მთავარი საკითხავი ბერძენი ფილოფოსო – თალესი მილეთიდან

ბერძენი ფილოფოსო – თალესი მილეთიდან

by guramus

ბერძენი ფილოსოფოსი – თალესი მილეთიდან

„თავდებად ნურავის დაუდგები, თორემ დაისჯები”, – ამბობდა თალესი.

ის ჩვენს წელთაღრიცხვამდე ორი საუკუნის მიჯნაზე – VII-VI საუკუნეებში ცხოვრობდა; 625 წელს დაიბადა და 547 წელს აღესრულა.

შვიდ ბრძენთა შორის ერთ-ერთი კი არა, უპირველესი იყო.

ერთხელ, ბერძნებმა გადაწყვიტეს, მისთვის ოქროს სამფეხა ზედსადგამი ეჩუქებინათ. როცა ადამიანთა შორის უბრძენესს საჩუქარი მიართვეს, თავმდაბალმა თალესმა დაიმორცხვა და ის მეორე ღირსეულ ადამიანს დაუთმო, მან მესამეს გადაულოცა და შვიდი კაცის წრეზე შემოიარა; ბოლოს კი ისევ თალესს დაუბრუნდა.

თალესი პირველი იყო, ვინც ბუნების შესწავლა დაიწყო. ის სხვაზე ადრე მიხვდა, რომ მზის დაბნელება მაშინ ხდება, როცა მას მთვარე აეფარება; მან პირველმა დაამტკიცა, რომ დიამეტრი წრეს შუაზე ჰყოფს; მან აღმოაჩინა, რომ ტოლფერდა სამკუთხედში კუთხეები ერთმანეთის ტოლია; ის პირველი დაინტერესდა ასტროლოგიით, შეეძლო მზის დაბნელებისა და მზისბრუნვის წინასწარმეტყველება. ჩვენს წელთაღრიცხვამდე 585 წლის 28 მაისს მან წინასწარ აუწყა მზის დაბნელება; თალესმა გაზომა ეგვიპტის პირამიდების სიმაღლე. მათი ჩრდილის მიხედვით.

ის განმარტოებით ცხოვრობდა და სახელმწიფო საქმეებს თავს არიდებდა.
მის კალამს ეკუთვნის წიგნები ,,მზის ბრუნვა”; ,,დღეთა ბუნიობა” (ძველ საბერძნეთში წიგნი ეწოდებოდა ნაწარმოების ნაწილს, რომელშიც რაღაც დასრულებული საკითხი იყო განხილული და რომელიც ცალკე პაპირუსის გრაგნილზე ეტეოდა).

თალესი ბიზნესის ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. ერთხელ, მან, ზეციური ნიშნების მიხედვით, გამოიცნო, რომ იმ წელიწადში ზეთისხილის უხვი მოსავალი იქნებოდა. ამიტომ ფული ისესხა და მილეთის ყველა ზეთსახდელი შეისყიდა. მოსავლის აღების შემდეგ, დიდძალი მოგება ნახა.

დღემდე კაცობრიობის ყველა თაობამ იცოდა, რა შეემთხვა თალესსა და მის ჯორს: როცა მარილიანი ტომრებით დატვირთულმა ცხოველმა, მდინარეზე გადასვლისას, ფეხი წაიკრა და წყალში ჩაწვა, ჯორი მიხვდა, რომ დასველებულ ტომრებში მარილი გადნა და ტვირთი შეუმსუბუქდა.

იმ დღიდან, როგორც კი მდინარეს მიადგებოდა, მაშინვე წყალში ჩაწვებოდა და საგრძნობლად ტვირთშემსუბუქებული განაგრძობდა გზას. კარგა ხნის შემდეგ, თალესი მიუხვდა ჯორს ეშმაკობას და ბრძანა, ის მატყლით დაეტვირთათ. გაწბილებულმა ჯორმა ხრიკებს თავი დაანება.

იმასაც გვიამბობენ, რომ ერთხელ, მოხუცმა მოსამსახურემ თალესი ღამით ეზოში გამოიყვანა ვარსკვლავებზე დასაკვირვებლად. თალესმა სიბნელეში ორმო ვერ დაინახა და შიგ ჩავარდა. ტკივილისაგან აყვირებულ თალესს მოხუცმა მოსამსახურემ უთხრა; – ეჰ, ჩემო ბატონო! ფეხებქვეშ ვერაფერს ამჩნევ და ცაზე ჭვრეტით რას მიხვდები?!

ერთხელ, თალესს ჰკითხეს: – რით განსხვავდება სიცოცხლე სიკვდილისაგან?
– არაფრით.
– მაშინ რატომ არ კვდები?
– სწორედ იმიტომ, რომ განსხვავება არ არის, – მიუგო თალესმა.

თალესის აზრები:
– ყველაზე უძლიერესი ღმერთია, რადგან ის შექმნილი არ არის.

– ყველაფრის საწყისი არის წყალი.

– დედამიწა წყალზე ცურავს.

– ყველაფერი წყლისგანაა: ჯერ ერთი, ყველა ცხოველის საწყისი სპერმაა, ის კი თხევადია. მეორე – ყველა მცენარე წყლით იკვებება და წყლით მრავლდება, თუ წყალი მოაკლდა, ხმება; და მესამე – თვით მზისა და ვარსკვლავების ცეცხლი იკვებება ნოტიო ანაორთქლებით, ზუსტად ისევე, როგორც კოსმოსი.

– ყველაფრის მშობელი ოკეანეა.

– ღმერთი ის არის, რასაც არც საწყისი აქვს და არც დასასრული; ღმერთი არის კოსმოსის გონება, ხოლო სამყარო სულჩადგმულია და ამავდროულად ღვთიურობითაა აღსავსე.

– თვით უსულო საგნებსაც კი გააჩნია სული. ეს რომ ასეა, მაგნიტი და ქარვა გვიდასტურებენ.

– ყველაზე მშვენიერია კოსმოსი, რადგან ის ღმერთის შექმნილია.

– ყველაზე დიდია სივრცე, რომელშიც ყველაფერი ეტევა.

– ყველაზე მშვენიერია სამყარო, რადგან ის ღმერთის შექმნილია.

– ყველაზე სწრაფია გონება, რადგან ის ყველაფერს მოიცავს.

– ყველაზე ბრძენია დრო, რადგან იგი ყველაფერს ააშკარავებს.

– ყველაზე საერთო ყველასთვის არის იმედი, რადგან სულაც რომ არაფერი გააჩნდეს, ის მაინც ყველას აქვს.

– ყველაზე ძლიერია აუცილებლობა, რადგან ის ბატონობს ყველაფერზე.

– ყველაზე ძნელია საკუთარი თავის შეცნობა.

– ყველაზე ადვილია სხვებისთვის რჩევის მიცემა.

– ყველაზე ბედნიერია ის, ვინც ჯანმრთელია, დაჯილდოებულია სულის სიმშვიდით და ნიჭის გაფურჩქვნით.

– ყველაზე საშინელია უმეცრება.

თალესი ფიქრობდა, რომ ვინც ცოდვას სჩადის, ღმერთის თვალს ვერ დაემალება, რადგან იგი ადამიანთა მხოლოდ საქციელს კი არა, თვით გონებაში გაელვებულ აზრებსაც სწვდება.
თალესი ამბობდა; – ბედნიერი ვარ სამი რამით: პირველი – რომ დავიბადე ადამიანად და არა ცხოველად; მეორე – რომ დავიბადე მამაკაცად და არა ქალად; მესამე – რომ დავიბადე ბერძენად და არა ბარბაროსად.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: