მთავარი კულინარია გამომცხვარი ვაშლის რეცეპტები

გამომცხვარი ვაშლის რეცეპტები

by Keti

ვაშლისგან მაქსიმალურ სარგებელს მივიღებთ, თუ მას უმად მივირთმევთ, რადგან ის მდიდარია ცოცხალი ვიტამინებით. ეს შესაძლებელია თითქმის მთელი წლის განმავლობაში, თუმცა, ამ შესანიშნავი ხილისგან უამრავი გემრიელი კერძის მომზადებაც შეიძლება. ცნობილ ადამიანთა შორის განსაკუთრებით პოპულარულია გამომცხვარი ვაშლის სხვადასხვა დესერტი. დღეს ჩვენ სწორედ ამ არომატული ხილისგან მომზადებულ გამომცხვარ ვარიანტებს შემოგთავაზებთ.

ვაშლი შავი ქლიავითა და არაჟნით 

ინგრედიენტები

  • 50 გ შავი ქლიავი
  • 1,5 ს. კ. შაქარი
  • სამი ს. კ. არაჟანი
  • ხუთი ცალი ვაშლი

მომზადება

  1. შავი ქლიავი გარეცხე და დამდუღრე 15 წუთით, შემდეგ წვრილად დაჭერი და შეურიე მას არაჟანი და შაქარი. ვაშლს ამოაჭერი წვერო და ამოაცალე გული.
  2. საცხობ ფორმას დააფარე ფოლგა და გადაიტანე მასზე ვაშლი. ამოავსე ის შავი ქლიავით, არაჟნითა და შაქრით. დესერტი გამოაცხე 180 გრადუსზე ნახევარი საათის განმავლობაში.

ვაშლი კარამელში

ინგრედიენტები

  • შვიდი ცალი ვაშლი
  • ერთი ს. კ. ლიმონის წვენი
  • ორი ჩ. კ. დარიჩინი
  • ნახევარი ჩ. კ. მარილი
  • სამი ს. კ. ფქვილი
  • 330 გ ყავისფერი შაქარი
  • 115 გ კარაქი
  • 100 გ თეთრი შაქარი

მომზადება

  1. ვაშლი გაფცქვენი და ამოაცალე გული, დაჭერი ის მსხვილ კუბებად. ვაშლის ნაჭრებს მოასხი ლიმონის წვენი, დაამატე ერთი კოვზი დარიჩინი, მარილი, ორი კოვზი ფქვილი და 220 გ ყავისფერი შაქარი. აურიე და გადაიტანე ფორმაში.
  2. კარაქი დაჭერი სასურველ ნაჭრებად და შეურიე დარჩენილ ფქვილს, თეთრ შაქარს, ყავისფერი შაქრისა და დარიჩინის ნარჩენს. ეს ნარევი თანაბრად გადაანაწილე ვაშლზე.
  3. გამოაცხე 180 გრადუსზე 45 წუთის განმავლობაში. კარამელი უნდა გამაგრდეს, ვაშლი კი, პირიქით, უნდა დარბილდეს. სუფრაზე მიტანის წინ შეგიძლია დაამატო ნაყინის ბურთულა.

ვაშლი შვრიითა და კაკლით

ინგრედიენტები

  • ოთხი ცალი ვაშლი
  • ოთხი ს. კ. შვრიის ფანტელი
  • ოთხი ს. კ. ყავისფერი შაქარი
  • სამი ს. კ. კაკალი
  • ერთი ჩ. კ. დარიჩინი
  • 120 გ კარაქი
  • მეოთხედი ჩ. კ. დაფქული მუსკატის კაკალი
  • მწიკვი მარილი

მომზადება

  1. ვაშლს მოაჭერი წვერო და ამოაცალე გული. დარბილებული კარაქი შეურიე შვრიის ფანტელს, შაქარს, დაჭრილ ნიგოზს, დარიჩინს, მუსკატის კაკალს და მწიკვ მარილს.
  2. ამ შიგთავსით ამოავსე ვაშლები, გადაიტანე ისინი საცხობ ფორმაზე და დააფარე ფოლგა. შედგი 190 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით. შემდეგ მოაცალე ფოლგა და კვლავ აცხე 20 წუთი.

ვაშლი ხაჭოთი და ბეზეთი

ინგრედიენტები

  • ოთხი ცალი ვაშლი
  • ნახევარი ბანანი
  • ორი ს. კ. შაქარი
  • ერთი კვერცხის ცილა
  • 100 გ ხაჭო

მომზადება

  1. ვაშლს მოაცალე ზედა ნაწილი, ამოაცალე გული და გადაიტანე საცხობზე. ხაჭო და ბანანი ათქვიფე ბლენდერით და ამ ნარევით ამოავსე ვაშლი. მოაყარე ერთი ს. კ. შაქარი. გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 10 წუთის მანძილზე.
  2. ცილა ათქვიფე მიქსერით, თან დაამატე დარჩენილი შაქარი. მიღებული კულინარული ”ღრუბელი” მოათავსე თითოეულ ვაშლზე ზემოდან. კვლავ შედგი ღუმელში და გამოაცხე ამჯერად 120 გრადუსზე 20 წუთის განმავლობაში.

ვაშლი გარგარის ჩირით

ინგრედიენტები

  • 100 გ ყავისფერი შაქარი
  • 50 გ თეთრი შაქარი
  • 80 მლ წყალი
  • ოთხი ცალი ვაშლი
  • 100 გ გარგარის ჩირი
  • ნახევარი ჩ. კ. დაფქული დარიჩინი
  • ნახევარი ჩ. კ. დაფქული იმბირი
  • ერთი ს. კ. კარაქი

მომზადება

  1. თეთრი შაქარი და წყალი შეურიე და ჩაასხი საცხობ ფორმაში. ვაშლს მოაცალე ზედა ნაწილი და ამოაცალე გული.
  2. ყავისფერი შაქარი, დარიჩინი და იმბირი შეურიე წინასწარ დაჭრილ გარგარის ჩირს. ამ ნარევით ამოავსე ვაშლები და შემდეგ გადაიტანე ისინი სეროფიან ფორმაში.
  3. ყოველ ვაშლს დაადე კარაქის პატარა ნაჭერი და გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 40-50 წუთის მანძილზე. მზა ვაშლს მოასხი სეროფი.

ვაშლი ნიგვზითა და ქიშმიშით

ინგრედიენტები

  • 50 გ ქიშმიში
  • 50 მლ რომი
  • ოთხი ცალი ვაშლი
  • ერთი ცალი ლიმონი
  • 30 გ ნუში
  • 30 გ კაკალი
  • 30 გ თხილი
  • 60 გ ყავისფერი შაქარი
  • ერთი ჩ. კ. დარიჩინი
  • 60 გ კარაქი
  • ოთხი ღერი დარიჩინი

მომზადება

  1. ქიშმიში ჩაალბე რომში ან კონიაკში, ვაშლს კი მოაჭერი წვერი და ამოაცალე გული. შემდეგ მოასხი მას ლიმონის წვენი. თხილი და კაკალი დააქუცმაცე და აურიე ერთმანეთში. მათ დაამატე ნახევარი შაქარი და დაფქული დარიჩინი.
  2. ვაშლს წაუსვი დარბილებული კარაქი და ამოავლე სხვადასხვა კაკლის ნარევში. შემდეგ საცხობ ფორმასაც წაუსვი კარაქი და გადაიტანე მასზე ვაშლები. ქიშმიში, დარჩენილი შაქარი და კარაქი შეურიე ერთმანეთს.
  3. ამ ნარევით ამოავსე ვაშლები და მათში ჩაარჭე თითო დარიჩინის ღერი. გამოაცხე ღუმელში, 180 გრადუსზე, ნახევარი საათის განმავლობაში.

საინტერესოა ის, რომ ასეთი გემრიელი შიგთავსების მქონე გამომცხვარი ვაშლი საერთოდ არ კარგავს თავის არცერთ სასარგებლო თვისებას. რა თქმა უნდა, შაქრიანი და ბანანიანი დესერტი დიეტური არ არის, თუმცა ასეთი ნუგბარი საუკეთესო კვებითი ღირებულების მქონე საუზმე და დესერტია. გემრიელად მიირთვით, შეინახეთ ეს რეცეპტები და აუცილებლად გაუზიარეთ თქვენს მეგობრებსაც სოციალურ ქსელებში!

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: