ონკოლოგიური დაავადებების შემდეგ სწორედ ინსულტი იწირავს ადამიანთა სიცოცხლეს ყველაზე ხშირად. ამასთან ტვინის ქსოვილების დაზიანება მათში სისხლისმიმოქცევის მოშლის შედეგად, შრომისუნარიანობის ხანგრძლივი შეზღუდვის ყველაზე ხშირი მიზეზია.
ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ ადამიანები ვერ აფიქსირებენ ინსულტის შეტევის ფაქტს და არ იციან, რა სახის პირველი დახმარება აღმოუჩინონ ავადმყოფს სასწრაფო დახმარების მანქანის მოსვლამდე.
ტვინის სისხლით მომარაგება
ინსულტის დროს პრობლემა ექმნება სისხლძარღვებს, რომლებიც თავის ტვინს სისხლით ამარაგებს. ეს ხდება ორი მიზეზით. ერთი შესაძლოა იყოს თრომბი, რომელიც დაეხშობა სისხლძარღვს და სისხლის გატარება აღარ ხდება. ასეთი სახის ინსულტი თავისი შედეგით შედარებით კეთილსაიმედოა. მთავარია ჩარევა დროული იყოს. ამისათვის კი 3-4 საათიანი დროის მონაკვეთი არსებობს. დაგვიანებას სერიოზული გართულებები მოსდევს.
რაც შეეხება მეორე სახის ინსულტს, მისი გამომწვევი მიზეზი თავის ტვინის სისხლძარღვის გახეთქვა და ტვინში სისხლის ჩაღვრაა. ამ დროს სისხლი შეიწოვება ტვინის ქსოვილში, როგორც ღრუბელში და მისი აღდგენა პრაქტიკულად შეუძლებელია. ასეთ შემთხვევაში სამედიცინო დახმარების მიზანი ტვინის დარჩენილი ნაწილის გადარჩენაა.
იმისათვის, რომ პირველადი დახმარება დროული და შედეგის მომტანი იყოს, აუცილებელია, ყველამ იცოდეს ინსულტის ნიშნები, და დროულად მოახდინოს სათანადო რეაგირება.
ინსულტის ნიშნები
1. მეტყველების დარღვევა
მოულოდნელად მეტყველება გაძნელებული და გაუგებარი ხდება. შესაძლოა, ავადმყოფმა სიტყვები გარკვევით წარმოთქვას, მაგრამ ისინი აბსოლუტურად არ იყოს დაკავშირებული ერთმანეთთან. ზოგჯერ მეტყველების სრული პარალიზებაც ხდება.
2. სახის დამბლა
ამ დროს ხდება სახის ერთი ნახევრის პარალიზება და ნაოჭების გადასწორება. თითქოს პარალიზებული ნაწილი უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. ნახევარ სახეზე თვალისა და პირის კუთხეები დაბლა ეშვება. რაიმეს თქმის ან ღიმილის მცდელობისას სახის პარალიზებული ნაწილი უძრავი რჩება, ფაქტიურად, მიმიკის გარეშე.
3. ხელისა და ფეხის დამბლა
ავადმყოფს მხოლოდ ცალი ხელის და ფეხის აწევა შეუძლია, მაშინ, როცა მეორე კიდურები უმოძრაოდაა ან მათი ოდნავ განძრევაა შესაძლებელი.
არ არის აუცილებელი სამივე ნიშნის ერთდროული არსებობა. საკმარისია ერთ-ერთი მათგანის შემჩნევა იმისათვის, რომ მაშინვე მივიღოთ გადაუდებელი ზომები. სტატისტიკის თანახმად, ზემოჩამოთვლილთაგან ერთი სიმპტომის არსებობაც კი 72 % ით მოწმობს ინსულტის ფაქტზე.
მთავარი რაც ამ დროს უნდა გაკეთდეს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახებაა, რადგან ასეთი დონის პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ სტაციონარშია შესაძლებელი. სხვა პრინციპულად ვერც ვერაფერს გააკეთებთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაიმე მედიკამენტის მიცემა დაზარალებულისთვის. თუნდაც იმის, რასაც ის აქამდე სისტემატურად იღებდა. ვინაიდან ამ წამლებს შეუძლია მდგომარეობის ან გაუარესება, ან ინსულტის შედეგების აღმოფხვრის გართულება.
უბრალოდ, მოხერხებულად დააწვინეთ ადამიანი, რათა ნაწილობრივი დამბლის გამო იგი არ დავარდეს. სხეულის მდებარეობას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, ადამიანმა თავისუფალი სუნთქვა შესძლოს. თუ დაზარალებულს ჯდომა არ შეუძლია, იგი გვერდზე დააწვინეთ და დაუცადეთ სასწრაფო დახმარებას. აუცილებელია, ექიმს ზუსტად უთხრათ ინსულტის დადგომის დრო და ვითარება, რათა შემდგომში სწორი მკურნალობის გეგმა შემუშავდეს.
სოციალურ ქსელში ინსულტიანი ავადმყოფისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების სხვადასხვა ხერხია აღწერილი (სანამ სასწრაფო დახმარების ექიმი მოვა). მაგალითად, ზოგი ნევროპათოლოგი გვირჩევს ინსულტიანი ადამიანის დახმარებას ჩინური მეთოდით: ხელის თითების წერტილოვან დაჩხვლეტას, ყურის ბიბილოების მასაჟს და სხვ.
თუმცა, გირჩევთ, თავი შეიკავოთ მსგავსი რეკომენდაციებისა და მანიპულაციებისგან და დაუცადოთ კლასიკური მედიცინის წარმომადგენლებს, რომლებიც ავადმყოფს სპეციალურ ნევროლოგიურ განყოფილებაში მოათავსებენ და კვალიფიციურ მრავალმხრივ მკურნალობას ჩაუტარებენ. თავის ტვინის სისხლისმიმოქცევის მწვავე დარღვევასთან ხუმრობა არ შეიძლება!
გისურვებთ ჯანმრთელობას და დღეგრძელობას!
ეს სასარგებლო რჩევები გაუზიარეთ მეგობრებს!