მთავარი საკითხავი „თავს ვიკავებდი და მხოლოდ ერთადერთხელ ვწერ ამ ყველაფერს და აღარასოდეს განვმეორდები“ – მამა იერონიმე მიმართვას ავრცელებს

„თავს ვიკავებდი და მხოლოდ ერთადერთხელ ვწერ ამ ყველაფერს და აღარასოდეს განვმეორდები“ – მამა იერონიმე მიმართვას ავრცელებს

by guramus

მამა იერონიმე სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართვას ავრცელებს:

„ის ადამიანები, რომლებიც კრიტიკული და ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩევით სასულიერო პირების მიმართ, რომლებიც იყენებენ სოციალურ ქსელს, საერთოდ ოდესმე დაფიქრებულხართ, რისთვის შეიძლება დასჭირდეს სოციალური ქსელი სასულიერო პირს?

 

საერთოდ, არ მიყვარს ამ თემაზე საუბარი, უბრალოდ, თქვენივე სიმშვიდისთვის ვიღებ ხმას.

 

დავიწყოთ ჩემით. 4500 მეგობარი მყავს კონკრეტულად „ფეისბუქზე”, ერთი წლის წინ, დაახლოებით 20-მდე ადამიანმა რატომღაც მომწერა, რომ გეგმავდნენ და აპირებდნენ სუიციდს და ღვთის წყალობით, საუბრის შემდეგ გადაიფიქრეს.

 

მრავალი სასოწარკვეთილი, გაჭირვებული, გულნატკენი, დამძიმებული, ზოგიც მოძღვრის მიერ დაბრკოლებული და ა.შ. ადამიანი მწერს, რომლებმაც ვერ იპოვეს სხვაგან ნუგეში და მე მთხოვეს დახმარება, ამ ადამიანებს უარი ვუთხრა და გავაძევო მხოლოდ იმიტომ, რომ „ხალხი რას იტყვის”?

 

იცით, რომ სწორედ ამ სოციალური ქსელის საშუალებით ჩავუტარე კატეხიზაცია ათობით ადამიანს, რომლებმაც შემდეგ მართლმადიდებლური სარწმუნოება მიიღეს?

 

იცით, რომ უამრავი ადამიანი მწერს, რომ უნდათ, მათი სახელები მოხსენიებულ იქნას ათონის მთაზე მოღვაწე მამების ლოცვებში, რადგან ზოგი მათგანი მხოლოდ უფლის იმედზეა დარჩენილი და სიცოცხლისთვის იბრძვის?

 

ქველმოქმედებაზე ლაპარაკი მძაგს და საერთოდ არ ვეხები ამ თემას.

 

იცით, რამდენმა ადამიანმა გადაიფიქრა ჩემთან საუბრის შემდეგ აბორტის გაკეთება?!

 

იცით, რამდენი ადამიანი დაუბრუნდა ეკლესიის წიაღს, რომლებიც კონკრეტულმა სასულიერო პირებმა გააძევეს აღსარებიდან, მათი მძიმე ცოდვების გამო?!

 

იცით, რამდენი ათეისტი მწერს, რომლებსაც უამრავი კითხვა აქვთ და პასუხს არავინ სცემს, რადგან ათეისტია?!

 

იცით, რამდენი უშვილო თუ შვილმკვდარი დედა მწერს, რომლებსაც ნუგეში სჭირდებათ?!

 

იცით, რამდენი ჭირისუფალი მწერს, რომელთაც აღარაფრის იმედი აქვთ ამქვეყნად?!

 

რისთვის უნდა მინდოდეს, ხალხნო, „ფეისბუქზე” ყოფნა, როცა 24 საათიდან 15 საათი მხოლოდ ლოცვა მიმდინარეობს ჩვენს მონასტერში და ამის გარდა, უამრავი სხვა საქმე?! როცა ფაქტობრივად, ბერებს 4 საათი გვძინავს დღე-ღამეში.

