მთავარი კულინარია რეცეპტი: ხაჭოს ფუნჩულები რუმინულად

რეცეპტი: ხაჭოს ფუნჩულები რუმინულად

by Keti

რუმინული სამზარეულო, განსაკუთრებით ტრანსილვანიის, ცნობილია იმით, რომ რესტორნებში განსაკუთრებულ დესერტს – პაპანაშის – გთავაზობენ. ის ორი ნაწილისგან შედგება: ფუნთუშისგან, რომელსაც ცენტრში ნახვრეტი აქვს, და რომელშიც მურაბას ასხამენ და ბურთულისგან, რომელსაც ზემოდან ადებენ ამ ნახვრეტს და ასხამენ არაჟანს.

პაპანაში კალორიული დესერტია, თუმცა მისი მირთმევა მაინც ღირს, რადგან ძალიან გემრიელია. თან საკმაოდ მარტივი მოსამზადებელია სახლის პირობებშიც, პროდუქტები კი ხელმისაწვდომია. გირჩევთ რეცეპტისთვის შეარჩიოთ მშრალი და ფანტია ხაჭო. სხვა შემთხვევაში ბევრი ფქვილის დამატება მოგიწევთ და პაპანაში უფრო მეტად მკვრივი გამოვა.

ინგრედიენტები

  • 500 გ ხაჭო
  • 300 გ ფქვილი
  • ორი ცალი კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. სოდა
  • ერთი ჩ. კ. ფორთოხლის ესენცია
  • 30 გ ვანილის შაქარი
  • ერთი ჩ. კ. ლიმონის ცედრა
  • ერთი მწიკვი მარილი
  • 200 გ არაჟანი
  • 150 გ ჟოლოს მურაბა
  • 300 გ ზეთი

მომზადება

1. ხაჭო გაატარეთ საცერში, დაამატეთ მას კვერცხი, ფორთოხლის ესენცია, ვანილის შაქარი, მწიკვი მარილი, ლიმონის ცედრა, სოდა და კარგად აურიეთ კოვზით, სანამ ერთგვაროვან კონსისტენციას მიიღებთ.

2. ჩაყარეთ ფქვილი ნაწილ-ნაწილ და კარგად აურიეთ. შემდეგ ხელით მოზილეთ ცომი და დატოვეთ 10 წუთი.

3. მას შემდეგ, რაც ცომი დაისვენებს, ხელები ფქვილში ამოივლეთ, ცომს პატარა გუნდა მოაგლიჯეთ და აწონეთ. ყოველი ფუნჩულა 120 გ-ს უნდა იწონიდეს. შემდეგ მოაგლიჯეთ ცომს უფრო პატარა ბურთულა – დაახლოებით 40 გ წონის. გააკეთეთ ექვსი ფუნჩულა და ექვსი მრგვალი ბურთულა.

4. გაახურეთ ზეთი ღრმა ტაფაში, ჩაუშვით მასში ფუნჩულა მრგვალ გუნდასთან ერთად. შეწვით საშუალო ცეცხლზე სამი წუთის განმავლობაში, ორივე მხრიდან, ოქროსფერის მიღებამდე.

5. მზა ფუნჩულები და ბურთულები ამოიღეთ და დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს. ხაჭოს ფუნჩულებს მოასხით არაჟანი და მურაბა. ჩადგით ბურთულა ნახვრეტში და კვლავ მოასხით არაჟანი და მურაბა.

მურაბა შეგიძლიათ ნებისმიერი შეარჩიოთ. არაჟნის ნაცვლად კი შეგიძლიათ ნაკლებად კალორიული იოგურტის გამოყენება. პაპანაში სუფრასთან აუცილებლად თბილი მიიტანეთ. თუმცა რუმინული პაპანაში გემოთი ჩვეულებრივ ხაჭოს ნამცხვარს ჰგავს, მათი ორიგინალური ვიზუალი კერძს სადღესასწაულო იერს აძლევს.

აუცილებლად გაუზიარეთ ეს გემრიელი რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: