მთავარი ჯანმრთელობა 20 ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც სექსუალური გზით გადადის (სგგი)

20 ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც სექსუალური გზით გადადის (სგგი)

by Keti

ნებისმიერი დაავადება, რომელიც სექსუალური კონტაქტის შედეგად გადადის, ცნობილია, როგორც სექსუალური გზით გადამდები დაავადება/ინფექცია. სგგი ერთი პარტნიორიდან მეორეს გადაეცემა ორალური, ვაგინალური ან ანალური სექსის საშუალებით. დღესდღეობით ბევრი ასეთი ინფექციაა გავრცელებული, რადგან ადამიანები ჯერ კიდევ არ იცნობენ (ან არ იყენებენ) პრევენციის საშუალებებს.

საინტერესო ისაა, რომ ბევრ სგგი-ს არ აქვს ხილვადი სიმპტომები, განსაკუთრებით, დაავადების საწყის სტადიაზე. ამიტომ არის აუცილებელი ხშირი ტესტირება სამედიცინო დაწესებულებებში. სგგი მოიცავს სხვადასხვა სახეობის ინფექციებს – ბაქტერიულს, სოკოვანს, ვირუსულს და პარაზიტულს. ზოგიერთი ინფექცია მშობლიდან ბავშვზეც გადადის – ძუძუთი კვების დროს ან მშობიარობისას, სისხლის საშუალებით. სგგი-სგან თავდაცვის საშუალებაა კონდომების გამოყენება სექსის დროს, რეგულარული ტესტირება და მცირე რაოდენობით სექსუალური პარტნიორი – ეს ყველაფერი ამცირებს დაავადების გადაცემის რისკებს. გაეცანით ჩვენს მიერ ჩამოთვლილ 20 დაავადებას და მათი მკურნალობის გზებს.

1. ადამიანის პაპილომავირუსი (აპვ)

ყველაზე გავრცელებული სგგი არის პაპილომა ვირუსი. მკვლევარებმა ინფექციის 170ზე მეტი ტიპი აღმოაჩინეს, მათგან 40 სექსუალური გზით გადამდებია. ვირუსს არ აქვს სიმპტომები. მე16 და 18 ტიპის პაპილომა ვირუსი საშვილოსნოს ყელის სიმსივნის განვითარების მთავარი მიზეზია. დაავადება არ ინკურნება, თუმცა ქალებში უმეტეს შემთხვევაში ვირუსი თავისთავად ქრება.

დაავადების გადაცემის მცირე შანსი არსებობს კანთან პირდაპირი კონტაქტისას, საერთო ტუალეტების გამოყენების დროს და ა.შ. ადამიანის სხეული წმენს აპვ-ს 90%-ს 2 წლის განმავლობაში, თუმცა რჩება იმის შანსი, რომ ვირუსმა ორგანიზმში ფარულად არსებობა განაგრძოს.

ლატენტური დაავადებაც გადადის სექსუალური კონტაქტით. აპვ-ის მქონე პირთან დაუცველი სექსის შემთხვევაში არსებობს 70% იმის შანსი, რომ ადამიანი თავადაც დაინფიცირდება. აპვ-ის ვაქცინები საუკეთესო პრევენციაა დაავადების წინააღმდეგ. ექიმები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ადამიანმა ეს ვაქცინა პატარა ასაკშივე უნდა გაიკეთოს – 9დან 13 წლამდე, სანამ სექსუალურ ცხოვრებას დაიწყებს.

2. გენიტალური მეჭეჭები

გენიტალური მეჭეჭები სგგი-დ ითვლება ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე 300 წლიდან. მას იწვევს ადამიანის პაპილომავირუსის ზოგიერთი ტიპი. მეჭეჭები ვარდისფერია და კანის ზედაპირზე ჩნდება.

კონდომები და ვაქცინები დაავადების საუკეთესო პრევენციაა. მეჭეჭების სამკურნალოდ იყენებენ სამკურნალო მალამოსა და ხანდახან კრიოთერაპიასაც (სხეულის ყინულებით გაგრილებით მკურნალობა). ამ დროსაც, 3დან 1 შემთხვევაში გენიტალური მეჭეჭების ნაწილი თავიდან აღდგება ხოლმე.

3. აივი / შიდსი

ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი (აივ) 1980 წელს აღმოაჩინეს. შიდსი – შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი აივის გართულებული ფორმაა. შიდსმა 80იანი წლების შემდეგ 35 მილიონზე მეტი ადმიანი იმსხვერპლა მსოფლიოს მასშტაბით. მისი გადაცემა ხდება ისეთი ბიოლოგიური სითხეებით, როგორიცაა სპერმა, ვაგინალური სეკრეტი და სისხლი. ვირუსის ყველაზე დიდი კომცენტრაცია სისხლშია.

შიდსის დიაგნოზის დადგენა ხდება ორგანიზმში აივ ანტისხეულების ან რაიმე სპეციფიური დაავადების/მდგომარეობის აღმოჩენის საფუძველზე. ამ დიაგნოზის დასმა მხოლოდ ლიცენზირებულ კლინიკას შეუძლია. ორგანიზმში აივ-ის არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანს აქვს შიდსი. ყოველი ადამიანი, რომელსაც დაუსვეს “შიდსის დიაგნოზი” აქვს აივ-ი, ხოლო ვისაც აივ-ი აქვს ყველას არ შეიძლება დაუდგინდეს შიდსის დიაგნოზი.

არანამკურნალებ შემთხვევაში ადამიანს შესაძლოა 11 წელი ისე ჰქონდეს აივი, რომ შიდსი არ განუვითარდეს. შიდსი დაავადების ბოლო სტადიაა, რომელიც ანადგურებს იმუნურ სისტემას და იწვევს სიკვდილს. აივის განვითარების შესაჩერებლად დღეს ბევრი საშუალება არსებობს და დაავადების მართვის შემთხვევაში აივ-ის მქონე ადამიანს შიდსი არ განუვითარდება.

4. გონორეა

გონორეა არის სქესობრივი გზით გადამდები ბაქტერიული დაავადება და იგი შეიძლება გადავიდეს ნებისმიერი სახის სქესობრივი კავშირით. გონორეა შეიძლება გადაედოს ბავშვს დედისაგან მშობიარობის პროცესში და გამოიწვიოს ბავშვის თვალის ინფექცია, რაც დაკავშირებულია დაბრმავების მაღალ რისკთან, თუკი მისი მკურნალობა არ მოხდა დროულად და სწორად.

გონორეის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკების მეშვეობით. პრეპარატის მიღება, ჩვეულებრივ, ხდება ინექციის გზით. 7 დღის შემდეგ, ხელმეორედ გასინჯვის შემთხვევაში ექიმი ამოწმებს, რომ განიკურნეთ თუ არა ინფექციისაგან.

5. ბაქტერიული ვაგინოზი (ბვ)

ვაგინაში ბაქტერიების გადაჭარბებული ზრდა ცნობილია, როგორც ბაქტერიული ვაგინოზი. ინფექციის სიმპტომები მოიცავს თეთრ ან ნაცრისფერ გამონადენს, თევზის მსგავს სუნს და წვას შარდვისას. ბაქტერიული ვაგინოზის მქონე ქალს იგივე შანსი აქვს სხვა სგგი გადაედოს, როგორც შიდსის მქონე ადამიანს.

დაავადება ინკურნება ისეთი ანტიბიოტიკებით, როგორიცაა კლინდამიცინი ან მეტრონიდაზოლი.

6. სიფილისი

სიფილისი არის ბაქტერიული ინფექცია. ამ დაავადებას აქვს სამი სტადია: საწყისი, მეორე და მესამე. საწყის და მეორე სტადიებზე ინფექციის გადაცემის რისკი ყველაზე მაღალია.

სიფილისი შეიძლება გადაეცეს სიფილისის წყლულებთან კონტაქტისას ნებისმიერი სახის სქესობრივი აქტის დროს. იგი ასევე გადადის სიფილისის მეორე სტადიის წყლულებთან ახლო ფიზიკური კონტაქტით. ეს წყლულები ადამიანს სხეულის ნებისმიერ ადგილზე
შეიძლება ჰქონდეს. სიფილისი ასევე გადადის სისხლთან კონტაქტის შემთხვევაში და დედიდან შვილზე. მისი მკურნალობა ხდება ექიმის მიერ დანიშნული ანტიბიოტიკებით. არანამკურნალევ შემთხვევაში სიფილისი იწვევს სიკვდილს.

7. გენიტალიების მიკოპლაზმა

გენიტალიების მიკოპლაზმა არის პატარა ბაქტერია, რომელიც ცხოვრობს გენიტალიებთან და საშარდე ტრაქტთან ახლომდებარე კანის უჯრედებში. ის საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება. ამ შემთხვევაში ძალიან მაღალია აივით დაინფიცირების რისკი დაუცველი სექსუალური კონტაქტის დროს.

ინფექცია იწვევს შარდსადინარი არხის სპაზმს კაცებში, ხოლო ქალებში საშვილოსნოს ყელისა და მენჯის ანთებებს. დაავადება საკმაოდ რეზისტენტულია ანტიბიოტიკების მიმართ, ამიტომ მისი მკურნალობა რთულია. დღესდღეობით, აზიტრომიცინის ხუთდღიანი კურსი მიკოპლაზმის მკურნალობის საუკეთესო გეგმაა.

8. ტრიქომონიაზი

ტრიქომონას ვაგინალისი არის სქესობრივი გზით გადამდები გავრცელებული ინფექცია, რომელსაც იწვევს პროტოზოა – მიკროსკოპიული პარაზიტი. ქალებში სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს ჭარბ ვაგინალურ გამონადენს, ქავილს, წელის ტკივილს, ტკივილს სქესობრივი აქტის დროს და ხშირ შარდვას. ხშირ შემთხვევაში, მამაკაცებს სიმპტომები არ შეემჩნევათ, მაგრამ თუკი მათ აქვთ გამონადენი პენისიდან, მათ უჩნდებათ წვის შეგრძნება შარდვისას და შარდვის ხშირი მოთხოვნილება.

ტრიქომონიაზის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკების მეშვეობით. საჭიროა პერიოდული შემოწმება, რათა დაავადება თავიდან არ ,,გაცოცხლდეს”.

9. ვენერული ლიმფოგრანულემა 

ეს არის იგივე ნიკოლ-ფავრის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ქლამიდიოზისგან წარმოშობილი ბაქტერიით. ამ დროს ხდება გენიტალურ არეასთან არსებული ლიმფური კვანძების ანთება, ზოგ შემთხვევაში ინფექცია იწვევს მუცლის ზრდას, მადის შემცირებას და ტემპერატურის მატებას.

სამკურნალოდ იყენებენ ანტიბიოტიკებს და ხშირად გასიებულ ლიმფურ კვანძებს დრენაჟით აშრობენ.

10. მეთიცილინ-რეზისტენტული სტაფილოკოკი

სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექციები, მათ შორის მეთიცილინ-რეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკის ინფექცია, როგორც წესი, თავს იჩენს როგორც მცირე ზომის წითელი ამობურცულობა, რომელიც წააგავს მუწუკს, ფურუნკულას ან ობობის ნაკბენს.

ადრე არ თვლიდნენ, რომ ეს დაავადება სექსუალური გზით გადამდები იყო, ის ხშირად ორგანიზმში ჭრილობის საშუალებით აღწევდა. თუმცა დღევანდელი მონაცემებით, თვლიან, რომ დაავადება სგგი-ს რიცხვს მიეკუთვნება.

11. ბოქვენის პედიკულეზი (ფტირიაზი)

ეს ერთ-ერთი პარაზიტული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ბოქვენის ტილები. გადადების ძირითადი გზა არის სქესობრივი. მკურნალობა ხდება ექიმის მიერ დანიშნული პრეპარატით, რომელიც ისმევა ბოქვენის თმის საფარზე და პერიანალურ ნაწილში. სასურველია, მკურნალობის დროს საწოლის და პირადი თეთრეულის დამუშავება სადეზინფექციო ხნარით.

12. ჰერპესი

ჰერპესი მჟღავნდება მტკივნეულ წყლულებითა და გამონაყარით პირის ღრუში, სასქესო ორგანოს მიდამოებში ან ანუსის გარშემო. ჰერპესი გამოწვეულია საერთო ვირუსით, რომელსაც ეწოდება ჰერპესის სიმპლექსის ვირუსი (HSV). ინფიცირების შემთხვევაში ვირუსი სამუდამოდ რჩება ნერვულ უჯრედებში.

ჰერპესის წყლულის განვითარებამდე შეიძლება გაჩნდეს ქავილის ან წვის შეგრძნება. ეს შეგრძნებები მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი მოძრაობს ნერვის გასწვრივ კანის მიმართულებით. კანზე კი ის აჩენს მცირე გამონაყარს, რომელიც მალევე ივსება სითხით. შემდეგ მას უჩნდება ფუფხი და მის მორჩენას, ჩვეულებრივ ერთი ან ორი კვირა სჭირდება, თუკი ადამიანის იმუნური სისტემა ნორმალურ მდგომარეობაშია.

13. ზიკას ვირუსი

ეს დაავადება უმეტესად კოღოებს გადააქვთ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, სექსუალური კონტაქტითაც გადაეცემა. ასევე გადაცემა ხდება მშობიარობის დროს – დედიდან შვილზე და ინფიცირებული სისხლის გადასხმის საშუალებით.

მკურნალობის საშუალებად იყენებენ ფიზიკური დასვენების რეკომენდაციასა და აცეტამინოფენს.

14. ჰეპატიტი

ჰეპატიტი არის ღვიძლი ანთება, რომელიც ძირითადად გამოწვეულია ვირუსული ინფექციით. არსებობს ხუთი ტიპის (A, B, C, D, და E) ვირუსი, რომელიც იწვევს ჰეპატიტს. მათგან სექსუალური გზით გადაეცება B ჰეპატიტი, დანარჩენები კი სისხლთან კონტაქტისას გადადის.

B ჰეპატიტი თვითგანკურნებად დაავადებად ითვლება, რადგან 85-90%-ში გამოჯანმრთელებით სრულდება, თუმცა, 10-15%-ში არსებობს ქრონიკული B ჰეპატიტის განვითარების რისკი. ამ ეტაპზე არსებობს მკურნალობის ორი მთავარი საშუალება:

  • ანტივირუსული – რომლის მიზანია HBV ინფექციის დასუსტება ან/და განადგურება
    ვირუსების რეპლიკაციაში ჩარევის გზით;
  • იმუნო მოდულატორები – რომლის მიზანია დაეხმაროს ადამიანის იმუნურ
    სისტემას, რომ მაქსიმალურად გააძლიეროს დაცვა ვირუსის საწინააღმდეგოდ

15. ვენერიული წყლული

ინფექციის პირველადი გამოვლინებაა სასქესო ორგანოს უმტკივნეულო ანთება და დაწყლულება, რაც ხშირად შეუმჩნეველია პაციენტის მიერ. სწორი მკურნალობის შედეგად მდგომარეობა უმჯობესდება რამდენიმე დღეში.

16. ქლამიდიოზი

ქლამიდიოზის გამომწვევია ბაქტერია Chlamydia trachomatis. იგი შეიძლება გადაეცეს ერთი ადამიანიდან მეორეს, ნებისმიერი სახის დაუცველი სქესობრივი კავშირის დროს. ასევე, შესაძლოა ბაქტერიის ვერტიკალური გზით (დედიდან შვილზე) გადაცემაც მშობიარობის დროს. ნავარაუდევია, რომ ქლამიდიოზით ინფიცირებულ ქალთა 75%-მა და მამაკაცთა 50%-მა არ იცის ინფიცირების შესახებ.

ქლამიდიოზის მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკების მეშვეობით.ამ პერიოდში უმჯობესია მოხდეს სქესობრივი აქტისგან თავშეკავება (პრეზერვატივითაც კი), სანამ არ დასრულდება მკურნალობის კურსი. ეს აუცილებელია რეინფიცირების თავიდან ასაცილებლად.

17. მუნი (სკაბიესი) 

მუნი არის კანის პარაზიტული დაავადება, ახასიათებს ძლიერი ქავილი და ნაკაწრები, განსაკუთრებით ღამით. სექსის დროს, კონდომის გამოყენება არაეფექტურია, რადგან მუნი კანის კანზე შეხებითაც გადაეცემა.

მკურნალობის შერჩევა ხდება ექიმი-დერმატოლოგის მიერ.

18. მენჯის ანთებითი დაავადება

მენჯის ანთებითი დაავადება ეწოდება ქალის რეპროდუქციული ორგანოების ინფექციას. დაავადებას, როგორც წესი, იწვევს სქესობრივად გადამდები ბაქტერიები, რომლებიც ვაგინის საშუალებით ვრცელდება საშვილოსნოზე, ფალოპის მილაკებსა და საკვერცხეებზე. მენჯის ანთებით დაავადებას მრავალი ბაქტერია იწვევს, თუმცა მათ შორის ყველაზე ხშირია ქლამიდის და გონორეას ინფექციები. ეს ბაქტერიები ძირითადად დაუცველი სექსი შედეგად გადადის.

მკურნალობა უმეტესად ხდება ინტრავენური ანტიბიოტიკებით.

19. არაგონოკოკური ურეთრიტი

არა-გონოკოკური ურეთრიტი არ არის გამოწვეული გონორეით, ის უმეტესად პროვოცირებულია ბაქტერია – ქლამიდიით. აგუ-ს სამკურნალოდ ძირითადად ინიშნება ანტიბიოტიკები – აზითრომიცინი და დოქსიციკლინი.

20. კონტაგიოზური მოლუსკი

კონტაგიოზური მოლუსკი კანის გავრცელებული ინფექციური დაავადებაა, მას პოქსვირუსების ოჯახის წარმომადგენელი MCV ვირუსი იწვევს. სექსუალური კონტაქტის გარდა ხშირია ინფიცირება სხვისი პირადი ჰიგიენის ნივთების: პირსახოცის, ღრუბლის, – ასევე სათამაშოების მეშვეობითაც. ამერიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მონაცემებით, დაავადების გავრცელებაში განსაზღვრულ როლს ასრულებს საცურაო აუზი და საუნაც, ოღონდ ვირუსი ვრცელდება არა წყლის, არამედ აუზის ირგვლივ არსებული საგნების მეშვეობით.

კონტაგიოზური მოლუსკის ადგილობრივი მკურნალობისთვის იყენებენ კრემებს და ხსნარებს, კიდევ ერთი ადგილობრივი საშუალებაა კალიუმის ჰიდროქსიდის 10%-იანი წყალხსნარი და 17%-იანი სალიცილის მჟავა. თუმცა ხშირ შემთხვევაში დაავადება თვითგანკურნებადია, განსაკუთრებით, ძლიერი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებში.

გაუზიარეთ ეს საჭირო სტატია თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: