაქში ვცხოვრობთ. ჩემი ფანჯრებიდან შენი ფანჯრები ჩანს და ასე ყოველდღე… გიყურებ და პირში ორი თითის ჩაყოფა არ მჭირდება, გულს ვირევ სიმეტრიული ცხოვრების მქონე მეზობლის, სიმეტრიულად გაფენილ სარეცხზე… ჩემს და შენს ყოველდღიურობაზე.

მერე ვჯდები და ვწერ…

“ჩემო ძვირფასო, ჰარი” … ვიწყებ ასე… მერე სიტყვებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს… ვწერ ერთსა და იმავეს სხვადასხვა დროს. ვწერ ნამდვილ ადამიანებზე, ანუ მათ ენაზე, ლუოლავეტრანებზე ,რომლებსაც ხანდახან ვხვდები აბის მიღების მერე ,როცა შენს ფანჯარაში სინათლე არ ჩანს და ჩემი ფანჯრიდან დაზეპირებულ ხედის ყურებას ალიასკის დათოვლილი პეიზაჟის ყურება მირჩევნია.

იქ სადაც დედამიწა მთავრდება მე სხვა ესკიმოსებთან ერთად ვცხოვრობ და სახელად ტალუს მეძახიან, მიყვარს ესკიმოსი ბიჭი, კანუ , რომელიც არასდროს მინახავს და ჭრელ ქუდებს ვუქსოვ, ვოცნებობ მყავდეს ბევრი შვილი და არქტიკის სუსხიან ზაფხულში სანადიროდ წასულ ჩემს ქმარს , სახლში ველოდებოდე.

– “ტალუმ თბილად ჩაიცვა და გარეთ გავიდა. სახლის წინ დაყრილ, გაფშეკილ ციგებს თოვლი გადააცალა, საცურაო ზოლებს ყინული გადააფხიკა და დედაბერის ძაღლები ციგაში შეაბა…

მიქროდა ტალუ და გათოშილი ხელებით ციგას მაგრად ჩაბღაუჭებოდა. მიქროდა და ტიროდა ტალუ. ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა გაყინულ ლოყებზე…

ერთხელ მარადიული თოვლით დაფარულ მხარეში მიქროდა ტალუ……” – ასე მთავრდებოდა იუპიკური ზღაპარი, რომელსაც მამა მიყვებოდა ძილის წინ … და მეც ტალუსთან ერთად ვტიროდი . ვიცოდი, რომ გავიზრდებოდი , აუცილებლად ვნახავდი მარადიულ ალიასკას.

…………………………….

– ფსიქოპატკა!!! – ჩემი მეზობელი კარებზე მიბრახუნებს და დაჭრილივით ღრიალებს, ეს ის მეზობელია, სიმეტრიული ცხოვრებით რომ ცხოვრობს, სარეცხსაც სიმეტრიულად რომ ფენს , ოთხ წელიწადში ერთხელ არჩევნებზე , ორ თვეში ერთხელ ლიფტის ფულზე და ყოველდღე ჩემთან რომ დადის – “ფსიქიატრიული საავადმყოფოს სანატრელო პაციენტო, გაგასახლებ! საჩივარს დავწერ, ყველა მეზობელს ხელს მოვაწერინებ და იქ ამოგალპობ. –
ღრიალი არ ჩერდება , ერთი მეზობლის ხმას მეორე ემატება, მეორეს მესამე და სადარბაზოში საპროტესტო აქცია ეწყობა ჩემი გულზიდვის წინააღმდეგ. კარს მშვიდი სახით ვაღებ და მეზობლის აყროლებული სარეცხი პირდაპირ სახეში მხვდება. სიტუაციას გვერდიდან ვუყურებ და ისტერიული სიცილი მივარდება. ჩემს შემხედვარე, ჩემს მეზობელს გაოცებისგან თვალები ღილებივით უხდება და დღესაც ისევე ვეცოდები, როგორც გუშინ. მეც თავისებურად მეცოდება ის, როცა მისი გასიებული და აყროლებული ქმარი მახსენდება და ვფიქრობ რამდენი ჰალუცინატორი უნდა დამელია, მის ქმართან რომ სექსი მქონოდა. ჩემს თავს ამ ფიქრზე როცა ვიჭერ, სიცილისგან მუცელი მტკივდება , გულღებინება მეწყება და მეზობელს, რომელიც 5 წუთის წინ დაჭრილი ლომივით ღრიალებდა ახლა კი ჩემს სიცილს თახვის გამომეტყველებით უყურებს, ცხვირწინ კარებს ვუჯახუნებ და ფანჯარასთან მივდივარ …
იქნებ დაგინახო…

გელოდები და ვიწყებ ჩემს ქუჩაზე გავლილი მანქანების და შენს სახლამდე ნაბიჯების თვლას. ასე დრო მალე გადის…
შენს სიჩუმეს ყოველთვის აქვს გამართლება.

იცი, შენს სახლამდე 63 ნაბიჯია…

……………………

სულ ესაა რისი თქმაც მინდოდა დღეს.
გიგზავნი ფოტოს, სადაც აირწინაღი მიკეთია, უკან ყოველგვარი მინაწერების გარეშე. ( ამ ქალაქში ისედაც ბევრი რამ არის ზედმეტი.)

ჩემო ძვირფასო ჰარი გავიქცეთ იქ სადაც დედამიწა მთავრდება, სადაც ცა ყველაზე ახლოსაა და აირწინაღები არასოდეს დაგვჭირდება. იქ სადაც ბევრ, ალიასკის მარადიული თოვლივით თეთრ შვილს გაგიჩენ და ყველას “ნამდვილ ადამიანს” დავარქმევთ. მე მოვქსოვ თბილ ქუდებს და შენ, ნადირობიდან დაბრუნებული, მოუყვები მათ იუპიკურ ზღაპარს ესკიმოს გოგონა, ტალუზე.

-”იყო ქარიანი დღე
მე არ მეხურა ქუდი და დავეხეტებოდი ქვეყნად…
ტიუნ, ტიუნ…”

და როცა სიტყვებს შორის პაუზები გაიზრდება … ჩაგვეძინება.

გავიქცეთ აქედან ,ჰარი, როცა დედა გამოჯანმრთელდება…”

 

 

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: