როგორ მოვამზადოთ სამფერა კექსი კაკაოთი, ქოქოსითა და ყაყაჩოს თესლით

by Keti Alaverdashvili

რბილი და ფაფუკი სახლის კექსი საუკეთესო დესერტის ვარიანტია. ის სწრაფად მზადდება და საკმაოდ გემრიელიც გამოდის. დღეს ჩვენ შემოგთავაზებთ რეცეპტს, თუ როგორ უნდა მოამზადოთ სამი ფერისგან შემდგარი ჰაეროვანი კექსი. დარწმუნებულები ვართ, რომ აღფრთოვანებულები დარჩებით მისი დაბალანსებული გემოთი.

გარდა ამისა, განსაკუთრებული ინგრედიენტების წყალობით ის გამოდის ძალიან ორიგინალური და არომატული.

ინგრედიენტები

  • 6 ცალი კვერცხი
  • 250 გ კარაქი
  • 200 გ შაქარი
  • 240 გ ფქვილი
  • 1,5 ჩ. კ. გამაფხვიერებელი
  • 7 ს. კ. ზეთი
  • ერთი ს. კ. კაკაოს ფხვნილი
  • 90 გ ქოქოსის ფანტელი
  • 90 გ ყაყაჩოს თესლი
  • შაქრის პუდრა გემოვნებით

მომზადება

  1. ათქვიფეთ დარბილებული კარაქი შაქართან ერთად. შემდეგ შეათქვიფეთ სათითაო კვერცხი.
  2. ჩაყარეთ ფქვილი და გამაფხვიერებელი, გააგრძელეთ თქვეფა. შემდეგ დაამატეთ ზეთი და კვლავ ათქვიფეთ.
  3. ცომი გაყავით 3 ტოლ ნაწილად, ერთს შეურიეთ კაკაო, მეორეს კი – ქოქოსის ფანტელი. ხოლო მესამე ნაწილში ჩაამატეთ ყაყაჩო. ყველაფერი კარგად აურიეთ.
  4. კექსის ფორმას წაუსვით კარაქი, ჩაასხით პირველად კაკაოანი ფენა და გაუკეთეთ მას ნაპირები. შემდეგ ჩააფინეთ ცომი ქოქოსის ფანტელით. მასში გააკეთეთ პატარა ჩაღრმავება.
  5. ამ ჩაღრმავებაში ფრთხილად ჩაასხით ყაყაჩოს შემცველი ცომი.

6. ნამცხვარი გამოაცხეთ 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ერთი საათის განმავლობაში.

მზა სამფეროვან კექსს მოაყარეთ ზემოდან შაქრის პუდრა და ცოტათი გააციეთ. ეს ნუგბარი იმდენად მდიდრულად გამოიყურება, რომ მისი მომზადება შეგიძლიათ სადღესასწაულო სუფრებისთვისაც. აუცილებლად სინჯეთ და გემრიელად მიირთვით!

0

ასევე დაგაინტერესებთ