მთავარი საკითხავი მე-16 საუკუნეში მოღვაწე ფილოსოფოსის რჩევები ცხოვრებაზე

მე-16 საუკუნეში მოღვაწე ფილოსოფოსის რჩევები ცხოვრებაზე

by guramus

ფრანგი ფილოსოფოსის მიშელ დე მონტენის ესეები 500 წელზე მეტია რაც შთაგონების წყაროდაა ქცეული არაერთი მკითხველისთვის. მისმა ნამუშევრებმა ძალიან ბევრ ფილოსოფოსსა თუ მწერალზე იქონია გავლენა, მათ შორისაა პასკალი, ემერსონი, ნიცშე… ბევრი სწავლული მიიჩნევს, რომ სწორედ მონტენის ნამუშევრები იყო   შექსპირის შთაგონების წყარო პიესებზე მუშაობისას.

გუსტავ ფლაბერტი (მადამ ბოვარი) აცხადებდა: ” წაიკითხეთ მონტენი, ის დაგამშვიდებთ. წაიკითხეთ ის, რათა იცოცხლოთ”.

სარა ბეიკველი თავის წიგნში “How to Live: Or A Life of Montaigne in One Question and Twenty Attempts at an Answer” აერთიანებს მონტენის ესეებს, რომლებიც ყოველდღიურ, ცხოვრებისეეულ გამოწვევებს ეხება. ავტორი ნათლად გვანახებს, რომ ეს გამოწვევები იდენტურია მონტენის დროს არსებული გამოწვევებისა, მიუხედავად რამდენიმე ასეული წლიანი სხვაობისა.

მონტენის ესეები შეეხება შემდეგ თემებს:

  • კონტროლის დაკარგვა
  • ცხოვრების არსის გარკვევა
  • მსოფლიოს აღქმა
  • სხვა ადამიანებთან თანაცხოვრება
  • ადამიანურობის დაცვა/შენარჩუნება

ესეები ავტორის ფიქრებისა და მსჯელობების გადმოცემას წარმოადგენს. მათი შემადგენლობა შემდეგნაირია: დასმულია საკითხი, რომლის შესახებ მოყვანილია სხვადასხვა მაგალითები. მოცემულია ამ საკითხებზე ცნობილი ადამიანების მოსაზრებები, ბოლოს კი ავტორის საკუთარი აზრი. მაგალითად, ერთ-ერთ ესეში მსჯელობაა ვენერასა და მარსის სიყვარულზე, სიყვარულის თემა გადადის სხვა თემებში, როგორიცაა: ქორწინება, სიყვარული სიბერის ჟამს, ქალთა აღზრდის საკითხი და ა.შ.

მონტენი ერთადერთ რჩევას იძლევა: ბუნების მიყოლა, ანუ მასთან ჰარმონიული ცხოვრება, რადგან ბუნება ყველაზე კარგი წინამძღოლია. ამასთანავე აუცილებელია ადამიანმა თავად გაარკვიოს თუ რა არის მისთვის უკეთესი, გაითავიუსუფლოს თავი სხვებისგან და სხვებიც გაათავისუფლოს თავისგან. არსებობს ცხოვრების მრავალი სხვადასხვაგვარი წესი, მთავარია ადამანმა იცოდეს საკუთარ თავად ყოფნა.

მონტენი პირველივე წიგნში აღნიშნავს, რომ “შეჩვეულია სიკვდილს”, რადგან მისი მეგობარი, ლა ბოეტი ადრე გარდაიცვალა. 39 წლის ასაკში მონტენი აცხადებს, რომ გამუდმებით ფიქრობს სიკვდილზე. ეჩვევა ამ აზრს, რათა თავის დროზე არ იყოს მოულოდნელი და მტკივნეული. თუმცა მოგვიანებით მონტენი ცხენიდან ჩამოვარდა და ზოგს მკვდარიც კი ეგონა ისე ცუდად იყო. გადარჩენის შემდეგ მიხვდა, რომ სიკვდილი არც ისეთი საშიში ყოფილა, როგორც მანამდე ეგონა. ამ ამბის შემდეგ სიკვდილზე ფიქრში და მასთან შეხვედრის სამზადისში დროის დაკარგვა უაზროდ მიაჩნია. სჯობს სიცოცხლით დატკბე და როცა სიკვდილი მოვა, ბუნება თავად გასწავლის როგორ შეხვდე მას.

საბოლოო ჯამში, საჭიროა დაამარცხო არა სიკვდილი, არამედ სიკვდილის შიში.