მთავარი საკითხავი როგორ შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ ერთ თვეში?

როგორ შეცვალო შენი ცხოვრება უკეთესობისკენ ერთ თვეში?

by guramus

ბლოგერი სვეტლანა პოკვერსკაია პირობას გვაძლევს, რომ ერთ თვეში ვეღარ ვიცნობთ საკუთარ თავს, თუ მის რჩევებს ზედმიწევნით ზუსტად მივყვებით.

ბლოგერი ამბობს, რომ ერთერთმა მისმა ერთგულმა მკითხველმა შთააგონა და სვეტლანამაც გადაწყვიტა ბლოგპოსტი დაეწერა, თუ როგორ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება.

“_ ერთ დღეს ჩემმა ერთერთმა მკითხველმა მომწერა, რომ უნდოდა ჩემნაირი ცხოვრება ჰქონოდა. დავფიქრდი, ნუთუ განსაკუთრებული ცხოვრება მაქვს და სურთ სხვებს რომ მომბაძონ? _ ალბათ მაქვს! და გადავწყვიტე ჩემი მკითხველისთვის შემექმნა დავალებების ნაკრები, რომლებიც მათ ცხოვრებას უკეთესობისკენ შეცვლიდა. დავალებები ოთხ ნაწილად, ოთხ კვირად დავყავი. თითოეულ კვირაში სამი დავალების შესრულება მოგიწევთ.”

I კვირა – ვწმენდთ სხეულს და გონებას

  1. ვიღვიძებთ ადრე! _ დილის 6 საათზე იწყება ჩვენი დილა. ეს ის დროა, როცა ირგვლივ სიწყნარე და სიმშვიდეა. მერწმუნეთ, შეუცვლელი დროა დღის დასაწყებად. წარმოიდგინეთ, ყველას სძინავს, თქვენ კი მშვიდ გარემოში ემზადებით საქმეების შესასრულებლად. გარდა ამისა, აუცილებელია გამამხნევებელი ვარჯიშების გაკეთებაც. დაუთმეთ დრო მსუბუქ ვარჯიშებს, 10-15 წუთი სრულიად საკმარისია ორგანიზმის გამოსაცოცხლებლად.
  2. ვიკვებებით უკეთესად! _ ალკოჰოლი, სიგარეტი, ცხიმიანი და ცხოველური საკვები ცუდად მოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. საჭიროა გავაკონტროლოთ დღის რაციონი. არაჯანსაღი საკვები ჩაანაცვლეთ ჯანსაღით. რაციონში შეიტანეთ ბოსტნეული და ცილებით მდიდარი საკვები.
  3. დაკავდით სპორტით! _ დაფიქრდით სპორტის რომელი სახეობა მოგწონთ და დაიწყეთ ვარჯიში. სპორტი არამარტო სხეულს, გონებასაც ავარჯიშებს.

II კვირა – ვაწესრიგებთ პირად ცხოვრებას

  1. მოვაწესრიგოთ პირადი სივრცე _ მოისროლეთ ყველა ის ნივთი, რომელიც არ გჭირდებათ და ტყუილად იკავებს ადგილს თქვენს ოთახში. გახსოვდეთ, არ აქვს მნიშვნელობა რამხელაა ნივთი, დიდი თუ პატარა, ის თქვენს ენერგიას შთანთქავს. დიახ, რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ნივთები გვართმევენ ენერგიას. ამიტომ, რაც უფრო ცოტა უსარგებლო ნივთი იქნება თქვენს გარშემო, მეტად თავისუფლად და ენერგიულად იგრძნობთ თავს.
  2. მოაწესრიგეთ ფინანსური მხარე _ გადაიხადეთ კომუნალური გადასახადები, საბანკო კრედიტები და სხვა ფინანსური ვალდებულებები დროულად, რათა მუდმივად არ იყოთ გადართული მათზე.
  3. მოაწესრიგეთ ურთიერთობები _ დატოვეთ ყველა ის ადამიანი წარსულში, რომელიც ცუდ გავლენას ახდენს თქვენზე და ხელს გიშლით წარმატებაში. დაფიქრდით რაში გჭირდებათ “მეგობარი”, რომელსაც თქვენში ეჭვი ეპარება და ფიქრობს რომ წარმატებას ვერ მიაღწევთ?_ არც არაფერში! ამიტომ მისი ადგილი წარსულშია.

III კვირა – გეგმები, მიზნები, ოცნებები

  1. დაგეგმეთ _ თუ წინა კვირების დავალებები წარმატებით შეასრულეთ, ახლა უკვე მხნედ უნდა გრძნობდეთ თავს და მზად უნდა იყოთ შემდეგი კვირის დასაწყებად.
    მესამე კვირის პირველი დავალება მოიცავს მომავლის დაგეგმვას. დაფიქრდით, რა გსურთ ცხოვრებაში. რას გინდათ რომ მიაღწიოთ და დეტალურად დაწერეთ ფურცელზე. აზრების ფურცელზე გადატანა ხელს უწყობს მათ ასრულებას. შემდეგ თვეში ერთხელ ან ორჯერ გადაიკითხეთ ხოლმე თქვენი დაწერილი.
  2. ჩამოწერეთ თქვენი ყველაზე მიუღწეველი ოცნებები _ ეს დავალება რეგულარულად უნდა აკეთოთ. მიეცით ფანტაზიას გასაქანი, იოცნებეთ მასშტაბურად. გახსოვდეთ, რაც უფრო დიდია ოცნება, მით უფრო რეალურია მისი მიღწევა. მთავარია გჯეროდეთ ოცნებების ასრულების. როგორც ამბობენ, ის ვინც ბევრს ოცნებობს უფრო მეტს აღწევს, ვიდრე ის, ვინც საერთოდ არ ოცნებობს.
  3. დაგეგმეთ დღე _ წინა საღამოს ჩამოწერეთ მომდევნო დღის გეგმები. ეს დაგეხმარებათ არაფერი გამოგრჩეთ და აუცილებელი საქმეები გასაკეთებელი არ დაგრჩეთ.

IV კვირა – გაიფართოვეთ თვალსაწიერი

  1. შეცვალეთ ცხოვრება _ შეეცადეთ სულ უმნიშვნელო დეტალი მაინც შეცვალოთ ცხოვრებაში. დაფიქრდით რის გაკეთება გინდოდათ, მაგრამ რაღაცის გამო არასოდეს გიცდიათ? პარაშუტით გადმოხტომა გინდოდათ ხომ, მაგრამ ვერა და ვერ გაბედეთ? _ ხოდა დროა ეს გააკეთოთ! გასინჯეთ უცხო საჭმელი, მიირთვით ყავა, დატკბით ცხოვრების მოულოდნელობებით. აღმოაჩინეთ რაღაც ახალი.
  2. გამოდით კომფორტის ზონიდან _ თუ წინა დავალებები შეასრულეთ, მერწმუნეთ დიდი ნაბიჯი გაქვთ გამოდგმული კომფორტის ზონიდან, მაგრამ უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. დაფიქრდით რა არის თქვენი ცხოვრების ყველაზე დიდი შიში და ვაჟკაცურად შეხედეთ მას თვალებში. დროა დაძლიოთ შიშები, რადგან ისინი არ გვაძლევენ საშუალებას მივაღწიოთ წარმატებას.
  3. დაისვენეთ _ გამორთეთ ტელევიზორი, მოშორდით ინტერნეტს, გადით ქალაქიდან და გაატარეთ დრო მარტომ. ეს თქვენ ნამდვილად დაიმსახურეთ. 11 უმნიშვნელოვანესი დავალების შესრულება ადვილი არ არის. ახლა დრო გჭირდებათ რომ მიხვდეთ რამდენი რამ შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში. თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ დაგვივალებია, ხომ? თქვენ, უბრალოდ, გაათავისუფლეთ თქვენი ცხოვრება ნაგვისგან, რომელიც გართმევდათ ენერგიას და ამცირებდა თქვენს პროდუქტიულობას.

 

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: