მთავარი საკითხავი ტურისტი ჰავაიზე ვულკანში ჩავარდა

ტურისტი ჰავაიზე ვულკანში ჩავარდა

by guramus

გასულ კვირას ჰავაის ნაციონალურ პარკში, ერთ-ერთი ვიზიტორი 20 მეტრი სიმაღლიდან კილაუეას კრატერში ჩავარდა. ეს პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.

საბედნიეროდ, ტურისტი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გადარჩა. იგი სტაბილურ მდგომარეობაშია და ინციდენტის და დაზიანებების შესახებ თავად ყვება.

დაზარალებული 32 წლის ჯარისკაცია, რომელიც კლდის უკეთ დასანახად, უსაფრთხოებისთვის დაყენებულ სპეციალურ მეტალის ღობეზე აძვრა, წაბორძიკდა და წონასწორობა დაკარგა. ორ საათნახევრის შემდეგ, კრიტიკულ მდგომარეობებზე პასუხისმგებელმა პირებმა ის ცოცხალი, თუმცა სერიოზულად დაშავებული იპოვნეს. მათ სასწრაფოდ გადააფრინეს ის უახლოეს სამედიცინო ცენტრში, სადაც ექიმებმა მას საგანგებო დახმარება სწრაფადვე აღმოუჩინეს.

საბედნიეროდ, უკანასკნელი 8 თვის მანძილზე ამ საშიშ ზონაში სეისმური აქტივობა წინა წლებთან შედარებით შესამჩნევად დაბალი იყო, მაგრამ კილაუეა მაინც ძალიან აქტიური და სახიფათო ვულკანია. წინა წელს, აქ 113,500,000 კუბურმა მეტრმა ლავამ ერთი თვის მანძილზე ამოხეთქა. ეს საკმარისია იმისათვის, რომ მთელი მანჰეტენი დაიფაროს მწველი ნაკადით.

ამ ჯარისკაცის ისტორია კარგი მაგალითია იმისა, რომ მსგავს ადგილებში არ გავთამამდეთ და უსაფრთხოებისთვის დამონტაჟებულ მოაჯირებს ფრთხილად მოვეკიდოთ, არ აქვს მნიშვნელობა რამდენად მომხიბვლელია ხედი. მსგავსი მიზეზით რამდენიმე ადამიანია გარდაცვლილი, ამავე პარკში უახლოესი ფაქტი 2017 წელს მოხდა.

„ვიზიტორებმა არასდროს არ უნდა გადალახონ უსაფრთხოების ბარიერები, განსაკუთრებით საშიში კლდეების გარემოცვაში – აცხადებს პარკის მთავარი რეინჯერი ჯონ ბროვარდი – ამან შესაძლოა მოტეხილობები და უკიდურეს შემთხვევაში სიკვდილიც გამოიწვიოს“.

ადგილობრივები ამ ვულკანს საკმაოდ კარგად იცნობენ და მას ვულკანების ქალღმერთის სახელთანაც კი აკავშირებენ საკმაოდ აქტიურად. აღნიშნული ვულკანი მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეებშიც კი ძალიან აქტიური იყო და თითქმის არ შეჩერებულა მისი სეისმური და საკმაოდ საშიში პროცესები ამდენი ხნის მანძილზე. რამდენიმე ამოფრქვევისა და ძლიერი აქტივობების შემდეგ, წინა საუკუნის შუა წლებში ვულკანმა თითქოს მიიძინა, თუმცა მისი დამანგრეველი სეისმური პროცესები 1983 წლიდან კვლავ აქტიურად განახლდა.

სწორედ ამიტომ ეს ზონა საკმაოდ საშიშ ტერიტორიად ითვლება ყველა იმ ტურისტისა თუ დამსვენებლისთვის, რომელიც ამ რეგიონს წელიწადის ნებისმიერ დროს აკითხავს. აქ ჩამოსული ადამიანებისთვის ხშირად ვულკანის ახლოს მისვლა და ამ შემაშფოთებელი სანახაობით დატკბობა საკმაოდ მომხიბვლელ ატრაქციონად ითვლება და ამის გამო ისინი ძალიან ხშირად რისკავენ საკუთარ სიცოცხლესაც კი იმისათვის, რომ კლდიდან რაიმე ლამაზ ხედს მოკრან თვალი.