მთავარი საკითხავი “თქვენია, ბატონო გივი?” – მოგონებები გივი ბერიკაშვილზე

“თქვენია, ბატონო გივი?” – მოგონებები გივი ბერიკაშვილზე

by guramus

ლეგენდარულ მსახიობზე მოგონებად ქცეული ისტორიები.

კახი კავსაძე:  

  • “- ასე იცის: რომ ვდგავარ, მოვა და მომეყრდნობა, ხე ვარ, თუ კედელი?! აბა, ერთი, გავბედო და გავიწიო, წავა და ხალხს დაუძახებს, – კახის მივეყრდენი და წამაქცია, მაგან არც მეგობრობა იცის და არც არაფერიო… ხალხი კი ყოველთვის ბერიკას ემხრობა. მაგიჟებს, როგორ ახერხებს ხალხის მოსყიდვას…”

 

  • “ბერიკა ამბობს, კახიმ გამათეთრაო, მე კი – გივიმ გამათეთრა-მეთქი. იცით, რა შავქოჩორა ბიჭი ვიყავი? – გადასარევი, მაგრამ დამამახინჯა ამ კაცმა… ერთხელ სცენიდან დარბაზს ჰკითხა, – მე უფრო ლამაზი ვარ, თუ კახიო… სავსე იყო დარბაზი და ამ უსვინდისო ხალხმა ერთხმად იკივლა, – შენო… ხალხო, კარგად შეხედეთ, მასზე მაღალი მაინც ხომ ვარ-მეთქი… არაფერი შეგეშალოს, შეიძლება ფიზიკურად შენ მაღალი იყო, მაგრამ გივი სულიერად უფრო მაღლა დგასო! ისე გამაბრაზეს, მოვშორდი და წამოვედი.”

 

  • “მელას თავის მახრჩობელა უყვარსო, ხომ გაგიგიათ? ვინ არის გივი ბერიკაშვილი? ჩემი მახრჩობელაა!.. ყველაფერში მედავება, ყველაფერს მისწორებს… რომ ვიტყვი რამეზე, ლამაზიაო, ამბობს, მახინჯიაო, ვუმტკიცებ ესა და ეს კოსტიუმი მე უფრო მიხდება-მეთქი, არა, მე მეტად ვიხდენო… არადა, არაფერი საერთო არ მაქვს ამ კაცთან!”

 

კარლო საკანდელიძე:

  • “მე, გივი ბერიკაშვილი, კახი კავსაძე და რამაზ ჩხიკვაძე დაგვპატიჟეს შინაგან საქმეთა სამინისტროში, უფრო სწორედ, “კა-გე-ბეში” – რაღაცას დღესასწაულობდნენ. იმ დილით გივი შემხვდა და ეშმაკურად მეუბნება:
    – ააა, ხომ ვიცოდი, დიდი ხნის პოლკოვნიკი რომა ხარ.
    – მე შენზე ადრე ვიცოდი, გენერალი რომ ხარ-მეთქი, – არც მე დავრჩი ვალში.
    მაგათ აკადემიაში ერთი ათასი კაცი მაინც იყო შეკრებილი. პატარა სცენაზე აგვიყვანეს. მე ბოლოში დავჯექი. რამაზს ძალიან დიდი ფიალა მიართვეს. მან არც აცია, არც აცხელა – დამაცადეთ, სიტყვას ვამბობო და ფიალა კახის გადასცა. ახლა კახის სიტყვის დრო მოვიდა, იმანაც – გივის გადასცა. გივის ვუთხარი – მაიტა, მაიტა, მაგ ფიალას მაინც მე გადმომცემთ-მეთქი.
    – ამ ჯამს დალევ შენა? – გულწრფელად წამოსცვივდა თვალები კახის.
    დარბაზს მივესალმე, სადღეგრძელოც ვთქვი, რაღაცეები ვიბოდიალე – გამარჯვებული გევლოთ-მეთქი, მოვიყუდე და დავლიე. ისეთი სიჩუმეა, ისეთი, ბუზის ხმას გაიგონებ. ხმა ჩაუვარდა დარბაზს. როგორც იქნა, დავცალე და ერთბაშად ატყდა ტაში, ყიჟინა და შეძახილები, ახლა კი გვჯერა, „ღვინის ქურდებში“ ის ჯამი ნამდვილად დალიეო. ის ფიალა დიდი კი იყო, მაგრამ ფილმში რომ ჯამია, იმაში ხუთი ლიტრა მაინც ჩადიოდა. მართლა კი არ დამილევია.”

 

  • “ერთ დღეს მარჯანიშვილის თეატრის წინ ვდგავარ და ამხანაგს ვესაუბრები „გაზ-24“-ზე მიყუდებული. მოვარდა ინსპექტორი (როგორც ჩანს, სულ ახალი იყო).
    – რატომ დგას აქ მანქანა? – მომე საბუთები! – მომმართა მკაცრად.
    – არ მაქვს თან, სახლში დამრჩა-მეთქი, – ამოვიოხრე.
    – არ გაქვს ხომ? – ძალიან კარგიიი! ახლა მიყურე, ჩაიჩოქა მანქანის წინ,
    ნახევარი საათი იწვალა და ოფლში გაღვრილმა ძლივს მოხსნა მანქანის
    წინა ნომერი.
    – წინა რომ მოხსენი, უკანათი ვერ ივლის მანქანა? – გავაკრიტიკე! – დაუჯდა ჭკუაში, ახლა უკან ჩაიჩოქა, გასავათდა, მაგრამ მოხსნა ისიც.
    – ახლა ამ ნომრებს მე წავიღებ და მომაკითხავ იქ! – მეუბნება ნიშნისმოგებით.
    – სად, იქ?
    – ავტოინსპექციაში.
    – რატომ?
    – რა რატომ?
    – რატომ უნდა მოგაკითხო ავტოინსპექციაში?
    – აბა, ნომრები არ გინდა?
    – ეს ჩემი მანქანა არაა.
    – რააა?! – ფერი დაკარგა ინსპექტორმა და შეხედა, როგორ გამორბოდა თეატრის შენობიდან გივი ბერიკაშვილი: – რას შვები, კაცო, შენა! – გაგიჟდი? – ახლავე მიაკარი ნომრები ჩემს მანქანას!
    – თქვენია, ბატონო გივი? ბოდიში, ახლავე – ჩაიჩოქა ინსპექტორმა და ნომრების მიმაგრებას შეუდგა. აი, ასეა – გივის ყველაფერი ეპატიება საქართველოში.”
თუ სტატიაში განხილული თემა შენთვის საინტერესოა, მაშინ შემოგვიერთდი FACEBOOK გვერდზე: