ხაჭაპურის ნარჩევი რეცეპტები: გურული, იმერული, აჭარული, ფენოვანი, მეგრული და ბონუსი კუბდარი

by Keti Alaverdashvili

არის 2 რამ, რაც ბათუმში ყოფნის დროს აუცილებლად უნდა გააკეთო: გაისეირნო ბულვარში და გასინჯო ნამდვილი აჭარული ხაჭაპური. სწორედ ხაჭაპურია ჩვენი სამზარეულოსთვის ისეთივე განუყოფელი ნაწილი, როგორც ბათუმისთვის ზღვა.

ჩვენ დღეს გთავაზობთ ხაჭაპურის საუკეთესო რეცეპტებს!

გურული ხაჭაპური

მას აცხობენ გაფუებული ცომისგან, აქვს ნახევარი მთვარის ფორმა.

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ფქვილი
  • ნახევარი კგ სულგუნი
  • 200 მლ მაწონი
  • 100 მლ წყალი
  • 4 კვერცხი
  • 11 გ მშრალი საფუარი
  • ერთი ს. კ. შაქარი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • 50 გ კარაქი
  • ერთი ს. კ. არაჟანი

მომზადება

1. ცომისთვის ჯერ უნდა მოამზადო ცომის ხაში. თბილ წყალში გახსენი შაქარი და საფუარი. დაამატე მაწონი, კარაქი, მარილი და ფქვილი. მოზილე რბილი ცომი და დადგი თბილ ადგილას 2 საათი.

2. შიგთავსისთვის მოხარშე კვერცხი და დაჭერი ის კუბებად. სულგუნი გახეხე.

3. ცომი გაყავი 6 ნაწილად და თითოეული თხლად გააბრტყელე. დაადე შიგთავსი ცალ მხარეს და გადააფარე ცომის მეორე ნაწილი. შეაერთე ნაპირები.

4. მიეცი ნახევარი მთვარის ფორმა და გადაიტანე საცხობ ფორმაზე. დააფარე ტილო და დატოვე.

5. შეურიე კვერცხი არაჟანს და წაუსვი ნარევი ხაჭაპურს. შედგი 170 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით.

აჭარული ხაჭაპური

ინგრედიენტები

  • 150 მლ მაწონი
  • 150 მლ წყალი
  • 6 ს. კ. ფქვილი
  • 100 გ კარაქი
  • 12 გ მშრალი საფუარი
  • 150 გ სულგუნი
  • 150 გ ბრინზა
  • 8 კვერცხი
  • ერთი ჩ. კ. მარილი
  • 3 ს. კ. შაქარი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

1. შეურიე მაწონი და წყალი, გახსენი მასში საფუარი. დაამატე დარბილებული კარაქი და მარილი. მოზილე რბილი ცომი და დადგი 30 წუთით.

2. სულგუნი და ყველი გახეხე და შეურიე ერთმანეთს. 50 გ ყველი გადადე, დარჩენილს კი შეურიე 3 გახეხილი მოხარშული კვერცხი. ეს მასა გაყავი 4 ნაწილად და მოამრგვალე ისინი.

3. ცომი გაყავი 4 ნაწილად და თითოეული გააბრტყელე 7 მლ სისქის ოვალური ფორმით. 2 გრძელი მხრიდან მოაყარე გადადებული ყველი.

4. ნაპირები შეაერთე ისე, რომ ყველი შიგნით დარჩეს. ხაჭაპურს მიეცი ნავის ფორმა.

5. ,,ნავის” შიგნით ჩადე შიგთავსი, რომლის ცენტრშიც უნდა გააკეთო ღრმა ჩაღრმავება. აქ უნდა მოთავსდეს კვერცხის გული.

6. გადაიტანე ხაჭაპური საცხობ ფორმაზე და დატოვე 15 წუთით. ღუმელში შედგმის წინ წაუსვი ათქვეფილი კვერცხი.

7. შედგი ხაჭაპური ღუმელში 220 გრადუსზე, 10-15 წუთით. როცა გამოიღებ თითოეულ ,,ნავში” ჩაასხი თითო კვერცხის გული.

8. შედგი კვლავ ღუმელში 5-7 წუთით, კვერცხის შესაკრავად. ცხელ ხაჭაპურში მოათავსე ნახევარი ჩ. კ. კარაქი. მოაყარე მწვანილი და მიიტანე სუფრასთან.

იმერული ხაჭაპური

ინგრედიენტები

  • 500 მლ მაწონი
  • 200 მლ რძე
  • 4 კვერცხი
  • 175 გ გამდნარი კარაქი
  • ერთი კგ ფქვილი
  • 10 გ საფუარი
  • ერთი კგ იმერული ყველი
  • 75 გ კარაქი
  • ერთი ს. კ. არაჟანი
  • ერთი ჩ. კ. შაქარი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. თბილ რძეში გახსენი შაქარი და საფუარი. დაამატე ერთი ს. კ. ფქვილი და დადგი თბილ ადგილას 15 წუთით.

