მთავარი საკითხავი რა არის სიყვარული? ყველაფერი, რაც ამ გრძნობის შესახებ უნდა იცოდეთ

რა არის სიყვარული? ყველაფერი, რაც ამ გრძნობის შესახებ უნდა იცოდეთ

by Keti

„სიყვარულის გარეშე ცხოვრება უფრო მარტივია, უბრალოდ, მის გარეშე აზრს კარგავს“ – ლევ ტოლსტოი

სიყვარული ემოციების, ქცევებისა და იმ რწმენების კომპლექსური ერთობით გამოწვეული მდგომარეობაა, რომლებიც, თავის მხრივ, სავსეა ალერსით, დაცულობის განცდით, სითბოთი და პატივისცემით სხვა ადამიანის მიმართ. თუმცა, ადამიანების გარდა, სიყვარული სხვა არსებების მიმართაც გვიჩნდება, მაგალითად ცხოველების. ან შესაძლოა ადამიანს ძალიან უყვარდეს აბსტრაქტული მოვლენები და იდეები, მაგალითად თავისუფლება, ღმერთი და ა. შ.

რა არის სიყვარული?

სიყვარულის საკითხი განსაკუთრებულია ფილოსოფოსების, პოეტების, მწერლებისა და მეცნიერებისთვისაც კი. განსხვავებული ადამიანები და მათი ჯგუფები საუკუნეებია კამათომენ მის დეფინიციაზე. სიყვარულის ზუსტი განსაზღვრება დღემდე არ არსებობს, ცნობილი ფრაზაც კი – ,,მე შენ მიყვარხარ” – შეიძლება სხვადასხვა სიტუაციაში სხვადასხვა მნიშვნელობას ატარებდეს. სიყვარულის შესაძლო განმარტებები მოიცავს:

  • სურვილს, რომ სხვა ადამიანის კარგად ყოფნა და ბედნიერება შენსას გაუტოლო.
  • ემოციური მიჯაჭვულობის, მოფერებისა და ახლოს ყოფნის ძლიერი განცდა.
  • მიზიდულობისა და პატივისცემის გამომხატველი უეცარი შეგრძნებები.
  • ზრუნვის, ალერსისა და გვერდში დგომის სურვილი.
  • ადამიანთან ყოფნის გრძელვადიანი სურვილი, რაც სოციალურ კულტურაში, უმეტესად დაქორწინებით გამოიხატება.
  • ზემოჩამოთვლილი ემოციების კომბინაცია.

ბევრი ადამიანი მსჯელობს საკითხზე, არის თუ არა სიყვარული არჩევითი, ან არის თუ არა ის მუდმივი და უცვლელი ფენომენი. გარდა ამისა, კამათობენ ოჯახის წევრების მიმართ სიყვარულზეც – ეს ბიოლოგიურად დაპროგრამებული განცდაა თუ კულტურული პროპაგანდა. სიყვარულთან მიმართებით ჩამოყალიბებული ნებისმიერი დებულება კონკრეტულ შემთხვევებს თუ მოერგება, საკითხის განზოგადების შემთხვევაში ის კვლავ ბუნდოვანი რჩება.

სიყვარული ვნების წინააღმდეგ

ორი ადამიანის სასიყვარულო ურთიერთობის პირველ სტადიაზე ხშირად რთულია ვნებისა და სიყვარულის ერთმანეთისგან გარჩევა. ორი პიროვნება განიცდის ფიზიკურ მიზიდულობას და იწამლება სასიყვარულო ქიმიით, ეს კი იწვევს სიახლოვის დაუძლეველ სურვილს, ხოლო ურთიერთობას გრძელვადიანად მხოლოდ ერთი რამ აქცევს: სიყვარული.

სიყვარული არის ის, რაც ისახება ორ ადამიანში და დროსთან ერთად იზრდება. ეს პროცესი მოიცავს ერთმანეთის გაცნობას და სხვადასხვა გამოცდილების ერთობლივ გაზიარებას. აგრეთვე სიყვარული გულისხმობს ვალდებულებას, დროში გამოცდას, ერთობლივ ნდობას და ურთიერთაღიარებას.

ვნება, მეორეს მხრივ, უკავშირდება სექსუალურ განცდებს, რაც ადამიანს ურთიერთობის საწყის ეტაპზე გააჩნია და იწვევს ფიზიკური სიახლოვის სურვილს. ხშირად სექსუალური ჰორმონები და იდეალისტური დაბრმავება გარკვეული დროით, ფარავს მეორე ადამიანის ნამდვილ ბუნებას და, შედეგად, ვნების ეტაპი შესაძლოა გადაიზარდოს ან არ გადაიზარდოს გრძელვადიან სასიყვარულო ურთიერთობაში.

მაგალითად, ნანა ხანგრძლივ ურთიერთობაშია ნიკასთან და გოგონას სექსუალური სურვილები ბიჭის მიმართ იკლებს. მას უყვარს ნიკა და ზრუნავს მასზე, მაგრამ ნანას აღარ მოსწონს მათი ფიზიკური ურთიერთობა, ის უკმაყოფილოა ამით. როცა გოგონა დავითს შეხვდება, იგი განიცდის ახალ ემოციებს, მიზიდულობას და ძლიერ ლტოლვას. ნანას ტვინის ქიმიური შიკრიკები მის სხეულს სიგნალებს უგზავნიან, რათა ამ ახალ მამაკაცთან დაიწყოს ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონამ მასზე არაფერი იცის, მხოლოდ იმას ხვდება, რომ დავითი ფიზიკურად იზიდავს. ნაცვლად ამჟამინდელ პარტნიორთან სიახლოვის გაღრმავებაზე მუშაობისა, ნანა ვნებამორეულია და ეძებს რაღაც ახალს.

იდეალური ინტიმური ურთიერთობის სცენარი მოიცავს სიყვარულისა და ვნების თანაბარ კომბინაციას. ბოლოს და ბოლოს, ადამიანის მიმართ გაჩენილი ვნება მნიშვნელოვანი წინაპირობაა ხანგრძლივი ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის და შინაგანი ცეცხლის ხელახალი გაჩაღებაც გრძელვადიანი კავშირის პერიოდში საჭირო პრაქტიკაა.

სიყვარული და მენტალური ჯანმრთელობა

მიუხედავად იმისა, რომ სიყვარულის ზუსტი განმარტება არ არსებობს, ადამიანთა უმეტესობა მაინც თანხმდება ამ გრძნობის მნიშვნელოვან როლზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ კარგად ყოფნასთან მიმართებით. უამრავი კვლევა წარმოაჩენს სიყვარულის დადებით მხარეებს. მისი როლი მენტალურ ჯანმრთელობაში საკმაოდ ფართო და კოლოსალურია. ამის რამდენიმე მაგალითია:

  • ფაქტია, რომ თუკი ჩვილებს არ აჩვენებენ საკმარის სიყვარულს და ზრუნვას, რაც ხელში ხშირად აყვანასა და ჩახუტებაში გამოიხატება, ისინი განვითარების შეფერხების რისკის წინაშე დადგებიან ან სხვა ფიზიკური გამოხატულებით გახდებიან ავად.
  • განცდა იმისა, რომ არავის უყვარხარ – მჭიდროდ არის დაკავშირებული დაბალ თვითშეფასებასა და დეპრესიასთან.
  • ადამიანები, ვინც სხვებსაც უყვართ და თავადაც გასცემს სხვების მიმართ სიყვარულს, გასაკვირი არ არის, რომ უფრო ბედნიერები არიან.
  • სიყვარული ასევე დიდ როლს ასრულებს გრძელვადიანი ჯანმრთელობის კუთხით, ღრმა ემოციური კავშირი კი დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე.

რა არ არის სიყვარული

სიყვარული არ არის ჯილდო, რომელსაც მხოლოდ ადამიანთა შეზღუდული რაოდენობა იმსახურებს. შესაბამისად, ის არც სასჯელია. ხშირია შემთხვევები, როცა რთულია სიყვარული ვნებისგან, ადამიანზე ნადირობისგან, ან ტყუილისგან ვერ გაარჩიო. ბევრი ადამიანი სიყვარულს მხოლოდ მარტოობისგან თავის დაღწევის მიზნით ეძებს. ზოგიერთ კულტურაში კი დიდი როლი აქვს გარიგებასაც, როცა ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ და სხვების გავლენით ან საკუთარი არჩევანით წყვეტენ, კონკრეტულ ადამიანთან იცხოვრონ. რა პრობლემასაც არ უნდა ჰქონდეს ადგილი, გრძნობას არასდროს ჰქვია სიყვარული, თუ ის გულიდან თავისუფლად არ მოდის.

ამასთან, სიყვარული არავის აძლევს დესტრუქციული და მჩაგვრელობითი ქმედებების ჩადენის უფლებას. შეყვარებული ადამიანები სამართლიანობას ეძებენ ურთიერთობაშიც და მის გარეთაც. გრძნობა, რომელიც თავისი არსით ყველაზე ლამაზია და დადებითად უნდა მოქმედებდეს ჯანმრთელობაზე, ვერ გახდება ადამიანის ცუდად ყოფნის მიზეზი. ურთიერთობისას სიყვარულის უცვლელი წესია გამოვხატოთ ბრაზი, დარდი, სევდა, ტკივილი და ა. შ. ეს გვეხმარება გულწრფელები ვიყოთ პარტნიორთან და გავაგებინოთ, რა გვაწუხებს. მაგრამ სიყვარული არ მოგვიწოდებს მოვითმინოთ ნეგატიური მოვლენები და არ ვთქვათ ის, რაც არ მოგვწონს. სიყვარული არ გულისხმობს შემდეგ ფრაზებს: ,,პატარა გოგოები ასე არ იქცევიან,” ,,თუ გინდა სხვებს უყვარდე, წესიერად მოიქეცი, ბევრს ნუ ლაპარაკობ,” ,,გააკეთე ის, რაც მე მინდა,” ,,სხვა არასდროს შეიყვარო,” ,,დამპირდი, რომ არასდროს დამტოვებ.” და ა. შ.

სიყვარული მხარს უჭერს ადამიანს – გახდეს უფრო რეალური. ადამიანები დაკავშირებულები არიან ერთმანეთთან, სიყვარული კი გვეხმარება იმაში, რომ სოციალიზაციის პროცესს უფრო თბილი და სასურველი სახე მივცეთ.  თავისი საწყისით, სიყვარული თანამგრძნობი და ემპათიურია. სიყვარულმა იცის ,,სხვაც” და იცის საკუთარი თავიც. ეს არის ამ გრძნობის ნამდვილი ბუნება და მცდელობების მიუხედავად, სიყვარულის სახელით ვერ ხერხდება ისეთი ტიპის მანიპულაცია და შეზღუდვა, რომ ეს ფენომენი გაუფასურდეს. ის პატივს სცემს ყველა ადამიანის ინდივიდუალობას. შეიძლება ითქვას, რომ სიყვარული თავისებური კანონია.

თქვენ რას ფიქრობთ სიყვარულზე? ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ მას მხოლოდ დადებითი ფაქტორები უნდა ახლდეს თან? შესაძლებელია სიყვარულის სახელით რაიმე უარყოფითის ჩადენა? გთხოვთ, გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენი შეხედულებები!