ბუმბულივით რბილი ფუნთუშების რეცეპტი საფუარიანი ცომით

by Keti Alaverdashvili

სახლში მომზადებულ ნამცხვარზე, ღვეზელზე და ფუნთუშებზე გემრიელი, ალბათ, არაფერია. ყველა ოჯახს ცხობის თავისი საფირმო რეცეპტი აქვს. დღეს გთავაზობთ ბუმბულივით რბილი ფუნთუშების რეცეპტს, რომელიც საფუარიანი ცომისგან მზადდება. ეს ნამცხვარი იდეალური ვარიანტია ბიუჯეტური ცხობისთვის. ასევე, ნამდვილი აღმოჩენაა ახალგაზრდა დიასახლისებისთვის, რათა მათ პრაქტიკა გაიარონ საფუარიან ცომზე.

დღეს ჩვენ მოგიყვებით, როგორ მოამზადოთ უჩვეულო საფუარიანი ფუნთუშები. უჩვეულოა ისინი იმიტომ, რომ მათი ფორმირება განსაკუთრებული ხერხით ხდება.

ცომი კარგად ამოდის, არის ელასტიური და ჰაეროვანი. მზა ღვეზელი დიდხანს არ ფუჭდება და კარგად ინახება როგორც ქაღალდის, ასევე პოლიეთილენის პაკეტში. აღნიშნული ინგრედიენტების რაოდენობიდან გამოდის დაახლოებით ოცი ფუნთუშა.

ინგრედიენტები

  • ასი მლ რძე
  • ასი მლ წყალი
  • 400 გ ფქვილი
  • ერთი ცალი კვერცხი
  • სამი ან ოთხი ს. კ. შაქარი ცომისთვის
  • ერთი ს. კ. მშრალი საფუარი
  • ერთი მწიკვი მარილი
  • 90 მლ ზეთი ცომისთვის
  • 15 გ ვანილის შაქარი
  • ნახევარი ჭიქა შაქარი მოსაყრელად
  • ერთი ჩ. კ. დარიჩინი
  • 50 მლ ზეთი ფუნთუშებზე წასასმელად
  • შაქრის პუდრა მოსაყრელად

რჩევა: თუ არ აღმოგაჩნდათ მშრალი საფუარი, გახსოვდეთ, რომ 15 გ ახალი საფუარი ექვივალენტურია ერთი ს. კ. მშრალი გრანულიანი საფუარისა.

მომზადება

1. შეურიე თბილი რძე შაქარს, წყალს და ზეთს. დაამატე საფუარი და აურიე კარგად.

2. ჩანგლით ათქვიფე კვერცხი მარილთან და ვანილის შაქართან ერთად და ჩაამატე ეს ნარევი საფუარიანი რძის მასას.

3. დაამატე გაცრილი ფქვილი პატარა პორციებად. მოზილე რბილი ცომი და დააყოვნე თბილ ადგილას ერთი საათით.

4. როცა ცომი ამოვა, გაყავი ის თანაბარი ზომის ოც ნაჭრად და ყოველი მათგანი გააბრტყელე თხელი ფირფიტის სახით.

5. ყოველ ფირფიტას წაუსვი ზეთი და მოაყარე შაქრისა და დარიჩინის ნარევი.

6. ფუნთუშას ფორმირებისთვის მოიქეცი ასე: ფირფიტის ცენტრიდან ნაპირისკენ ცომი გაჭერი და გადაახვიე ის წრიულად, რულეტ-კონუსის სახით.

7. ფუნთუშები დაალაგე ზეთწასმულ საცხობ ფორმაზე და დააყოვნე 30 წუთით.

8. ღუმელში შედგმის წინ ყოველ ფუნთუშას წაუსვი დაყენებული ჩაი შაქართან ან ათქვეფილ კვერცხთან ერთად. გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათის განმავლობაში. იმისათვის, რომ ფუნთუშები არ დაიწვას, დააფარე მათ ფოლგა ან პერგამენტის ქაღალდი.

9. მზა ფუნთუშებს მოაყარე შაქარი ან შაქრის პუდრა. დააცადე ბოლომდე გაციება და ისე მიიტანე სუფრასთან. გემრიელად მიირთვი!

თუ წარმოიქმნა პრობლემა ცომის მომზადების ეტაპზე, წაიკითხეთ, როგორ უნდა მოამზადოთ ცომი ჰაეროვანი და ფუმფულა ნამცხვრის მისაღებად. ასევე არასდროს მოათავსო ძალიან ბევრი შაქარი საფუარიან ცომში, რადგან შაქრის სიჭარბისას დუღილის პროცესი ნელდება, ცომი კარგად არ ამოდის და იწვება.

შეგიძლია ასევე მოამზადოთ სამარხვო საფუარიანი ცომი რძისა და კვერცხის გარეშე. ასეთი ცომის გამოყენება შეგიძლია როგორც ფუნთუშებისთვის, ასევე პიცისთვისაც.

თუ მოგეწონათ სტატია, შეინახეთ ის თქვენთვის და, რა თქმა უნდა, გაუზიარეთ რეცეპტი თქვენს მეგობრებსაც, ისინი ძალიან კმაყოფილები დარჩებიან!

0

ასევე დაგაინტერესებთ