მთავარი საკითხავი შემინდე და შემიწყალე

შემინდე და შემიწყალე

by guramus

“დანაშაული ყოველთვის სისუსტეა. დამნაშავე მხდალია და არა გმირი; ამიტომ მას, ვინც გაწყენინებს, შეხედე, როგორც შენზე სუსტს. პატარა ბავშვს ხომ არ გადაუხდი სამაგიეროს? ასევე ნურავის მიაგებ სანაცვლოს, რადგან მას ბოროტება კი არა, უსუსურობა ბადებს. ასე შეინარჩუნებ ძალას და მიემსგავსები წყნარ ზღვას, რომელიც არასოდეს გადმოლახავს ნაპირს იმ უგუნურის დასახრჩობად, მას ქვებს რომ ესვრის”.

“ყოველნაირად ეცადე, განიწმინდო სული ბოროტებისაგან, რადგან თუკი კაცთა მიმართ გულში ბოროტებას ჩაიდებ, ამით დაიგროვებ შხამს, რომელიც ადრე თუ გვიან შენში ადამიანს მოკლავს”.

***

რწმენა ძალაა სულისა. მცირე რწმენა ვერ უბიძგებს გონებას ღმერთზე ფიქრის, ხოლო გულს – უფლისადმი ლოცვისკენ. მტკიცე რწმენა ამოძრავებს გონებას, გულს და საერთოდ მთლიანად სულს ადამიანისას. ვიდრე სულში მტკიცე რწმენა ცოცხლობს, ის მიაქანებს მთელი ძალით სულს უფლისაკენ. ამიტომაც გვიქადაგა მაცხოვარმა: “მოუკლებელად ილოცევდითო” (თესალ. 1,5,17) და გვასწავლა ვედრება.

***

ვიწროა გზა უფლისა – მიმავალი სასუფევლისაკენ (იხ. მათ. 7,13), ამას უდასტურებს მაცხოვარი ყველას, ვინც გაჰყვება მას. არ უნდა გაგიკვირდეს, ხალხმაც რომ შეგაქოს, ავის მქმნელს ღმერთი მაინც დაგსჯის. ხალხმა შეიძლება, დაგსაჯოს სიკეთისათვის, მაგრამ უფალი დაგაჯილდოვებს. ქრისტე მხოლოდ სიკეთეს იქმოდა, მაგრამ ხალხმა ჯვარს აცვა იგი.

***

“ყოველნაირად ეცადე, აღზარდო საკუთარ თავში ადამიანების მიმართ სიკეთე. თუ მეტად დაატან ძალას შენს გამშრალ სულს, წყლის წვეთებივით ყოველთვის გამოადენ სიკეთეს, მტრების გამართლებას. ეს კი მათზე სულიერად გამარჯვებას ნიშნავს.”

***

“აჯობე მზეს კეთილშობილებით – იგი ბოროტსაც ათბობს და კეთილსაც. შენ რატომ არ შეგიძლია ორივე მათგანის სიკეთით გათბობა?”

წმინდა ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

“ზღვის ნაპირის მხვნელი, სამწუხაროდ, ამაოდ ღვრის ოფლს – მოსავალს ვერ მოიწევს. აგრეთვე, ვინც ძმას შეცოდებას არ მიუტევებს და მტრობას უყოფს, დაისჯება და სარგებელს ვერაფერს მიიღებს”.

***

“ყოველთა უძლიერესი ღმერთი გიბრძანებს: “ჩემი არს შურისგება და მე მივაგო მათ”. თუკი ვნება და მტერობა გნებავს შენი მავნებელისა, მაშინ ღმერთს რატომ არ აცდი, რომ შენზე უძლიერესად მან ავნოს? და თუ ვნება არ გნებავს, მაშინ რატომ არ მიუტევებ შეცოდებას? თუ არ მიუტევებ ძმათა შეცოდებას – დაუსრულებელ სატანჯველს მიიღებ, რაც ჩანს სიტყვებიდან: “არცა თქვენ მოგიტევნეს მამამან თქვენმან ზეცათამან”.

***

„მიუტევე უფალსა ზრუნვაი შენი“ (ფს. 54, 23) და შენი ჯვარი მსუბუქი იქნება.

***

“ქრისტემ მტკიცედ ასწავლა თავის მოწაფეებს შემცოდე ძმების მიტევება და თუკი შენ მის სწავლებას არ აღასრულებ, როგორც იუდა, ისე განვარდები ქრისტესგან, ასევე შენი სული ყოველივე ნათლისაგან ცარიელი და ბნელი შეიქნება, რადგან მიუტევებლობა შურს შემოიღებს; ყველა შენი სიკეთე უნაყოფო გამოჩნდება. კიდევ ერთი ვნება მოჰყვება ძმათა მიუტევებლობას: თუკი არ მიუტევებ, დაემსგავსები ეშმაკეულს, რომელიც თავის თავს იწყლულებს და იკოდავს, ასევე შენც საკუთარ თავს სულიერად მოიწყლავ და ვნებას მისცემ”.

***
“ამ სოფლის მოყვარე და მოსწრაფე ხარ, ხოლო საუკუნო სუფევისთვის კი სიზარმაცე გძლევს თუ იტყვი, რომ სოფელი გძლევს, სოფლის მძლეველი ხომ ქრისტეა? რატომ მას არ მიმართავ შეწევნისათვის”
***

“თუკი შენმა ძმამ მახვილით დაგაწყლულა, სამაგიეროდ რომ შენც მახვილით მოსწყლა, მისი წყლულება შენს წყლულებას რას არგებს? რომელ სიმრთელეს მისცემს? მისი ვნებისგან შენ არა გერგება რა, უფრო მეტად მას არგებ: შენ, ჟამიერი კაცი, ჟამიერ და წარმავალ შურს მიაგებ და საუკუნო ღვთის მიერ რისხვისაგან განარინებ, რადგან რომელი საქმისთვისაც შენ დასჯი და განიკითხავ, იმ საქმისთვის ღმერთი აღარ დასჯის და აღარც განიკითხავს”.

წმინდა ანტონ ჭყონდიდელი

“თუკი ვინმე უმართებულოდ გისაყვედურებს რაიმე ცოდვისათვის და გაგკიცხავს, მდაბლად შეხვდი ამას, ბედს შეურიგდი და ღვთაებრივ გვირგვინს მიიღებ”.

***

“შენი ენა მარად ამის თქმით წურთნე – შემიწყალე და შემინდეო, და მაშინ ჭეშმარიტი სიმდაბლით აღივსები”.

***

“მარად მზად იყავი იმისთვის, რომ შენს წინააღმდეგ წარმოთქმული ყოველი მამხილებელი სიტყვის გამო, რასაც კი მოისმენ, თქვა ხოლმე: შემინდეთ და მაპატიეთო, რადგან სწორედ ამგვარი დამდაბლება თავისა დაარღვევს და სძლევს მტრის ყველა მზაკვრობას”.

 წმინდა ანტონ დიდი
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: