მთავარი კულინარია ყაბაყის რულეტი ფარშით

ყაბაყის რულეტი ფარშით

by Keti

ადგილობრივი ყაბაყი უკვე კაი ხანია იყიდება. სასიამოვნოა, რადგან ამ პროდუქტისგან უამრავი კერძის დამზადებაა შესაძლებელი. დღეს გთავაზობთ მარტივ, მაგრამ უჩვეულო რეცეპტს – ყაბაყისა და ფარშის საინტერესო კომბინაციას. ის ჩვეულებრივ დღეებშიც  შესამჩნევი კერძია და სადღესასწაულო სუფრებზეც მისაღები.

ინგრედიენტები

  • 2 ცალი ყაბაყი
  • 2 ს.კ. ფქვილი
  • 1 ცალი ხახვი
  • 4 ცალი კვერცხი
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 100 გ მაგარი ყველი
  • მწვანილი, მარილი, პილპილი გემოვნებით

მომზადება

  1. ყაბაყი გარეცხეთ და გახეხეთ მხვილ სახეხზე. ზედმეტი წვენის მოსაშორებლად კარგად გაწურეთ.
  2. ღრმა ჯამში ათქვიფეთ კვერცხი, მარილი, პილპილი და ეს მასა დაასხით ყაბაყს. დაამატეთ მწვანილიც და კარგად აურიეთ.
  3. ნარევში ჩაყარეთ ფქვილი და კვლავ აურიეთ. ყაბაყის ცომი თანაბრად გაანაწილეთ საცხობ ფორმაზე, რომელსაც პერგამენტი აქვს ჩაფენილი და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.

4. გაფცქვენით და დაჭერით ხახვი, მოშუშეთ ზეთში სანახევროდ. დაამატეთ ქათმის ფარში და გააგრძელეთ შუშვა. თან პერიოდულად ურიეთ. ბოლოსკენ ჩაამატეთ მარილი და პილპილი.

5. ფარში მოათავსეთ ღრმა ჭურჭელში. დააყარეთ გახეხილი ყველი და აურიეთ. გამომცხვარი ყაბაყი პერგამენტიანად გადაიტანეთ ხელსახოცზე. მის ზედაპირზე გადაანაწილეთ ხორცი და გადაახვიეთ რულეტივით.

6.   რულეტი იმავე ქაღალდით შედგით გაცხელებულ ღუმელში, 10 წუთით, იმისთვის, რომ ყველი გადნეს.

მზა რულეტი სუფრასთან შეგიძლიათ მიიტანოთ როგორც ცივ, ასევე ცხელ მდგომარეობაში. დაჭერით პორციებად და დატკბით გემოების შესანიშნავი შეხამებით. უფრო ფაფუკი რულეტის მოსამზადებლად  ხორცის ნაცვლად გამოიყენეთ სოკო.

გემრიელად მიირთვით და გაუზიარეთ რეცეპტი სხვებსაც.