მთავარი საკითხავი ბედის გახსნა, შაკიკის განკურნება, წელკავის მოხსნა… 10 ქართული შელოცვა, რომელსაც ბებიები ჩურჩულებდნენ

ბედის გახსნა, შაკიკის განკურნება, წელკავის მოხსნა… 10 ქართული შელოცვა, რომელსაც ბებიები ჩურჩულებდნენ

by Keti

შელოცვა არის რელიგიური ან სულიერი რიტუალი, რომელსაც კლასიკური გაგებით დემონებისა და სულების განსადევნად იყენებენ. აგრეთვე მას მიმართავენ ადამიანის წყევლისგან გასათავისუფლებლად. პირს, რომელიც ახორციელებს შელოცვას, ძველ კულტურაში ეგზორცისტი ეწოდებოდა და ხშირად იყო ეკლესიის წევრი, ან დაჯილდოებული სპეციალური თვისებებითა და ძალით. თუმცა მოგვიანებით მიჩნეულ იქნა, რომ შელოცვების შესრულება ყველა ადამიანს შეუძლია.

დღევანდელ რეალობაში შელოცვები არცთუ ისე პოპულარულია, თუმცა ერთ დროს ძალიან აქტუალური გახლდათ. ქართულ სოფლებში, სასულიერო პირების გარდა, სპეციალურად ეძებდნენ მადლმოსილ ადამიანებს, რათა შელოცვა ეფექტური ყოფილიყო. დროის სვლასთან ერთად, შელოცვებს არამხოლოდ ბოროტი სულების განსადევნად, არამედ სხვადასხვა დაავადებების განსაკურნებლადაც მიმართავდნენ. ეს კულტურული მიმდინარეობა ჩვენამდეც სწორედ ამ ფორმით მოვიდა.

ჩვენ დღეს გაგაცნობთ იმ სამკურნალო შელოცვებს, რომლებსაც ჩვენი წინაპრები იყენებდნენ ადამიანთა ფიზიკური თუ სულიერი გაჯანსაღებისთვის. გახსოვდეთ, როგორც სხვა ნებისმიერ საქმეში, აქაც წამყვანი რწმენა და სიყვარულია.

1. გათვალულთა შელოცვა

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

ალისასას, მალისასას, მე გილოცავ თვალისასას, თვალის ღალოობისასა, შინაურისასა, არეულისასას; 

თვალბოზისა, თვალქურდისა, თვალამპარტავანისასა; წითელწვერა კაცისა, შავწვერა კაცისა, 

ჭრელთვალა ქალისა, ჭრელთვალა კაცისა, შავთვალა ქალისა, შავთვალა კაცისა.

გარევიდა ღობესა, მეიშალა ღონესა; გააღო კარი, ავარდა ფხარი. მოკვდა კლდეშავი.

გამოვარდა შავი კაცი, შავი ლაგამონაგერი. 

სა მიხვალ, შე შავო კაცო?— წმინდა მთავარანგელოზმა უბრძანა. 

-მე მივალ ძვალის სახრავად, ბილის საჭმელად 

-არა, მამაძემასულმა არ გაგიშვას ძვალის სახრავად, ბილის საჭმელად.

ჩაგაგდებ ქვაბსა კარვალისა, შემოგკიდებ ცეცხლსა ნამთისასას.

დაგწვავ ამ (იტყვიან სახელს) გამთვალავს 365 წელიწადს!

დასწყევლოს 365-მა წმინდა გიორგიმ, 112-მა ხატმა-ჯვარმა გააქროს,

გააწყალოს შენი გლახა თვალით შემხედავი, გლახა სულით შემხედავი, გლახა გულით შემხედავი.

გევიდა სიპზე, გასკდა ჭიპზე. მეითხარა ორი ძირი ბალი, წამოუვარდა ორი კაკალი თვალი.

ასკილი, ღოღო-მაყვალი, დამპალი გველი და ბაყაყი, გახურებული კერია გულზე ტენია,

სამი კოდი ხვიერო გულზე ასვია, სამი კოდი ღვიერო გულზე აყრია მის გულსა და მუცელს,  

რამა კაცმა და ქალმა ჩემი (სახელი) გათვალა!

