მთავარი კულინარია ბოსტნეულის დესერტები, რომლებიც დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიირთვათ

ბოსტნეულის დესერტები, რომლებიც დიეტის დროს აუცილებლად უნდა მიირთვათ

by guramus

დესერტი დიასახლისებისთვის აქტუალური თემაა, რადგან ბავშვები და საქმე მუდმივად ითხოვს დღის განმავლობაში რაღაც ტკბილს. არც ქმარი ამბობს ხოლმე ტკბილეულზე უარს: დესერტი ბავშვებზე ნაკლებად მამაკაცებს ნამდვილად არ უყვართ.

თქვენ, ალბათ, უკვე ძალიან ბევრი რეცეპტი სცადეთ, მაგრამ გესმით, რომ ტკბილეული საკმაოდ დიდი რაოდენობით კალორიასა და შაქარს შეიცავს. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ ბოსტნეულის დესერტის რეცეპტებს, რომლებიც დიეტის დროსაც მოგცემთ პირის ჩატკბარუნების საშუალებას.

კეშიუქეიქი ჭარხლით

გემრიელი, ნოყიერი და სასარგებლო ტორტი, რომელიც შესანიშნავადაც გამოიყურება. იგი არ შეიცავს გლუტენსა და რაფინირებულ შაქარს. სხვათაშორის, ვეგანებისთვისაც შესაფერისია.

ინგრედიენტები:

• კეშიუ 300 გ;

• ჭარხალი 1 ც;

• ფინიკი 150-180 გ;

• ნუში 70 გ;

• სიროფი (აგავას ან ნეკერჩხლის) 4 ს/კ;

• ლიმონის წვენი 2 ს/კ;

• წყალი 2 ს/კ.

მომზადების წესი:

1. მომზადებამდე, დაალბეთ კეშიუ წყალში 2 საათით;

2. დააბლენდერეთ ნუში, თანდათან დაუმატეთ ფინიკი. მიღებული მასა დადეთ მრგვალ ფორმაზე, გაანაწილეთ თანაბრად ჭურჭელში;

3. გარეცხეთ, გათალეთ და წვრილად დაჭერით ჭარხალი;

4. დააბლენდერეთ კეშიუს დამბალი მარცვლები, ჭარხლის ნაჭრები, აგავას(ან ნეკერჩხლის) სიროფი, ლიმონის წვენი და წყალი. ნაზავი ერთგვაროვანი მასისა უნდა გახდეს;

5. დაასხით ეს კრემოვანი მასა ძირითად ფენას, შეახვიეთ საკვებ ცელოფანში და შედგით მაცივარში მინიმუმ 8 საათით.

შოკოლადის კექსი ბადრიჯნით

აი ასეთი რამ ნამდვილად არასდროს გაგისინჯავთ! უნდა ითქვას, რომ ბადრიჯანს არ აქვს მკვეთრი გემო, ამიტომ, ამ დესერტში იგი თითქმის არ შეიგრძნობა. თავად კონსისტენციას კი უფრო სველსა და ნოყიერს ხდის.

ინგრედიენტები:

• ბადრიჯანი 400 გ;

• შოკოლადი (70%-იანი) 150 გ;

• ბანანი 1ც;

• ნუშის ფქვილი 0.5 ჭ;

• კაკაო 4 ს/კ;

• აგავას სიროფი 3 ს/კ;

• სოდა 1 ჩ/კ;

• მარილი 0.25 ჩ/კ;

• ქოქოსის ზეთი გამოსაცხობად.

მომზადების წესი:

1. დაჭერით ბადრიჯანი ორ ნაწილად, ჰორიზონტალურად და დაალაგეთ საცხობ დაფაზე, წინასწარ შეაზილეთ ზეთი;

2. გამოაცხვეთ ბოსტნეული 200 გრადუსზე, მანამ, სანამ სრულად არ მომზადდება;

3. როცა ბადრიჯანი გაგრილდება, დააცალკევეთ კანი და რბილობი;

4. დაადნეთ შოკოლადი ორთქლზე;

5. დააბლენდერეთ ბადრიჯნის რბილობი, ბანანი, აგავას სიროფი და თხევადი შოკოლადი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე;

6. ცალკე ჭურჭელში შეურიეთ ფქვილი, კაკაო, სოდა და მარილი. დაუმატეთ მასა, რომელიც ბლენდერში მიიღეთ და ყველაფერი კარგად აურიეთ. გადაასხით მიღებული ცომი კექსის ფორმაში;

7. გამოაცხვეთ კექსი წინასწარ 170 გრადუსზე გაცხელებბულ ღუმელში, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში (მზაობა შეამოწმეთ ჩხირით);

8. აცადეთ კექსს გაგრილება, შეახვიეთ ცელოფანში და შედგით მაცივარში 1 საათით;

9. მირთმევამდე მორთეთ მდნარი შოკოლადითა და ნუშის ნაჭრებით.

კიტრისა და ბაზილიკის სორბეტი

ეს კერძი განსაკუთრებით ზაფხულშია აქტუალური. დესერტი გაგაგრილებთ ცხელ ამინდში. ასევე, იგი ძალიან მადისაღმძვრელად გამოიყურება.

ინგრედიენტები:

• კიტრი 500 გ;

• თაფლი (ნეკერჩხლის სიროფი) 8 ს/კ;

• ბაზილიკი 15 გ;

• რომი (გემოვნებით) 1 ს/კ.

მომზადების წესი:

1. დააბლენდერეთ ყველა ინგრედიენტი;

2. გადაასხით სორბეტი კონტეინერში და შედგით საყიინულეში;

3. როცა სორბეტი ოდნავ გაიყინება, აიღეთ და დააბლენდერეთ. შემდეგ ისევ გაყინეთ და მიირთვით.

დარწმუნებული ვარ, ასეთი დესერტები სკეპტიკოსებს გააკვირვებს, გურმანებს კი მოხიბლავს. ამ კერძებში ინგრედიენტების შეხამება ხომ სრულიად უჩვეულოა. სცადეთ მათგან ერთ-ერთი მაინც – არ ინანებთ!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: