მთავარი ჯანმრთელობა ყველაფერი, რაც აუტიზმის შესახებ უნდა ვიცოდეთ

ყველაფერი, რაც აუტიზმის შესახებ უნდა ვიცოდეთ

by Keti

რა არის აუტიზმი?

აუტიზმი თავის ტვინის განვითარების ნეირობიოლოგიური დარღვევის შედეგია, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ვერბალური და არავერბალური კომუნიკაციის დამყარების, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და გონებრივი განვითარების პროცესებზე. ბავშვს პრობლემები აქვს სოციალურ განვითარებაში, კომუნიკაციაში, მეტყველებაში, ქცევაში, განსაკუთრებით კი წარმოსახვით თამაშში. პირველად აუტიზმი 1943 წელს აღწერა ლეო კანერ-მა ადრეული ბავშვობის აუტიზმის სახელწოდებით. იგი გამოყოფდა აუტიზმისათვის დამახასიათებელ შემდეგ ნიშნებს:

  • სოციალური ურთიერთობის დამყარების სირთულე,
  • კომუნიკაციის მიზნით მეტყველების გამოყენების პრობლემა,
  • ცვლილებებისადმი ძლიერი რეზისტენტობა,
  • საგნებით გატაცება,
  • ამ მახასიათებლების გამომჟღავნება 30 თვის ასაკამდე.

აუტიზმის სიმპტომები, ჩვეულებრივ, თავს იჩენს ბავშვის ცხოვრების პირველი სამი წლის განმავლობაში და თან სდევს მას მთელი ცხოვრების მანძილზე.

გამოვლინების ხარისხის მიხედვით აუტიზმი მრავალფეროვანია. ყველაზე ძლიერ ფორმას ახასიათებს გარემოსთან კონტაქტის შეუძლებლობა, თანატოლებთან და უფროსებთან ურთიერთობის დამყარების შეუძლებლობა, ინტერესების, ემოციის გაზიარების შეუძლებლობა, განმეორებადი, უჩვეულო, თვითდამაზიანებელი და აგრესიული ქცევა, შიშები. ყველაზე სუსტი ფორმა ჰგავს პიროვნულ აშლილობას, დასწავლის უნარის დარღვევას.

სინდრომის სახელწოდებიდან გამომდინარე, აუტიზმის მქონე პირს ახასიათებს, პირველ რიგში, გარემოსთან კონტაქტის დამყარების  პრობლემა.  ასეთი  ბავშვი  არ  აქცევს  ყურადღებას  ოჯახის წევრებს, თითქოს ვერც ამჩნევს მათ, არ თამაშობს სხვა ბავშვებთან, ვერ ახერხებს სხვა ადამიანისა და სიტუაციის ემოციური კონტექსტის აღქმას, უჭირს საკუთარი აზრის, ემოციის, ინტერესის სხვებისთვის გაზიარება. უჭირს წარმოსახვითი და როლური თამაში. შეიძლება შეგვხვდეს აუტიზმის გამოვლინების სხვადასხვა ხარისხი, მაგრამ ყველას, მეტ-ნაკლებად, 3 წლამდე უკვე უმჟღავნდება პრობლემები კომუნიკაციაში, სოციალურ ურთიერთობაში, მეტყველებაში, ემოციურ განვითარებაში. მეტად მნიშვნელოვანია, რომ უკვე ჩვილობაში დაქვეითებულია ე.წ. ერთობლივი ყურადღება, რაც თვალით კონტაქტსა და სხვებთან გამოცდილების გაზიარებას გულისხმობს.

აუტიზმის მქონე ბავშვებს უჭირთ რაიმე შეცვალონ საკუთარ მოქმედებაში და ვერ იტანენ გარემოში მოულოდნელ ცვლილებებს. ახალი გარემო მათთვის ძლიერი უარყოფითი ემოციებისა და შიშების წყაროა. ნაცნობი გარემოსა და ყოველდღიური ცხოვრების წესის თუნდაც მცირეოდენმა ცვლილებამ (მაგ. ოთახის მოწყობაში, ჭამის, თუ დაბანის პროცესში), შეიძლება, ბავშვის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვიოს. მაგალითად, აუტიზმის მქონე ბავშვები დადიან ყოველთვის ერთი და იმავე გზით, ერთნაირი თანმიმდევრობით იცვამენ, აქვთ სტერეოტიპული რიტუალები. ჩვეულ დღის წესრიგში რაიმე ცვლილება იწვევს ბავშვის, ან მოზარდის უკიდურეს გაღიზიანებას. მათ წინასწარ შემზადება ესაჭიროებათ  მოსალოდნელ  ცვლილებებთან  დაკავშირებით.

ემოციური და ქცევითი სფერო 

ბავშვის ემოციური და ქცევითი დარღვევები კარგად ჩანს თამაშში. აუტიზმის მქონე ბავშვების თამაში სტერეოტიპულ ხასიათს ატარებს, მათ უჭირთ წარმოსახვითი და როლური თამაში. სათამაშოებზე უფრო მეტად ბავშვებისათვის მიმზიდველია საგნები, სხვადასხვა მასალა და მათი ფიზიკური ეფექტები (მაგ. ბოთლი, თავსახური, ღილები); ისინი სათამაშოებიდან უპირატესობას არასპეციალიზებულ სათამაშოებს ანიჭებენ (კუბიკები, მძივები) ხშირად ბავშვებს იზიდავს საგნის რომელიმე ნაწილი ან თვისება (მაგ. ნახვრეტი, ტრიალი, მოძრაობა, ბრჭყვიალი, ფერი, ფაქტურა). სპონტანური თამაში ინერტულ, სტერეო ტიპულ ხასიათს ატარებს და იშვიათია სათამაშოთი საგნობრივი მოქმედებების განხორციელება; ხშირია სხვაობა მეტყველებაში გამოხატულ მოქმედებებსა და სათამაშოებით რეალურ მანიპულირებას შორის.

რა იწვევს აუტიზმს?

აუტიზმი თანდაყოლილი ნეირობიოლოგიური დარღვევაა. მისი გამომწვევი მიზეზები უცნობია. ფიქრობენ, რომ მის აღმოცენებაზე გავლენას ახდენს:

  • ნეიროტრანსმიტერების ფუნქციის დარღვევა.
  • გენეტიკური ფაქტორები და მემკვიდრეობითობა.
  • გარემოს მავნე ზემოქმედება.

აუტიზმი, შესაძლოა, წარმოადგენდეს რამდენიმე  ფაქტორის ზემოქმედების შედეგს.

აუტიზმის ფსიქოლოგიური ეტიოლოგიური თეორიები მრავალფეროვანია. ფსიქოგენური თეორიების მიხედვით, აუტიზმის ძირითად ეტიოლოგიურ ფაქტორად ფსიქოსოციალური ფაქტორები ითვლება; ბიოგენური თეორიების მიხედვით, აუტიზმს ნეირობიოლოგიური ფაქტორები უდევს საფუძვლად; კოგნიტური თეორების მიხედვით კი აუტისტურ დარღვევებს საფუძვლად უდევს სპეციფიკური კოგნიტური მექანიზმები.

პრობლემების იდენტიფიკაციასთან ერთად მეტად მნიშვნელოვანია აუტიზმის მქონე ბავშვის ძლიერი მხარეების შეფასება. ბავშვებს შესაძლებელია ქვემოთ ჩამოთვლილი შესაძლებლობებიდან ერთი ან რამდენიმე კარგად განვითარებული უნარი ჰქონდეთ:

  • არავერბალური ინტელექტი;
  • ხატვა;
  • პერცეპტულ-მოტორული უნარები;
  • გამორჩეული მხედველობითი მეხსიერება;
  • მხედველობით-სივრცითი უნარები;
  • მუსიკალური უნარი;
  • კომპიუტერისადმი ინტერესი და მისი გამოყენების ადვილად ათვისება.

აუტიზმის მქონე ბავშვის დახმარება, პირველ რიგში, მისი სწორი  და  დროული დიაგნოსტიკაა.

კვლევები ადასტურებენ, რომ აუტისტური სპექტრის აშლილობის შემთხვევაში მშობლების პირველი ჩივილი ბავშვის განვითარებასთან დაკავშირებით 18 თვის ასაკში აღინიშნება. როგორც წესი, ძირითადი ჩივილია მეტყველების განვითარება – ბავშვი არ ლაპარაკობს და არც უფროსების ლაპარაკს აქცევს ყურადღებას. ამის შემდეგ საშუალოდ მხოლოდ 6 თვეში მიმართავენ მშობლები პროფესიულ დახმარებას. ბუნებრივია, რომ ბავშვს აფასებს ან პედიატრი ან ბავშვთა ნევროლოგი. მიმართვების 50%-ში ექიმი თვლის, რომ საგანგაშო არაფერია და საჭიროა მხოლოდ მოთმინებით ლოდინი. შესაბამისად, შემთხვევათა უმრავლესობაში ფორმალური დიაგნოზი უკვე 5-6 წლის ასაკში ისმება. ეს კი მნიშვნელოვნად აფერხებს ადრეული ინტერვენციისა და დროული დახმარების შესაძლებლობას.

იდეალურ შემთხვევაში ბავშვის შეფასება უნდა მოხდეს მულტიდისციპლინური   გუნდის   მიერ,   რომელშიც   გაერთიანებულნი არიან პედიატრი ან ნევროლოგი, ნეიროფსიქოლოგი, მეტყველების თერაპევტი, ბავშვთა ფსიქიატრი, ოკუპაციური თერაპევტი. ბავშვის შეფასება ხდება მშობლებისა და მასწავლებელების ინტერვიურების, ბავშვის ქცევაზე დაკვირვებისა და ფსიქომეტრული ტესტების მონაცემების საფუძველზე.

ადრეული ინტერვენციის პროგრამები მიმართულია აუტიზმის ძირითადი ნიშნების შემსუბუქებაზე, პირველ რიგში კომუნიკაციის, მეტყველების და სოციალური ინტერაქციის უნარებზე. აუტიზმის დასახმარებელი პროგრამების ანალიზმა ცხადყო, რომ საუკეთესო და ეფექტურია პროგრამები, რომლებიც რაც შეიძლება ადრეულ ასაკში იწყება, სადაც გამოიყენება ბავშვისა და ოჯახის ინდივიდუალიზებული მომსახურება, სტრუქტურირებული და სისტემატური სწავლება და ოჯახის წევრების აქტიური ჩართულობა.

აუტიზმის  დასახმარებლად  გავრცელებული  პროგრამები  მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

  • ფსიქოგანათლება, რომლის მეშვეობითაც მშობლები ინფორ- მაციას ღებულობენ შვილის დიაგნოზის, მისი პროგნოზის, მი- საწვდომი და საჭირო დახმარების შესახებ;
  • ბავშვის შესაფერის   სასწავლო   გარემოში   მოსათავსებლად რჩევების მიცემა და მხარდაჭერა;
  • ოჯახზე ფოკუსირებული ხანგრძლივი თერაპიული მიდგომა;
  • სასწავლო აქტივობის ცენტრალური მეთოდი _ სტრუქტურირებული სწავლება;
  • ქცევითი მოდიფიკაცია _ სასწავლო ჩვევების ჩამოყალიბებისა და მძიმე ქცევითი დარღვევების შესამცირებლად;
  • თვითმომსახურებისა და აკადემიური ჩვევების ტრენინგი;
  • კომუნიკაციური უნარების ტრენინგი;

მშობლების განათლება და ტრენინგი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვენლოვანი სტრატეგიაა უტიზმის მკურნალობისას. მშობლების ტრენინგი უზრუნველყოფს თერაპიულ დახმარებასთან ერთად ბავშვის ქცევის გაგებასა და მართვას მშობლების მიერ, მშობლების შფოთვის შემცირებას, ბავშვის სწავლებისათვის საჭირო პირობების შექმნას ოჯახში, ბავშვის საჭიროებებიდან გამომდინარე სახლის გარემოს მოწყობასა და ორგანიზებას. კვლევებმა ცხადყო, რომ იმ ბავშვებს, რომელთა მშობლებსაც უტარდებოდათ ინტენსიური ტრენინგი და საგანმანათლებლო საუბრები, ბევრად უფრო უკეთესი თერაპიული და სწავლების შედეგები ჰქონდათ.

როგორ ვასწავლოთ აუტიზმის მქონე ბავშვს?

აუტისტი ბავშვის სწავლების ეფექტურობისთვის მნიშვნელოვანია მისი „სწავლის სტილის“ დადგენა. „სწავლის სტილი“  გულისხმობს იმ მეთოდებსა და ხერხებს, რომელთა საშუალებითაც ადამიანებს შეუძლიათ გარემოს შესახებ ინფორმაციის მიღება. ადამიანებმა, შეიძლება, ისწავლონ დანახვით (ვიზუალურად), მოსმენით (აუდიტორულად) და/ან შეხებით ან საგნების მანიპულირებით (კინესთეტიკურად, „ხელებით სწავლა“).

აუტისტი ბავშვები, ხშირად, სწავლის ერთ რომელიმე სტილს იყენებენ. ადამიანზე დაკვირვებით, შესაძლებელია, მისი სწავლის ძირითადი სტილის განსაზღვრა. მაგ. თუ აუტისტი ბავშვი ათვალიერებს სურათებიან წიგნს, უყურებს ტელევიზორს (აწეული ხმით ან ხმადაბლა), აკვირდება ხალხს და საგნებს – მისი სწავლის სტილი ვიზუალურია. თუ აუტისტი ბავშვი ბევრს ლაპარაკობს, მოსწონს, როცა მას ელაპარაკებიან, უსმენს რადიოს ან მუსიკას – მისი სწავლის სტილი აუდიტორულია. ხოლო, თუ აუტისტი ბავშვი საგნებს გამუდმებით შლის ნაწილებად, აღებს და ხურავს უჯრებს და ცდილობს, ყველაფერი ხელით მოსინჯოს,  ეს ნიშნავს, რომ ასეთი ბავშვი კინესთეტიკურად, ანუ შეხებით სწავლობს.

მნიშვნელოვანია ბავშვის უნარი – მიიღოს და  გადაამუშაოს  მიწოდებული  ინფორმაცია.  ამაზეა დამოკიდებული  ბავშვის წარმატება და ქცევა სკოლაში. ამიტომ აუცილებელია, რომ სკოლაში ბავშვის მისვლისთანავე მასწავლებელმა გაარკვიოს და შეუფარდოს მას მისთვის საჭირო სწავლის სტილი. ასეთ შემთხვევაში აუტისტი ბავშვი მაქსიმალურ წარმატებას მიაღწევს.

აუტიზმის მქონე ბავშვების ეფექტური განათლებისათვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ ოჯახმა აქტიური მონაწილეობა მიიღოს სტრუქტურირებული სწავლებისა და ინტენსიური  ქცევის ტრენინგის პროგრამებში.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: