ფეხბურთი მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე გამორჩეულ და სანახაობრივ სპორტად ითვლება და გულშემატკივართა მრავალმინიონიანი ბანაკის გამო დღემდე აქტიურად ვითარდება.
შესაბამისად, ამ სპორტის მიმდევრებიც სულ უფრო და უფრო მონდომებით ცდილობენ აქამდე ჩამოყალიბებული სტანდარტების გარღვევას და ახალ საფეხურზე ასვლას.
უამრავი წესისა და ტრადიციის ქონის გამო ეს სპორტი რეკორდების საკმაოდ დიდი და მრავალფეროვანი სიითაც გამოირჩევა, რის გამოც არაერთი გუნდი და ფეხბურთელი ათეულობით წლის შემდეგაც კარგად ემახსოვრება საფეხბურთო სამყაროს.
მრავალფეროვანი ემოციების გამომწვევ სპორტში უამრავ ასპექტს შეიძლება მიექცეს ყურადღება, თუმცა ეს 9 მიღწევა მართლაც ყველაზე გამორჩეულად და რთულად შეიძლება ჩაითვალოს:
9. ყველაზე ახალგაზრდა პროფესიონალი ფეხბურთელი
თანამედროვე ფეხბურთი ადრინდელი ასაკიდანვე საჭიროებს მაღალ ფიზიკურ მომზადებასა და სერიოზული დონის თამაშისთვის მზადობას, რის გამოც უკვე ხშირად ვხვდებით საფეხბურთო მოედანზე საკმაოდ ახალგაზრდა სპორტსმენებს.
ტოპ კლუბები აქტიურად ეძებენ და ზრდიან ნიჭიერ ტალანტებს, რომელთა მსოფლიო ასპარეზზე გამოჩენის ასაკიც თანდათანობით უფრო იკლებს. თუმცა, მოედანზე საჩემპიონო მატჩში მონაწილეობის მისაღებად გამოსვლა ყველაზე პატარა ასაკში ბოლივიელმა ახალგაზრდამ გადაწყვიტა.
საფეხბურთო კლუბი Aurora-ს რიგებში 12 წლის მაურისიო ბალდივიესო ირიცხებოდა, რომელიც მისთვის პირველ ოფიციალურ მატჩში მონაწილეობის მისაღებად 13–ე დაბადებისდღემდე რამდენიმე დღით ადრე გამოვიდა მოედანზე და რეკორდიც დაამყარა 2009 წელს.
8. მსოფლიო ჩემპიონატში ყველაზე მეტჯერ მონაწილეობის მიღება
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით გამოსვლა საფეხბურთო ნაკრებებისთვის ყოველთვის მთავარ მიზანს წარმოადგენდა.
საფეხბურთო ისტორიას არაერთი ნაკრების აღზევება ახსოვს, თუმცა მსოფლიო ჩემპიონატის თასის მოპოვებასთან ერთად, კიდევ ერთი ასპექტით შეიძლება წარმატებული გუნდების გამორჩევა.
ბრაზილიის ნაკრები 1930 წლიდან მოყოლებული ყველა მსოფლიო ჩემპიონატზე ახერხებს მონაწილეობის მიღებას, რაც თავისთავად უკვე რეკორდად ითვლება, რადგან სხვა არცერთ ნაკრებს არ მოუხერხებია ამდენჯერ წარმატებით კვალიფიკაციის გავლა.
თუმცა, ეს მიღწევა იმითაც გამოირჩევა, რომ ბრაზილიაში ფეხბურთი ახლაც საკმაოდ პოპულარული და პროგრესირებადი სპორტია, რის გამოც დიდი ალბათობით ბრაზილიელი ფეხბურთელები კვლავაც წარმატებით გააგრძელებენ მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის ტრადიციას და შესაბამისად, საკუთარ რეკორდსაც უფრო მეტად გაზრდიან.
7. ყველაზე მეტი მატჩი ინგლისის პრემიერ ლიგაში გოლის გაშვების გარეშე
თანამედროვე ფეხბურთის ტოპ ლიგებში კონკურენცია სულ უფრო და უფრო მატულობს და გრანდებს შორის დაპირისპირებებიც მეტ ინტერესს იწვევს.
თუმცა, უამრავი ძლიერი გუნდის წინააღმდეგ თამაშისას, მაღალი დონის კლუბებისთვის ერთ–ერთ ყველაზე დიდ გამოწვევას მათი მეკარეების მიერ კარის მშრალად შენახვა წარმოადგენს, განსაკუთრებით კი ეს ინგლისის უმაღლეს საფეხბურთო ლიგაშია საჭირო.
პრემიერ ლიგა მრავალგოლიანი მატჩებითა და დაძაბული საჩემპიონო ბრძოლით გამოირჩევა, რომლის პარალელურადაც პეტრ ჩეხის მიერ დამყარებული რეკორდი უფრო შთამბეჭდავად უნდა ჩაითვალოს.
ცნობილმა მეკარემ ინგლისური კარიერის განმავლობაში უკვე 200–ზე მეტ თამაშში მოახერხა კარის მშრალად შენახვა და მისი უნიკალური რეკორდის რიცხვი ჯერ კიდევ იზრდება. ვეტერანი მეკარე არსენალის მაისურის მორგების შემდეგაც აუმჯობესებს საკუთარ სტატისტიკას.
6. ესპანური ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი
ერთ–ერთი ყველაზე გამორჩეული საფეხბურთო ლიგა ბოლო დეკადის განმავლობაში განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობს მესისა და რონალდოს დაპირისპირების გამო.
ესპანეთში ბევრ ლეგენდარულ ფეხბურთელს დაუმყარებია სერიოზული რეკორდი, თუმცა გოლების კატეგორიაში ერთპიროვნული ლიდერი უკვე აშკარად გამოიკვეთა.
ლიონელ მესიმ 383–ე გოლით საკუთარი სახელი უკვე უკვდავყო ესპანეთის უმაღლესი დივიზიონის ისტორიაში და ბომბარდირთა დავაში პირველი ადგილი გაინაღდა.
მას შემდეგ რაც რონალდომ იტალიაში გადაინაცვლა, ლა ლიგაში ყველაზე მეტი გოლის მქონე ტოპ 15 ფეხბურთელიდან არგენტინელი შემტევი ერთადერთია, რომელიც ჯერ კიდევ აგრძელებს ესპანეთში თამაშს და საკუთარ რეკორდსაც ყოველწელს აუმჯობესებს.
შესაბამისად, მისი სტატისტიკის გადაფარვა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებელი იქნება.
5. ინგლისური პრემიერ ლიგის ყველაზე მეტ მატჩში მონაწილეობის მიღება
ცნობილი ტოპ ლიგის ისტორიაში უამრავ ლეგენდარულ ფეხბურთელს მოურგია ადგილობრივი გუნდის მაისური, თუმცა ინგლისური ფეხბურთის ყველა დიდი რეკორდი მათ ნამდვილად არ ეკუთვნით.
საშუალო დონის გუნდები და ფეხბურთელები ამ ქვეყანაში ხშირად ამახსოვრებენ მაყურებელს თავს, თუმცა ერთ–ერთი მათგანის მიერ დამყარებული რეკორდი მართლაც ყველაზე გამორჩეულია ამ ლიგის ისტორიაში.
გარეთ ბერის კარიერა შესაძლოა ბევრი რამით არ გამოირჩეს, თუმცა მან ინგლისური ფეხბურთის ფანებს თავი სტაბილური გამოსვლებითა და ყველაზე მეტი რაოდენობის მატჩში მონაწილეობის მიღებით ნამდვილად დაამახსოვრა.
ინგლისელმა ფეხბურთელმა საკუთარი ქვეყნის ყველაზე პრესტიჟურ დივიზიონში 650–ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. იგი ასევე ერთადერთი აქტიური ფეხბურთელია იმ 15 ტოპ ფეხბურთელს შორის, რომელსაც ინგლისის პრემიერ ლიგაში 500–ზე მეტ შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა.
ამის გამო მის რეკორდს დამხობა ნამდვილად არ ემუქრება და უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვეტერანი ფეხბურთელი ჯერ კიდევ აგრძელებს მის მიერ დამყარებული რეკორდის გაუმჯობესებას.
4. მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე მეტი ოქროს მედალის მფლობელი ფეხბურთელი
მსოფლიო ჩემპიონატის მოგება თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა და ყოველი ტურნირი ფანებს სამუდამოდ ამახსოვრებს თავს. ლეგენდარული თასის აწევისთვის ბრძოლაში არაერთ ცნობილ ფეხბურთელს შეუყვარებია თავი მსოფლიოსთვის და ისტორიაში საკუთარი სახელი ოქროს ასოებითაც ჩაუწერია.
თუმცა, მსოფლიოს ჩემპიონის სირთულის გამო ცნობილი თასის აღმართვა ერთზე მეტჯერ ფეხბურთის ისტორიაში მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო.
ლეგენდარული ჯილდო სულ 20 ფეხბურთელს აქვს მოპოვებული ორჯერ, თუმცა ბრაზილიის ნაკრების ისტორიაში ყველაზე გამორჩეული ფიგურა ერთადერთია, რომელმაც ეს რეკორდი გააუმჯობესა.
პელემ მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მოპოვება სამჯერ მოახერხა და თანამედროვე ფეხბურთის სირთულიდან გამომდინარე, საეჭვოა მსგავსი მიღწევა ვინმემ გაიმეოროს.
3. ზედიზედ 20 მატჩის ჩატარება გოლის გაშვების გარეშე.
ფეხბურთის ისტორიაში მეკარეებს უამრავი რეკორდი აქვთ დამყარებული, თუმცა მათთვის ყველაზე დიდ გამოწვევას უგოლო მატჩების სტაბილურად, ერთმანეთის მიყოლებით ჩატარება წარმოადგენს.
უამრავ გამორჩეულ მეკარეს შეუნახავს კარი მშრალად ზედიზედ რამდენიმე თამაშში, თუმცა მსგავსი სტაბილური გამოსვლის გაგრძელება 20 მატჩის განმავლობაში ფეხბურთის სამყაროსთვის ერთ–ერთ ყველაზე დიდ მიღწევად ითვლება.
აღნიშნული გმირობის ავტორი “ვასკო და გამას” მეკარე ჟერალდო მაზაროპია, რომელმაც საკუთარი გუნდის კარი გოლისგან 1816 წუთის განმავლობაში წარმატებულად დაიცვა.
ბოლო დეკადების განმავლობაში ფეხბურთის ინტენსივობის საგრძნობლად ზრდის გამო მსგავსი სტატისტიკის შენარჩუნება თითქმის შეუძლებელია.
2. ყველაზე დიდი მანძილიდან გატანილი გოლი
გულშემატკივრებისთვის გოლისგან გამოწვეული ემოციები უმთავრეს სიამოვნებას წარმოადგენს ფეხბურთის ყურებისას და რაც უფრო შთამბეჭდავია გოლი, სტადიონის ატმოსფერო მით უფრო მეტი სიხარულით ივსება.
მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრის უამრავი სახეობა არსებობს და როგორც გუნდური, ისე ინდივიდუალური ოსტატობის გამოვლინების მომსწრენიც ხშირად ვხვდებით, თუმცა გოლის გატანის ტექნიკასთან ერთად, დარტყმის სიშორე ყოველთვის ერთ–ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და მომნუსხველ ასპექტათ ითვლებოდა.
2014 წელს ასმირ ბეგოვიჩმა ორდინალური მატჩი ფეხბურთის ისტორიის მოწინავე ფურცლებზე მოახვედრა. ცნობილი სპორტისთვის მეკარის მიერ გატანილი გოლი ისედაც იშვიათობას წარმოადგენს, თუმცა “საუთჰემპტონის” კარის დალაშქვრა და ისტორიაში შესვლა ბეგოვიჩმა ყველაზე შორიდან მოახერხა.
მეკარემ თამაშის მიმდინარეობისას საკუთარი საჯარიმოდან განხორციელებული მოულოდნელი დარტყმით გოლი 91.9 მეტრიდან გაიტანა, რითაც ფანებს თავი სამუდამოდ დაამახსოვრა.
1. მაყურებლების რეკორდული რაოდენობა სტადიონის ტრიბუნებზე
ფეხბურთის მიმდინარეობისას გულშემატკივრები საკმაოდ დიდ როლს ასრულებენ და ხშირად მატჩის ანგარიშზეც მოუხდენიათ მნიშვნელოვანი გავლენა.
საფეხბურთო ატმოსფეროს შექმნისა და ტრიბუნებზე წარმოდგენილი სანახაობის გარდა, სხვადასხვა გუნდისთვის სტადიონზე მყოფი ადგილობრივი ფანების რაოდენობა საკმაოდ დიდ როლს თამაშობს ჩემპიონატის მნიშვნელოვან თამაშებში.
გრანდების დაპირისპირება და მნიშვნელოვანი სატურნირო მატჩები ყოველთვის დიდ ინტერესს იპყრობს მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, თუმცა სტადიონის ტრიბუნების რაოდენობა მილიონობით ფანისთვის არასდროს არ არის საკმარისი.
1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ერთ–ერთი ყველაზე დიდი მოვლენაა სპორტის ისტორიაში და შესაბამისად მასზე დასწრების სურვილიც საკმაოდ მაღალი იყო. ლეგენდარული სტადიონი “მარაკანა” იმ დროისთვის მართლაც გამორჩეულ ლოკაციას წარმოადგენდა და ამ მატჩის დროს 199,854 ათასი მაყურებლის დატევა შეძლო.
ბრაზილიისა და ურუგვაის ნაკრების შეხვედრაზე დამსწრე გულშემატკივრების რაოდენობა მართლაც რეკორდული იყო და ამ რიცხვის გაუმჯობესება დღეს ნამდვილად შეუძლებელია, რადგან თანამედროვე სტადიონებზე მსგავსი რაოდენობის მაყურებლის ერთდროულად ყოფნა უსაფრთხოების სტანდარტებიდან გამომდინარე აკრძალულია.