2. ამ მასას დაამატე მაწონი, კვერცხი და ფქვილი. ასევე 100 გ გამდნარი კარაქი და მარილი.

3. ცომი დადგი თბილ ადგილას. ერთი საათის შემდეგ მოზილე და კვლავ დადე ერთი საათით.

4. მოამზადე შიგთავსი: გახეხე ყველი, დაამატე კვერხი და 75 გ კარაქი.

5. გაყავი ცომი 6 ნაწილად. თითოეული გააბრტყელე. მოათავსე მათზე შიგთავსი და ნაპირები შეუკარი. გადააბრუნე და გააბრტყელე 1 სმ სისქემდე.

6. ხაჭაპურს ზემოდან მოუსვი კვერცხის გულისა და არაჟნის ნარევი. ალაგ-ალაგ დაჩხვლიტე ჩანგლით და შედგი 200 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში ნახევარი საათით. შეგიძლია მოამზადო ტაფაზეც.

7. ცხელ ხაჭაპურს წაისვი გამდნარი კარაქი.

მეგრული ხაჭაპური

მისი მომზადების პრინციპი იმერული ხაჭაპურის მსგავსია. ისიც მრგვალია, თუმცა ყველი აქვს როგორც შიგნით, ისე ზემოდან. იმერულისგან განსხვავებით, მეგრული ხაჭაპური მხოლოდ ღუმელში ცხვება. შემდეგ კი ზემოდან ესმევა ათქვეფილი კვერცხის გული და ზემოდან ეყრება სულგუნი.

გამოცხობა ხდება 220 გრადუსზე, 20 წუთით. ყველი რომ არ დაიწვას, ცხობისას დააფარეთ ფოლგა ან პერგამენტი.

ფენოვანი ხაჭაპური

ინგრედიენტები

  • ნახევარი კგ ფენოვანი ცომი
  • 100 გ ბრინზა
  • 300 გ სულგუნი
  • 2 კვერცხი
  • 100 გ კარაქი

მომზადება

1. სულგუნი და ბრინზა გახეხე სახეხზე, დაამატე რბილი კარაქი, ერთი კვერცხი და კარგად აურიე.

2. გაყავი ფენოვანი ცომი 2 ნაწილად. გააბრტყელე ისინი 3-4 მლ სისქის კვადრატის სახით.

3. ყოველი კვადრატი გაყავი 4 ნაწილად და წაუსვი კვერცხის ცილა. პატარა კვადრატის ცენტრში მოათავსე 2-3 ს. კ. შიგთავსი და შეაერთე ნაპირები.

4. წაუსვი ზემოდან ათქვეფილი კვერცხის გული. გადაიტანე საცხობზე და გამოაცხე 180 გრადუსზე.

კუბდარი

კუბდარს სვანურ ხაჭაპურს უწოდებენ, თუმცა მისი შიგთავსი ხორცისაა. მას აცხობენ მრგვალი და სამუთხედი ფორმების სახით.

ცომი მზადდება იმერული ხაჭაპურის ცომის იდენტურად. იხილე რეცეპტი ზემოთ.

ინგრედიენტები შიგთავსისთვის

  • 700 გ ღორის ხორცი
  • 2 დიდი ხახვი
  • 150 გ ღორის სალა
  • ერთი ჩ. კ. უცხო სუნელი
  • ერთი ჩ. კ. მშრალი აჯიკა
  • ერთი ჩ. კ. დაფქული ძირა
  • 2 კბილი ნიორი
  • მწარე წიწაკა გემოვნებით
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. ხორცი, სალა, ნიორი და ხახვი დაჭერი წვრილად. აურიე. მოაყარე მარილი, პილპილი და დანარჩენი საკმაზი. დატოვე 30 წუთით.

2. ცომი გაყავი 200 გრამიან გუნდებად. გააბრტყელე ისინი ნახევარი სმ სისქის ფირფიტის სახით. მოათავსე მათ შუაში შიგთავსი.

3. ცომს მოუკარი პირი და გადაიტანე საცხობ ფორმაზე გადაბრუნებული სახით. ზედა ფენას გაუკეთე ნახვრეტი ცენტრში.

4. გამოაცხე 180 გრადუსზე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთით. მზა კუბდარი გადაიტანე ჩაის ტილოზე. წაუსვი გამდნარი კარაქი და გადააფარე მეორე ჩაის ტილო 15 წუთით.

როგორ მოგეწონა რეცეპტები? შეინახე ეს სტატია და გაუზიარე ეს შენს მეგობრებსაც!

0

ასევე დაგაინტერესებთ