 

მე შეყვარებული არა მყავს და ცოლ-შვილი და აღარ ვმუშაობ იქ, სადაც ადრე ვმუშაობდი. რისთვის უნდა ვიყენებდე სოციალურ ქსელს, გიფიქრიათ ამაზე?!

 

აღარ მინდა უბრალოდ გავაგრძელო…

 

მე თავს ვიკავებდი და მხოლოდ ერთადერთხელ ვწერ ამ ყველაფერს და აღარასოდეს განვმეორდები.

 

დიახ, ვარ სოციალური ქსელის მომხმარებელი და ვიქნები ყოველთვის, იმიტომ, რომ როცა 20 წლის გოგონა მეუბნება: „მამაო, ძალიან ცუდად ვარ და ვერავის ვესაუბრები, ახლა მხოლოდ თქვენ შემიძლია გაგანდოთ ჩემი სულის ტკივილი ან ისეთ მდგომარეობაში ვარ, რომ მხოლოდ თვითმკვლელობა მაქვს გამოსავალი”, მაპატიეთ, მაგრამ მე ყველა კანონს დავარღვევ და არც ლოცვაზე ჩავალ და არც დავიძინებ და თუნდაც 5 საათი რომ მომიხდეს მასთან მიმოწერა, იმის ხარჯზე, რომ მისი სული გადავარჩინო, ამას გავაკეთებ!

 

მე არავის ვუვარდები კომენტარებში და არ ვლანძღავ, ზუსტად ვიცი, რისთვის ვიყენებ სოციალურ ქსელს, ეს თქვენ იყენებთ იმისთვის, რომ სასულიერო პირებს ჩაუსაფრდეთ, დასცინოთ, განიკითხოთ და სქრინები დაუდოთ, რომ საღადაო თემად აქციოთ.

ადამიანი თვითონ რისთვისაც იყენებს, იმავენაირად ფიქრობს სხვაზეც და ამიტომ გვლანძღავენ, რადგან ჰგონიათ, იმავეს ვაკეთებთ, რასაც თვითონ აკეთებენ და ამიტომ უკვირთ, რომ თურმე ჩვენც ვსარგებლობთ სოციალური ქსელით.

 

არსებობს ასეთი საიტი: mkurnali.ge, რომელიც უამრავ ადამიანს ეხმარება სხვადასხვა ჯანმრთელობის პრობლემის გამკლავებაში, სადაც ექიმები ონლაინში პასუხობენ პაციენტის შეკითხვებს, რომელთაც ან ექიმთან მისასვლელი თანხა არ აქვთ, ან რომელთაც ფიზიკურად არ შეუძლიათ მისვლა ექიმთან, გარკვეული მიზეზების გამო. ეს არის ძალიან კარგი დახმარება 21-ე საუკუნის საზოგადოებისთვის და წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო მნიშვნელოვანი და დიდია ადამიანის სულიერი მდგომარეობა და მისი პრობლემა, რომელიც შეიძლება ერთ წამში შეიცვალოს კარგის ან ცუდის მხრივ?!

 

რაც შეეხება იმათ, ვინც ჩემს წვერს და ასაკს სანტიმეტრებში ზომავს, გეტყვით, რომ არავის თავს არ ვადარებ მე ცოდვილი, მაგრამ იოანე ოქროპირმა უწვეროდ დატოვა საღვთისმეტყველო შემოქმედება და იოანე ღვთისმეტყველმა უწვეროდ დაგვიტოვა ჩემთვის გამორჩეული „იოანეს სახარება”. იმისთვის, რომ ადამიანს დაეხმარო ან იმისთვის, რომ ჭეშმარიტება იღაღადო, არ არის საჭირო გრძელი წვერი და ყვავის ასაკი, მთავარია გული… რომელიც არ იზომება.

 

„ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია!” – წერს მამა იერონიმე.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: