მთავარი საკითხავი ჯონ ბენვლი – “ზღვა” ( ციტატები )

ჯონ ბენვლი – “ზღვა” ( ციტატები )

by guramus

8. “არაფერი განსაკუთრებული – უბრალოდ, უსასრულო სამყარომ კიდევ ერთხელ გულგრილად აიჩეჩა მხრები“
9. “ადგნენ და წავიდნენ, ღმერთები, სწორედ იმ უცნაური მოქცევის დღეს. მოჟამულ ცისქვეშ მთელი დილა ყურეში წყალი მატულობდა და მატულობდა, მანამდე არნახულ ნიშანს მიაღწია, მომცრო ტალღები კი ჯიუტად ედებოდნენ გამომშრალი ქვიშით დაფარულ სანაპიროს.”

10. ჩვენთან გრიგალმა გადაიარა. მთელი ღამე ქროდა და ნახევარი დილაც… თითქოს გაშმაგებული ცა, აი, ახლა ძვლებში გადატყდება და ჩამოიქცევაო. ვფიქრობდი, როგორც იქნა ბუნების ძალებმაც მიაღწიეს დუღილის იმ წერტილს, რაც ჩემს შინაგან მდგომარეობას ზედმიწევნით ეხამება-მეთქი! მეგონა გარდავისახე: ვაგნერისეულ რომელიღაც ღმერთკაცად ვიქეცი, საავდრო ღრუბელს მოვაჯექი და დიდებულ, მგრგვინავ მუსიკას ვაჟღერებდი _ ციურ ბუკსა და ნაღარას, ასე ვთქვათ… აღგზნებული, ეიფორიით შეპყრობილი, ელვა-ჭექითა და ჭიქა ბრენდით შეხურებული საკუთარ მდგომარეობას ახლა უცებ ახელილი თვალით შევცქეროდი. ცხადია, ზოგად მდგომარეობას ვგულისხმობ. მთელი ჩემი გონივრული განსჯის მიუხედავად, მუდამ მწამდა, რომ მომავლის რომელიღაც უნებურ წამს უსასრულო რეპეტიციად ქცეული ჩემი ცხოვრება _ ასეთი აბდაუბდა და დაულაგებელი, შეცდომებითა და მარცხით სავსე _ დასრულდებოდა და ბოლოსდაბოლოს დაიწყებოდა ის ნამდვილი დრამა, რისთვისაც ასე გულწრფელობით ვამზადებდი თავს. ვიცი, ეს ჩვეულებრივი თავის მოტყუებაა და ნებისმიერს გვახასიათებს. და მაინც, წუხელ, მთელი ამ ვალჰალური სიშმაგის ამოფრქვევისას, მაინც ვიფიქრე: ხომ არ მოახლოვდა სცენაზე ჩემი გამოსვლის დრო, ასე ვთქვათ, მთავარი რეპლიკის წარმოთქმის წუთი-მეთქი. არ ვიცი, რანაირი იქნება ეს დრამატული გარდასახვა _ ზუსტად რა მოხდება, როცა სცენაზე შევდგამ ფეხს; თუმცა ერთგვარ აპოთეოზს კი ველი, რაღაც დიდ გარდატეხას. არა, გარდაცვალებაზე არ ვლაპარაკობ… არა, მე მხოლოდ მიწიერი თვითგამოხატვის წამს ველი. სწორედ ასეა: მთლიანად, ერთიანად გამოვხატავ საკუთარ თავს და გავთავისუფლდები როგორც საბოლოო, სამადლობელი სიტყვის მთქმელი. მოკლედ, ამოვითქმები. და განა მუდამ ეს არ იყო ჩემი მიზანი? სინამდვილეში, განა ეს არაა ყველა ჩვენგანის ფარული მისწრაფება _ მოიშოროს ხორციელი და ერთიანად, ტანჯვაშეუვალ, ხელშეუხებ სულად გარდაისახოს?…
იჭექა, იქუხა, დააზანზარა, შეარყია ყველა კედელი.
– ჯონ ბენვილი. ზღვა