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი,

ბრძანებაა ღვთის და

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

ამ შელოცვის დროს ხელში ეჭირათ შავტარიანი დანა, რომლითაც ნახშირს ჩაჭრიდნენ პატარა წყლიან თასში. გამოლოცვის დასრულებისას ნახშირს შუბლზე ჯვრის სახით აცხებდნენ. მიღებული იყო შელოცვა პურის ნაჭერზეც, თუ გამოსალოცი შორს იმყოფებოდა (შელოცვილი პურის ნაჭერს გაუგზავნიდნენ და შეაჭმევდნენ). კიდევ ერთი, თუ შელოცვისას შემლოცველს ან იქ დამსწრეს დაამთქნარებდა, ეს ნიშნავდა იმას, რომ „პაციენტი“ ნამდვილად გათვალული იყო და შელოცვამაც გაჭრა, არგოო.

2. შელოცვა წელკავისას

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

წელკავო წელკავისაო,

თეძო და ბარკალისაო,

წმინდა გიორგი, უშველე,

ხატო და გელათისაო!

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი, 

შეეწიე მადლი შენი, 

მოუხდინე ლოცვა ჩემი, 

ბრძანებაა ღვთის და 

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

წელკავის შელოცვისას წელზე ჯვრის სახით წაუსვამდნენ ნახშირს.

3. ბედის გახსნის შელოცვა

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3 – ჯერ)

ბედო, ბედო ბედისაო,
შემოგყურებთ გულითაო.
აღირსე და მოუყვანე
შესაფერი სულითაო,
ფერითა და გულითაო.
ატიტი და მატიტი,
სამშვენი და სათითი,
ბედ-იღბალი გაიხსნება
სიყვარული დაიწყება
და ოჯახი შეიქმნება,
ნაშიერი მომრავლდება,
სოფელ-ქალაქ გამრავლდება,
ბედო, ბედო ბედითაო.

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი, / შეეწიე მადლი შენი, / მოუხდინე ლოცვა ჩემი, / ბრძანებაა ღვთის და / ლოცვა არის ჩემი! (3 – ჯერ).

ბედის გახსნის შელოცვისას შუბლზე ჯვრის სახით წაუსვამდნენ ნახშირს.

4. შელოცვა კანის დაავადებების დროს

(სირსვილი — კანის დაავადება, იგივე მუნი, მღერი)

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3 — ჯერ)

სირსვილი ხნავდა ყანასა,

ნაფუძველსა და ჭალასა,

გელი გეება ხარადა,

გველი — აპოურადა.

გახტა მგელი,

გაწყდა გველი,

სირსვილს ამოუვარდა

ფესვი და ძირი!

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი,

ბრძანებაა ღვთის და

ლოცვა არის ჩემი! (3 — ჯერ).

სირსვილის გამოლოცვის ბოლოს ნატკენ ადგილს ქათმის ქონს სამჯერ მოუსვამდნენ.

5. შელოცვა ორსულობისას

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3 — ჯერ)

აინძრა, მაინძრა,

მიწა ინძრა, ზღვა ინძრა.

ყოველი სულიერი,

ყოველი ორფეხი (თუ პირუტყვს ულოცავ, იტყვი — ოთხფეხი)

ინძრა და დადგა

დროდან დრომდი

ამ (იტყვი სახელს) მუცელში.

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი,

ბრძანებაა ღვთის და

ლოცვა არის ჩემი! (3 — ჯერ).

6. შელოცვა ჭვალისას

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

დიდი, დიდი, დიდებული,

ზედ საყდარი შენებული,

ლოდია მიყუდებული.

ვკარი ხელი, წავაქციე.

პეტრემ უთხრა პავლესაო

– რად არა ჭამ პურსო?

– მით არა ვჭამ პურსო,

ჭვალი მასვია გულსო!

– რა არის მისი წამალი?

– ცივი წყალი, ცივი რკინა,

თვით ამოსული კანაფი

გადავკიდე მხარსაო,

ის გააქრობს ჭვალსაო!

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი, 

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი,

ბრძანებაა ღვთის და 

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ)

7. შელოცვა შეშინებულისა

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

გულო შინა-შინა,

გულო, რამ შეგაშინა,

ძაღლმა შეგაშინა,

კაცმა შეგაშინა,

ქალმა შეგაშინა,

ბოვშვმა შეგაშინა

თუ ვინ შეგაშინა?!

მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

მაინც ნუ შეშინებულხარ, ფერო!

მაინც ნუ შეშინებულხარ, ძვალო!

მაინც ნუ შეშინებულხარ, რბილო!

(თქვი მისი სახელი, ვისაც ულოცავ…)

გული გულთან იყოს,

ფერი ფერთან იყოს,

ძვალი ძვალთან იყოს,

რბილი რბილთან იყოს!

ორშაბათს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

სამშაბათს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

ოთხშაბათს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

ხუთშაბათს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

პარასკევს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

შაბათს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

კვირას შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

დილას შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

სადილზე შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

შუადღეზე შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

სამქრობაზე შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

ვახშმობაზე შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

შუაღამეს შეშინებულხარ?— მაინც ნუ შეშინებულხარ, გულო!

გულო, მოდი საგულესა, შეგიკერავ კაბასა და სამგუნესა!

გულო, ადექი — დადექი,

შენ საბუდეში ჩადექი,

გარეთ ტურა-მგელი შეგჭამს (3-ჯერ)

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი, 

ბრძანებაა ღვთის და

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

შელოცვისას შეშინებულს გულზე ხელს ადებდნენ და ჯვრის სახით გადასახავდნენ. ასევე, ცალკე შეულოცავდნენ ნახევარ ჭიქა წყალს, რომელსაც გამოლოცვის დასრულებისას სამ ყლუპად შეასმევდნენ.

8. შელოცვები თვალის ტკივილისას

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

წითელმა წითელი გადიტანა,

თეთრმა თეთრი გადიტანა.

დარჩა შავი — მშვიდობიანი და ხალისი.

— რა არის მისი წამალი?

— ია და ვარდი, ქალის რძე,

წითელი ძაფი და ნემსი.

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი, 

ბრძანებაა ღვთის და 

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

თვალის ტკივილის გამოლოცვისას იყენებდნენ ნემსსა და წითელ ძაფს, რომელთაც ავადმყოფს გულზე დააბნევდნენ.

9. შელოცვები შაკიკისას

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

შაკიკი შემომეჩვია

სათივისა ბოლოსაო,

ისე ჭამდა რკინასაო,

როგორც ხარი — თივასაო.

დასწყევლა წმინდა გიორგიმ,

გეიპარა დილასაო.

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი,

შეეწიე მადლი შენი,

მოუხდინე ლოცვა ჩემი,

ბრძანებაა ღვთის და 

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

შაკიკის გამოლოცვისას ტყემლის ტყლაპსა და ბამბას შუბლიდან თვალისკენ სიგრძეზე დაადებდნენ გამოსალოცს; ზოგიერთი ტრადიციის მიხედვით, შემლოცველს ხელში ნაჯახი ეჭირა და სამჯერ წარმოთქვამდა შელოცვას.

10. შელოცვა გველის ნაკბენისას

სახელითა ხვთითა, მამითა, სულითა წმინდითა (3-ჯერ)

შავი, შავი შამელია,

შავი გველი ვეშაპია,

აფაქიასა ქალია,

აფაქიასა ცოლია!

ტიტი-ტიტი ტიტმანასა,

ანახი და ჩანახი,

სამი გუთანი წყალი.

კოღო ვარ, კოღო ყვითელი,

კაბა მაცვია წითელი,

თხილისა ჯოხი მიჭირავს,

გველისა სატკაცუნებელი.

გველი მოკვდეს,

ნაკბენი მორჩეს! (3-ჯერ)

ღმერთო, არგე ლოცვა ჩემი, 

შეეწიე მადლი შენი, 

მოუხდინე ლოცვა ჩემი, ბრძანებაა ღვთის და

ლოცვა არის ჩემი! (3-ჯერ).

ამ შელოცვის დროს გამომლოცველს ხელში ეჭირა თხილის ჯოხი და როდესაც სამჯერ იტყოდა სიტყვებს „გველი მოკვდეს, ნაკბენი მორჩეს“, სამჯერვე შეახებდა ნაკბენ ადგილს.

თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: