მთავარი კულინარია სხვადასხვა კენკრის ტორტი – შესანიშნავი საზაფხულო დესერტები

სხვადასხვა კენკრის ტორტი – შესანიშნავი საზაფხულო დესერტები

by guramus

სტუმრების აღფრთოვანებაში მოსაყვანად სულ არ არის საჭირო უზარმაზარი და მრავალსართულიანი ტორტების გამოცხობა. კენკრის ტორტები ისე თვალისმომჭრელად და მადისაღმძვრელად გამოიყურება, რომ ნებისმიერ გურმანს მოხიბლავს. სხვადასხვა ფერის, ტექსტურისა და გემოს შეხამება – რა უნდა იყოს უკეთესი სადღესასწაულო თუ ჩვეულებრივი სუფრისთვის?

კენკროვანი ტორტების რეცეპტები:

ახალი მარწყვის ტორტი

ინგრედიენტები

  • 110 გ კარაქი
  • 150 გ ფქვილი
  • 200 გ შაქარი
  • 1 კგ მარწყვი
  • 250 მლ წყალი
  • 100 გ მარწყვის ჟელე
  • 3 ს. კ. სიმინდის სახამებელი

მომზადება

  1. დარბილებულ კარაქს შეურიეთ 3 სუფრის კოვზი შაქარი. დაამატეთ ფქვილი და მოზილეთ ფხვიერი ცომი, მოაგუნდავეთ, დააფარეთ საკვები ცელოფანი და შედგით საყინულეში 15 წუთით.
  2. ცომი გააბრტყელეთ საშუალი სისქის ფირფიტის სახით, გადაიტანეთ მრგვალ საცხობ ფორმაში და გაუკეთეთ ნაპირები. შედგით 190 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთით. მზა ფირფიტა სრულად გააციეთ.
  3. წყალი, დარჩენილი შაქარი და სახამებელი შეურიეთ ერთმანეთს და დადგით დაბალ ცეცხლზე. მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 3 წუთი, გასქელებამდე.
  4. ცხელ მასაში ჩაყარეთ მარწყვის ჟელე, კარგად აურიეთ.
  5. მარწყვი გარეცხეთ, მოაცილეთ ყუნწები, დაჭერით სიგანეზე და დააწყვეთ გამომცხვარ ფირფიტაზე. მოასხით ჟელეს მასა. ტორტი შედგით მაცივარში 1,5 საათით.

იოგურტის ტორტი შავი მოცხარით

ინგრედიენტები

  • 2 კვერცხი
  • 150 გ შაქარი
  • 100 მლ კეფირი
  • 150 გ ფქვილი
  • 1 ჩ.კ. ვანილის შაქარი
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  • 25 მლ ზეთი
  • 800 მლ სასმელი იოგურტი დანამატების გარეშე
  • 20 გ სწრაფად ხსნადი ჟელატინი
  • 50 მლ რძე
  • 1,5 ჭიქა მოცხარი

მომზადება

  1. ათქვიფეთ კვერცხი ვანილისა და 100 გრამ ჩვეულებრივ შაქართან ერთად. ჩაასხით მასში კეფირი და ზეთი. დაამატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი. კარგად აურიეთ. ცომი გადაიტანეთ მოსახსნელ ფორმაში და გამოაცხეთ 180 გრადუსზე 25 წუთის განმავლობაში. გააციეთ ბოლომდე.
  2. ჟელატინს დაასხით წყალი, აცადეთ გაფუება. შემდეგ გააცხელეთ მიკროტალღურში ან წყლის აბაზანაზე სრულ გახსნამდე. არ მიიყვანოთ ადუღებამდე!
  3. იოგურტს შეურიეთ დარჩენილი შაქარი, დაამატეთ ჟელატინიანი რძე და გარეცხილი მოცხარი. აურიეთ.
  4. მასა დაასხით გამომცხვარ ცომს ფორმაშივე და შედგით მაცივარში კარგად გასაციებლად. სუფრაზე მიტანის წინ მოხსენით ფორმა.

კენკრის ტორტი გამოცხობის გარეშე

ინგრედიენტები

  • 300 გრამი მზა ბისკვიტი
  • 500 გ 10-15% ცხიმიანობის არაჟანი
  • 170 გ შაქარი
  • 3 ს.კ. ჟელატინი
  • 400 გ კენკრის ასორტი
  • 100 მლ წყალი

მომზადება

  1. დატეხეთ ორცხობილა პატარა ნატეხებად. ჟელატინს დაასხით წყალი, დატოვეთ 30 წუთით. შემდეგ გაადნეთ მიკროტალღურში ან წყლის აბაზანაზე.
  2. არაჟანი ათქვიფეთ შაქართან ერთად. დაამატეთ ჟელატინი, კენკრა და ორცხობილას ნატეხები. აურიეთ.
  3. ღრმა თასში ჩააფინეთ საკვები ცელოფანი, ჩაასხით მასში მომზადებული მასა და შედგით მაცივარში მთელი ღამით. სუფრაზე მიტანის წინ თასი გადააბრუნეთ დიდ თეფშზე და ცელოფანი მოაცალეთ.

ხაჭოსა და ჟოლოს ტორტი გამოცხობის გარეშე

ინგრედიენტები

  • 500 გ ცხიმიანი ხაჭო
  • 400 გ ჟოლო
  • 10 გ ვანილის შაქარი
  • 125 გ შაქარი
  • 200 გ არაჟანი
  • 20 გ სწრაფადხსნადი ჟელატინი
  • 500 გ შვრიის ორცხობილა
  • 150 გ კარაქი

მომზადება

  1. ორცხობილა დააქუცმაცეთ, შეურიეთ დარბილებულ კარაქს. მოსახსნელი ფორმის ძირზე წაუსვით კარაქი. ჩაყარეთ მასში დამტვრეული ორცხობილა მჭიდროდ, დააწექით კოვზით.
  2. ჟელატინს დაასხით წყალი და დატოვეთ გასაფუებლად. ხაჭო და არაჟანი ათქვიფეთ მიქსერით. დაამატეთ ჩვეულებრივი და ვანილის შაქარი და კვლავ ათქვიფეთ.
  3. ჟელატინი გაადნეთ მიკროტალღურში ან წყლის აბაზანაზე და ჩაასხით ხაჭოს მასაში.
  4. ორცხობილიან მასაზე დაალაგეთ ჟოლო (ცოტა მოსართავად დატოვეთ). დაასხით ზემოდან ხაჭოსა და ჟელეს მასა. ტორტი მორთეთ კენკრით და შედგით მაცივარში კარგად გასაციებლად.

კენკროვანი შედევრებით თქვენი ახლობლები აღფრთოვანებაში მოვლენ. ეს ტორტები ყველას გამოუვა, რაც არ უნდა გამოუცდელი იყოს კულინარიაში. ასე, რომ  გაუზიარეთ მეგობრებსაც შესანიშნავი რეცეპტები. ისინი მადლიერნი დაგრჩებიან.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: