მთავარი კულინარია დამარინადებული ნიორის ყველა შესაძლო რეცეპტი თქვენთვის შევკრიბეთ

დამარინადებული ნიორის ყველა შესაძლო რეცეპტი თქვენთვის შევკრიბეთ

by Keti

ნიორი დამარინადების შემდეგ სრულიად სხვა პროდუქტი ხდება. ქრება მისი სიმწარე, მკვეთრი სუნი, ხდება უფრო პიკანტური და ხრაშუნა.

დამტკიცებულია, რომ თერმული დამუშავების დროსაც კი ნიორი სამკურნალო თვისებებს ინარჩუნებს. დღეს შემოგთავაზებთ ნივრის დამარინადების მეთოდებს ქილაში. ის ყველა გურმანს მოეწონება.

როგორ დავამარინადოთ ნიორი

კლასიკური რეცეპტი

თქვენ დაგჭირდებათ

  • ერთი კგ ნიორი
  • ერთი ლ წყალი
  • 3 ღერო აყვავებული კამა
  • 1,5 ს. კ. მარილი
  • 100 გ შაქარი
  • 50 მლ 9%იანი ძმარი

ნიორი გაარჩიეთ და მოაცალეთ მას ქერქი. ნივრის კბილები ჩაალბეთ ცივ წყალში ერთი საათის მანძილზე. ამასობაში მოამზადეთ მარინადი. წყალი შეურიეთ ძმარს და მასში გახსენით მარილი და შაქარი. მარინადი მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით ცეცხლიდან.

გასტერილებულ ქილებში ჩააწყეთ კამა და ნიორი. დაასხით მარინადი და ქილები გაასტერილეთ 5 წუთით, შემდეგ მოხუფეთ და შეინახეთ ბნელ ადგილას. ის ასეთი სახით ზამთრამდე შეინახება.

ნიორი ჭარხლით

თქვენ დაგჭირდებათ

  • 20 თავი ნიორი
  • 750 მლ წყალი
  • 100 მლ ძმარი
  • ერთი დიდი ჭარხალი
  • 2 ს. კ. მარილი
  • ერთი ს. კ. შაქარი
  • ერთი ღერო დარიჩინი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 5 ღერი მიხაკი
  • მწვანილი გემოვნებით (კამა, პირუშხა)

გაწურეთ ჭარხლისგან წვენი ისე, რომ რბილობი არ გაჰყვეს. ქილები წინასწარ გაასტერილეთ და შეავსეთ გასუფთავებული და გარეცხილი ნივრით. აადუღეთ წყალი მარილთან და შაქართან ერთად, დაამატეთ ძმარი და შაქრის წვენი. დაასხით ეს ყველაფერი ნიორს და მოხუფეთ ქილები.

დამწნილებას დასჭირდება მინიმუმ ერთი კვირა.

ნიორი კორეულად

თქვენ დაგჭირდებათ

  • 500 გ ნიორი
  • 500 მლ სოიოს სოუსი
  • 100 მლ ძმარი

ნიორი გაფცქვენით და ჩაყარეთ ქილაში, ძმარი და წყალი აურიეთ ერთმანეთში და დაასხით ნიორს ისე, რომ მთლიანად დაიფაროს სითხით. დააფარეთ ხუფები, ოღონდ არ მოხუფოთ და დატოვეთ 7 დღით დასამწნილებლად.

ერთი კვირის შემდეგ ნიორი გადაიტანეთ სტერილურ ქილებში და დაასხით მას ადუღებული, მაგრამ გაციებული სოიოს სოუსი. შეინახეთ ცივ ადგილას 3 კვირის განმავლობაში.

სწრაფი რეცეპტი

თქვენ დაგჭირდებათ

  • ერთი კგ ნიორი
  • ერთი ლ წყალი
  • 5 ს. კ. შაქარი
  • 2 ს. კ. მარილი
  • 100 გ ძმარი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 3 ცალი მიხაკი
  • 10 მარცვალი სურნელოვანი პილპილი

სუფთა ნიორი გარეცხეთ და ჩაყარეთ ქილაში სანელებლებთან ერთად, აადუღეთ წყალი, დაამატეთ მარილი, შაქარი, ძმარი და წამოადუღეთ. დაასხით ნიორს მარინადი, როცა გაცივდება. დააფარეთ ქილებს და შედგით მაცივარში 3 დღით.

ნიორი წიწაკა ჩილისთან ერთად

თქვენ დაგჭირდებათ

  • 14 კბილი ნიორი
  • 4 წიწაკა ჩილი
  • 100 მლ ძმარი

ქილები გაასტერილეთ და ჩაალაგეთ მათში სუფთა, გარეცხილი ნიორი. იქვე მოათავსეთ წიწაკები და დაასხით ძმარი. მოხუფეთ ქილები და ერთი კვირის მანძილზე მოათავსეთ გრილ ადგილას.

ნიორი ხახვის ფურცლით

თქვენ დაგჭირდებათ

  • ერთი კგ ნიორი
  • 200 მლ წყალი
  • 100 მლ ძმარი
  • 50 გ შაქარი
  • 20 გ მარილი
  • ნახევარი ჩ. კ. დარიჩინი
  • 3 დაფნის ფოთოლი
  • 3 ცალი სურნელოვანი პილპილი
  • 4 თავი ხახვი

ხახვი გარეცხეთ და მოაცალეთ ქერქი, გააშრეთ. ნიორი გაფცქვენით, გარეცხეთ და დამდუღრეთ. შემდეგ ერთი საათით გადაიტანეთ ცივ წყალში.

გასტერილებულ ქილებში ჩაალაგეთ ნიორი ხახვის ფურცელთან ერთად, ფენებად. გააკეთეთ მარინადი წყლით, ძმრით, შაქრით და სანელებლებით. წამოადუღეთ და დაასხით ნიორს. მოხუფეთ ქილები და ერთი კვირის შემდეგ მიირთვით.

ნივრის მარინადი ძმრის გარეშე

ნაღებიანი მარინადი ყველაზე გემრიელია. თავიდან არაჟანი შესაძლოა აიჭრას, თუმცა ბოლოს ის ერთვაროვანი გახდება.

თქვენ დაგჭირდებათ

  • 4 თავი ნიორი
  • 70 მლ ლიმონის წვენი
  • 2 ს. კ. თაფლი
  • 100 მლ არაჟანი
  • მარილი და პილპილი

გაფცქვნილ ნიორს მოავლეთ მდუღარე და ჩაალაგეთ სტერილურ ქილებში. მოამზადეთ მარინადი: წამოადუღეთ ლიმონის წვენი არაჟანთან და თაფლთან ერთად. დაამატეთ მარილი, პილპილი და ხარშეთ 3 წუთი. ნიორს დაასხით ნაღების მარინადი, მოხუფეთ და შედგით მაცივარში ერთი კვირით. შემდეგაც მხოლოდ მაცივარში შეინახეთ.

ყოველი რეცეპტი თავისებურად კარგია, თუმცა ყველა შემთხვევაში მხოლოდ ერთი წესია უცვლელი: ცივი დამარინადების დროს ნიორი უფრო ხრაშუნა გამოდის, ხოლო ცხელ მარინადში დამწნილებით იგი უფრო ნაზი ხდება.

ასევე გაითვალისწინეთ, რომ ნივრის ზოგიერთი ჯიში მომწვანო-მონაცრისფრო ხდება, რაც სავსებით ნორმალურია. სწრაფი მომზადებისთვის გამოგადგებათ ახალგაზრდა ნიორი!

თუ მოგეწონათ ჩვენ მიერ შემოთავაზებული რეცეპტები, გაუზიარეთ ისინი თქვენს მეგობრებსაც!