მთავარი კულინარია ყაბაყი კაპიკები ღირს, მაგრამ შესანიშნავი რულეტები შეგიძლიათ მოამზადოთ. აი რეცეპტები

ყაბაყი კაპიკები ღირს, მაგრამ შესანიშნავი რულეტები შეგიძლიათ მოამზადოთ. აი რეცეპტები

by guramus

ბაზარი და მარკეტები სავსეა ყაბაყით. ამიტომ ასე ხშირად გთავაზობთ ამ სასარგებლო ბოსტნეულისგან მომზადებული სხვადასხვა კერძის რეცეპტს. სეზონურ ხილს და ბოსტნეულს მართლაც არაფერი შეედრება. მრავალფეროვანი რეცეპტების არსებობის მიუხედავად მაინც რაღაც სიახლე სურს ყველას – დიასახლისსაც და მისი ოჯახის წევრებსაც. აღარაფერს ვამბობთ სურვილზე, რაც შეიძლება უფრო ორიგინალური კერძით მოვაწონოთ თავი სტუმარს.

დღეს სწორედ ასეთ განსხვავებულ და საინტერესო ორ რეცეპტს მოგაწვდით. დარწმუნებულები ვართ, მათი გემო ყველას სასიამოვნოდ გააოცებს. ეს არის ყაბაყის რულეტი ხორცითა და ქამა სოკოთი, რომელიც საკმარისი რაოდენობით გამოდის მთელი ოჯახისთვის და ამასთან მზადდება იოლად. მეორე სახის რულეტი კი ქათმის ფილეთი და ხაჭოთია წარმოდგენილი.

ყაბაყის რულეტი ფარშითა და ქამა სოკოთი

გთავაზობთ რამდენიმე სასარგებლო რჩევას, რომელთა გათვალისწინების შედეგად კერძი არაჩვეულებრივი გამოვა:

ყაბაყი აუცილებლად გაწურე ზედმეტი წვენის მოსაშორებლად, რათა ის ცხობის პროცესში არ გამოვიდეს.

ასევე, მთლიანი კვერცხის ნაცვლად ცომში სჯობს გამოიყენო ორი კვერცხის გული.

ინგრედიენტები

  • 300 გ ყაბაყი
  • 100 გ ხორცის ფარში
  • 50 გ ქამა სოკო
  • ერთი ცალი კვერცხი
  • 2 ან 3 ს. კ. მანის ბურღული
  • ორი ს. კ. ფქვილი
  • 1/4 ჩ. კ. მარილი
  • 1/4 ჩ. კ. პილპილი
  • 50 გ ხახვი
  • სამი ს. კ. არაჟანი
  • 50 გ ყველი
  • 30 გ კამა

მომზადება

1. ნახევარი ყაბაყი გახეხე მსხვილ სახეხზე. შემდეგ გაწურე.

2. თასში ერთმანეთს შეურიე ყაბაყი, ფქვილი, კვერცხი, მანის ბურღული, მარილი და პილპილი.

3. ნარევი გაყავი სამ ტოლ ნაწილად ბლინების გამოსაცხობად.

4. საცხობს დააფინე პერგამენტი და მოათავსე მასზე 3 მოგრძო ბლინი. ყაბაყის ცომი გამოაცხე 180 გრადუს ტემპერატურაზე 15 წუთის განმავლობაში. არ დაგავიწყდეს ბლინების გადაბრუნება, რათა ორივე მხარე კარგად დაიბრაწოს. თუმცა ერთი მხარე ბოლომდე არ გამოაცხო, რათა რულეტის გადახვევა საბოლოოდ ადვილი იყოს.

5. ხახვი და სოკო გაასუფთავე და წვრილად დაჭერი. შემდეგ მათ დაამატე ფარში და ყველაფერი ერთად მოშუშე, სანამ ხორცი სრულად არ მომზადდება.

6. გამომცხვარი ბლინების ზედაპირზე დაალაგე ფარშის ფენა სოკოსთან და ხახვთან ერთად და გადაახვიე რულეტის სახით.

7. სოუსისთვის მოამზადე ნარევი არაჟნის, გახეხილი ყველისა და დაჭრილი კამისგან. სუფრაზე მიტანის წინ კი მზა რულეტს წაუსვი ეს სოუსი და კვლავ შედგი საცხობ ღუმელში მხოლოდ 2 წუთით.

ყაბაყის რულეტი ხორცისა და სოკოს შიგთავსით დილის საუზმის ერთ-ერთი ვარიანტია. ის პიკნიკზეც მიაქვთ და სადღესასწაულო სუფრასაც ძალიან უხდება. ცომში ყაბაყის არსებობა ამცირებს კერძის კალორიულობას, გემო კი უკეთესი ხდება.

ყაბაყის რულეტი ქათმითა და ხაჭოთი

ინგრედიენტები

  • ორი ცალი ახალგაზრდა ყაბაყი
  • 300 გ ქათმის ფილე
  • 50 გ ყველი
  • ერთი ცალი პომიდორი
  • 50 გ ხაჭო
  • ორი ს. კ. არაჟანი
  • ორი კბილი ნიორი
  • ერთი ს. კ. ზეთი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • ახალი მწვანილი

მომზადება

1. გარეცხილი ყაბაყი დაჭერი არაუმეტეს 0,5 სმ სიგანის ფირფიტებად. მოაყარე მას მარილი, წაუსვი ზეთი და მსუბუქად გამოაცხე ღუმელში 5 წუთის განმავლობაში, სანამ დარბილდება.

2. ქათმის ფილე დაჭერი ზოლებად. მოაყარე მარილი და პილპილი გემოვნებით. ხაჭო არაჟანს შეურიე და ამ ნარევში  მწვანილი და ნიორიც აურიე.

3. გაციებული ყაბაყის ნაჭრებზე დაალაგე ქათმის ფილე. წაუსვი ხაჭოს მასა და მოაყარე გახეხილი ყველი. ნაპირზე დაუდე პომიდვრის ნაჭერი და ყველაფერი გადაახვიე რულეტის სახით. დაამაგრე ხის ჩხირით.

4. რულეტები დაალაგე საცხობზე და გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 25 წუთის მანძილზე. შემდეგ მოაყარე მწვანილი.

მიუხედავად იმისა, რომ ყაბაყი დიეტურ პროდუქტად ითვლება, მისი გადაჭარბებით მიღება მაინც არ არის რეკომენდებული. ვისაც კუჭ-ნაწლავის პრობლემები აწუხებს, უმი ყაბაყი არ უნდა მიიღონ. ხოლო გამომცხვარი და მოშუშული ყაბაყის ნორმა დღეში არაუმეტეს 350 გრამია.

თუ მოგეწონათ ეს კულინარული შედევრები, გაუზიარეთ ისინი თქვენს მეგობრებს!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: