საინტერესო და საკვირველი ფაქტი – ადამიანი ერთადერთი არსებაა სამყაროში, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე მიირთმევს რძეს, განსხვავებით ცხოველებისგან, და არა მხოლოდ ჩვილობის ასაკში დედის რძის წოვისას. და რაც მთავარია, მიირთმევს თითქმის ყველა ცხოველის რძეს: ძროხის, კამეჩის, თხის, ცხენის, აქლემის, ცხვრის, ლამის… უხსოვარი დროიდან რძე ადამიანის რაციონის განუყოფელი ნაწილია. დღეს განვიხილოთ ყველაზე მეტად მოხმარებადი ორი სახეობის რძეს – ძროხის და თხის რძეს შორის განსხვავება.
წარმოების მცირე მოცულობისა და მაღალი ფასის გამო თხის რძის შესახებ არასწორი წარმოდგენები გავრცელდა – სხვადასხვა სტერეოტიპი, რომლებიც შორს არის სიმართლისგან. არსებობს აზრი, რომ თხის რძე ძროხის რძეზე უფრო სასარგებლოა და სამკურნალო თვისებებიც კი აქვს. მართალია თუ არა ეს შეხედულება? მოდით გავარკვიოთ, რით განსხვავდება ძროხის რძე თხის რძისგან და რა გავლენა აქვს თითოეულ მათგანს ადამიანის ჯანმრთელობაზე. შედარება გავაკეთოთ როგორც გარეგნული – ანუ ორგანოლეპტიკური მონაცემების, ისე ქიმიური შემადგენლობის მიხედვით.
განსხვავება ძროხისა და თხის რძეს შორის
ფერი
ამ ორი სახის რძეს ფერი ერთნაირი აქვს. მოყვითალო ფერი უფრო ცხიმიანობაზეა დამოკიდებული, ვიდრე ცხოველის სახეობაზე.
გემო
გამოკვეთილი ნაღების გემოს გამო თხის რძე ძალიან უყვართ ყველისა და რძემჟავა პროდუქტების მწარმოებლებს. თუ რძეში შეიგრძნობა ძლიერი ,,თხის” გემო, ეს იმის შედეგია, რომ ფარაში არის ვაცი. მამრი თხის ჯირკვლების გამონაყოფი თხას გადაეცემა და, შესაბამისად, რძის გემოშიც ვლინდება ეს. მოწველამდეც კი, უბრალოდ რომ იმყოფებოდეს იქ ვაცი, ეს საკმარისია, რომ რძემ ინტენსიური და დამახასიათებელი გემო შეიძინოს.
სუნი
თუ ცხოველი სუფთაა და ჰიგიენის ყველა წესის დაცვით იქნება მოწველილი, სუნი არ უნდა არსებობდეს. ის შეიძლება გაჩნდეს იმ საკვებისგან, რომელსაც ჭამს თხა ან ძროხა. თუ რაციონში მოხვდება ნიორი ან აბზინდა, მაშინ რძეს ექნება მომწარო გემო და სპეციფიური სუნი.
ცილების შემცველობა
ორივე სახეობის რძეში ცილების რაოდენობა თითქმის ერთნაირია. ამინომჟავური შემადგენლობა თხის რძეში მას იდეალურ ნუტრიენტად აქცევს. ორგანიზმში ცილის უკმარისობისას თხის რძე მას გაცილებით უფრო სწრაფად აღადგენს, ვიდრე ძროხისა. ძროხის რძის ცილა შეიცავს ალერგენებს, ხოლო თხის რძეში კი ისინი პრაქტიკულად არ არის. გარდა ამისა, თხის ცილა ორგანიზმში ბევრად უკეთ შეითვისება და სწრაფად და მთლიანად იშლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.
ცხიმების შემცველობა
სწორედ ამ კრიტერიუმშია ძირითადი განსხვავება თხისა და ძროხის რძეს შორის. მიიჩნევენ, რომ თხის რძე ძროხისაზე უფრო ცხიმიანია, თუმცა ეს მაჩვენებელი ძროხის ჯიშზეა დამოკიდებული. თხის რძეში ცხიმი გროვდება უფრო წვრილი ნაწილების სახით, ვიდრე ძროხისაში და შესაბამისად, უკეთ შეითვისება ორგანიზმის მიერ.
ლაქტოზის შემცველობა
ლაქტოზას ანუ რძის შაქარს აქვს ძლიერი კუჭში გამხსნელი მოქმედება. ძროხის რძე შეიცავს ბევრად მეტ ლაქტოზას, ვიდრე თხის. ასევე ძროხის რძის ლაქტოზა უარესად გადამუშავდება. ის ხვდება მსხვილ ნაწლავში, სადაც იწვევს დუღილს, გაზების წარმოქმნას და თხევად განავალს. ძროხის რძის თხის რძით შეცვლის შემდეგ, ნაწლავური პრობლემები გვარდება.
ვიტამინები და მინერალები
ვიტამინი A, B ჯგუფის ვიტამინები, კაროტინი, კალციუმი, კალიუმი, ნიკოტინის მჟავა, ფოსფორი, მაგნიუმი და ქლორი გაცილებით მეტია თხის რძეში. თუმცა ძროხის რძისგან თქვენ მიიღებთ უფრო მეტ B6 და B 12 ვიტამინს, ასევე რკინას, თუთიას, ნატრიუმს და სხვა.
თუ დადგებით არჩევანის წინაშე: თხის თუ ძროხის რძე, დარწმუნებულები იყავით, რომ ეს ორივე სუპერპროდუქტი სასარგებლო და მნიშვნელოვანია ჯანმრთელობისა და სილამაზისთვის. მთლიანობაში, ორივე სახის რძე ერთმანეთს ჰგავს, თუმცა სხვადასხვა პროდუქტია, სხვადასხვა კვებითი ღირებულებითა და ორგანიზმზე მოქმედების მიხედვით.
მაღალი ცხიმიანობის გამო, უმჯობესია, რომ თხის რძე მიირთვათ წყალში განზავებული (1:1). არ ღირს თხის რძის მიღება ალერგიულებისთვის, ასევე დისბაქტერიოზის დროს და ჩვილი ბავშვებისთვის. თუ მაინც გადაწყვეტთ თხის რძის ყიდვას, შეიძინეთ ის სანდო წყაროსგან.
თქვენ თუ გიყვართ თხის რძე? მოგვიყევით კომენტარებში! ეს საინტერესო სტატია კი თქვენს მეგობრებსაც გაუზიარეთ! გისურვებთ ჯანმრთელობას!