მთავარი საკითხავი სინანულის ლოცვა – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სინანულის ლოცვა – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

by guramus

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

“წმიდაო, წმიდაო, წმიდაო უფალო საბაოთ, შემოქმედო ცათა და ქვეყანისაო, დაუსაბამოო და დაუსრულებელო, უხილავო და მიუწვდომელო, უძლეველო სიყვარულო და სასოებაო ჩვენო, – დიდება შენდა.

ძეო ღვთისაო, უფალო იესო ქრისტე, თანაარსო და თანასწორო მამისაო, სიტყვაო მამისაგან მხოლოდშობილო, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ჯვარცმულო, მკვდრეთით აღმდგარო და ამაღლებულო, სიმართლით განმსჯელო ჩვენო და მონანულთა შემწყნარებელო, – დიდება შენდა.

სულო წმიდაო უფალო, მამისაგან გამომავალო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, უძლურთა მკურნალო და ნაკლულევანთა აღმავსებელო, – დიდება შენდა.

ყოვლადწმიდაო სამებაო, ერთარსებაო და განუყოფელო, ერთღვთაებობით თაყვანცემულო არსთა განმრიგეო, – დიდება შენდა.

ღმერთო ძლიერო, რომელსა გაქვს ხელმწიფება ცოდვათა მიტევებისა, შეგივრდებით უხმარნი მონანი და მხევალნი შენნი, შვილნი საქართველოისანი, და გევედრებით, მოგვანიჭე განცდაი ცოდვათა ჩვენთა და არა განკითხვა ძმისა ჩვენისა, წინაშე შენსა მოვიდრეკთ მუხლთა სულისა და ხორცთა ჩვენსათა და აღვიარებთ უსჯულოებათა ჩვენთა და გთხოვთ, მოწყალებითა შენითა შეგვინდე ჩვენ და ჩვენთა წინაპართა ცოდვანი ჩვენნი.

მრევლი – უფალო, შეგვიწყალენ, უფალო, შეგვიწყალენ, უფალო, შეგვიწყალენ.

მოგვიტევე პირველი და უმძიმესი ცოდვა ადამისა – ამპარტავნება. ქედმაღალნი ვიყავით და ვართ ვითარცა ცარიელი თავთავნი პურისანი და მარად ვივიწყებთ სწავლებას ბრძენი სოლომონისა: “ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცემს მადლს” (იგავნი 29.23).

მრევლი – ვცოდე, უფალო.

ღმერთო, შეგვინდე და გვაპატიე შენგან განდგომა, ტაძრებისა და მონასტრების ნგრევა, ეკლესიების შეურაცხყოფა და მის მსახურთა დევნა, მართლმადიდებლური სარწმუნოების უარყოფა, უიმედობა, ულოცველობა, აღსარებისა და ზიარების გარეშე ცხოვრება, მკითხავთა დაჯერება, ოთხშაბათ-პარასკევის და სხვა მარხვათა დარღვევა, შაბათ-კვირას და დღესასწაულზე წირვა-ლოცვაზე დაუსწრებლობა, ამაო ცხოვრებით ტკბობა.

მრევლი – შემინდე, უფალო.

გვაპატიე, ღმერთო, უღირსი მსახურება ქვეყნისა, სამშობლოს ღალატი და ორგულობა, კაცთა კვლა, ძმათა სისხლის ღვრა, უზნეო ცხოვრების წესი და შვილთა არასწორი აღზრდა.

მრევლი – ვცოდე, უფალო.

ვცოდეთ, უფალო, მშობლების მიმართ უპატივცემულობით, შეურაცხყოფითა და გულგრილობით და დავივიწყეთ გაფრთხილება ესე შენი: წყეულიმც იყოს დედ-მამის შემაგინებელი. ვცოდეთ უფროსების დამცირებით, დაუფასებლობითა და განკითხვით, გარდაცვლილთათვის ლოცვის დაკლებით, მათთა ნაშრომთა და ნაღვაწთა დაუცველობითა და დაუფასებლობით, საფლავთა მოუვლელობით.

მრევლი – შემინდე, უფალო.

დიდად გცოდეთ, უფალო, მრუშებით, მეუღლისა და ოჯახის ღალატით, მეძავობით, ბილწებით, თვითმკვლელობაზე ფიქრით, ვცოდეთ არაწმიდა ზრახვებით, ცილისწამებით, შურით, მეგობართა მიმართ ღალატით, სიძულვილით, სიტყვის გატეხით, შფოთით, მრისხანებით, შურისძიებით, სხვისი ქონების მიტაცებით, სიხარბით, ქურდობით, ძალადობით, კაცთმოთნეობითა და მომხვეჭელობით.

მრევლი – ვცოდე, უფალო.

შეგვინდე, უფალო, ლოთობა, ნარკომანია, ბილწსიტყვაობა, მტრობა და ღვარძლი, სხვისი განკითხვა, ეგოიზმი, გემოთმოყვარეობა, განდიდების სურვილი, ქონების და ფულის ფლანგვა, გაჭირვებულთა დაუხმარებლობა, წყევლა, უქმმეტყველება და დაზარება.

მრევლი – შემინდე, უფალო.

ჩვენცა, უფალო, შენთა მდაბალთა მსახურთა, სასულიერო პირთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, შეგვინდე უღირსად მსახურებაი შენი. დაცემულნი აღგვადგინე, შეგვეწიე და გვაცხოვნე ჩვენ. ვცოდე, უფალო. ჰოი, უფალო, მუხლმოდრეკილნი გევედრებით ჩვენთა წინაპართა და ყოველთა ქართველთა სახელით, მკვიდრთა საქართველოისა და სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფთა ჩვენთა თანამემამულეთა სახელით, და შეგთხოვთ, მოიხილე ჩვენზედა დიდითა წყალობითა შენითა და მრავლითა მოწყალებითა შენითა, აღხოცენ უსჯულოებანი ჩვენნი, რათა აღსრულდეს ნათქვამი შენი: მეწამულიც რომ იყოს თქვენი ცოდვანი, თოვლივით განვასპეტაკო, ჭიაფერივით წითელიც რომ იყოს, მატყლის ფთილასავით ვაქციო, ნისლივით წარვხოცავ უსჯულოებათა შენთა და ღრუბელივით ცოდვათა შენთა (ისაია 1,18,44,22). მაშ, შეახე ყოვლადწმიდა ხელი შენი სულსა და ხორცსა, გულსა და გონებასა ჩვენსა და განგვწმინდენ ჩვენ.

მრევლი – უფალო, შეგვიწყალენ, უფალო, შეგვიწყალენ, უფალო, შეგვიწყალენ.

შეჭირვებულნი გევედრებით, აღადგინე და განამტკიცე საზღვარნი საქართველოისანი, დალოცე მამული ჩვენი და ყოველი მკვიდრი მიწისა ამის, მტერნი და მბრძოლნი ჩვენნი მოყვარედ მოაქციე, მოგვეც, მოწყალეო შეუორგულებელი სიყვარული ღვთისა და მოყვასისა, მშვიდობა, სიბრძნე, თავმდაბლობა, სიხარული, გული გონიერი, უნარი ცოდვათა მიტევებისა, უნარი კეთილისა და ბოროტის გარჩევისა, შთაგვაცვი სამოსელი სპეტაკი ნათლისღებისა, შეგვაერთე სიყვარულითა და ერთსულოვნებითა, რათა ვიყოთ ერთ სამწყსო და შენ იყო მწყემსი ჩვენი კეთილი.

მრევლი – უფალო, შეგვიწყალენ, უფალო, შეგვიწყალენ, უფალო, შეგვიწყალენ.

უფალო ჩვენო, გულთამხილველო, ისმინე და შეიწირე აღსარება ჩვენი, მეოხებითა ყოვლადწმიდისა დედისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთათა და გვაცხოვნენ ჩვენ სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა. ამინ”.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: