მთავარი საკითხავი “- რატომ არ მეთამაშებით, არაფერი მჭირს… დედასაც ვკითხე და „ნაბიჭვარი” არ გადაგედებათ…”

“- რატომ არ მეთამაშებით, არაფერი მჭირს… დედასაც ვკითხე და „ნაბიჭვარი” არ გადაგედებათ…”

by guramus

– „ნაბიჭვარი“ რას ნიშნავს, დე…

სახლში არც შესულა, კარებიდან ჰკითხა ბიჭმა…

ქალს, ლამის ხელიდან გაუვარდა ქვაბი, რომელშიც საგულდაგულოდ გარჩეული და გარეცხილი ბრინჯი ჰქონდა, რომლითაც ფაფა უნდა მოემზადებინა პატარა ავთოსთვის…

– ეს რა კითხვაა შვილო…. საიდან მოგდის ასეთი აზრები?

სიტყვებს ძლივს მოუყარა თავი დედამ…

– დე, ბავშვები არ მეთამაშებაიან…. „ნაბიჭვართან” ყოფნა აგვიკრძალეს მშობლებმაო… ეზოს მეორე ბოლოში გააკეთეს თოვლის ბაბუა. მე კი ახლოსაც არ მიკარებენ…. შენი თავი დავიფიცე, რომ ავად აღარ ვარ…. რომ არც სიცხე მაქვს და სურდოც არ გადაედებათ ჩემგან, მაგრამ მაინც გაიქცნენ და მარტო დამტოვეს.
ცრემლები ასწრებდა ბიჭს და ძლივს ამბობდა სათქმელს.

– შემოდი, შვილო, სახლში, როგორ აგწითლებია ლოყები, ისევ არ გამიცივდე.
ქვაბი შეშის ღუმელზე შემოდგა ქალმა და შვილს შეეგება…

– შენი დაბადების დღისთვის მზად მექნება ქუდიც და ხელთათმანებიც. მერე ასე აღარ შეგცივდება დედის თვალისჩინო.
ამ სიტყვებით გულში ჩაიკრა შვილი…

– დე, შენ მაინც არ მიპასუხე, რა არის „ნაბიჭვარი”… ან რატომ არ მეთამაშება არავინ…
ვეღარ შეიკავა ცრემლები პატარამ.

– არ გრცხვენია, შვილო? შენ ხომ დიდი ბიჭი ხარ, როგორ შეიძლება იტირო… ვაჟკაცს არ შეშვენის ცრემლები…
შენთვის ტკბილეული მაქვს და ახლავე მოგიტან…
ქალს ოღონდაც თავი……

– როგორ ავუხსნა, როგორ ვუთხრა სიმართლე… ჯერ ხომ სულ პატარაა… რატომ არიან ადამიანები, ასეთი უგულოები, ნუთუ აუცილებელი იყო ბავშვებისთვის სიმართლის თქმა.

საკუთარ თავთან საუბარში ჩაეძინა ქალს…

შვილის ხმამ გამოაფხიზლა, რომელიც ძილში ლაპარაკობდა.

– რატომ არ მეთამაშებით, არაფერი მჭირს…

დედასაც ვკითხე და „ნაბიჭვარი” არ გადაგედებათ.
რატომ არ მეთამაშებით?

შვილი გულში ჩაიკრა დედამ და მძინარი თვალები ფრთხილად დაუკოცნა, რომ არ გაღვიძებოდა პატარას.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: