დიაბეტი – 21_ე საუკუნის საშიში დაავადება

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიო მოსახლეობის თითქმის 4% დიაბეტით არის დაავადებული. აღნიშნული მონაცემი ყოველწლიურად იზრდება და მალე, დიაბეტი ეპიდემიის სახეს მიიღებს. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ნებისმიერი დაავადების დამარცხებაა შესაძლებელი ადრეული დიაგნოზის და მკურნალობის შემთხვევაში. დიაბეტიც მათ შორის არის.

loading...

რა არის დიაბეტი?

დიაბეტი არის დაავადება, რომელიც ხასიათდება ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, რის შედეგადაც სისხლში იმატებს შაქრის (გლუკოზის) დონე. გლუკოზა ორგანიზმში ხვდება საკვების საშუალებით. მისი ათვისებისთვის საჭიროა ინსულინი, რომელსაც გამოიმუშავებს კუჭქვეშა ჯირკვალი.

დიაბეტის ტიპები

პრედიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ნორმალურზე მაღალიაა, მაგრამ არც ისე მაღალი, რომ დიაბეტის კატეგორიას მიეკუთვნოს. პრედიაბეტის მქონედ ითვლება ადამიანი, რომელსაც სისხლში გლუკოზის დონე უზმოზე 101-დან 126 მგ/დცლ-ს შეადგენს ან სისხლში მათი გლუკოზის დონე გლუკოზა-ტოლერანტობის ტესტის ჩატარებიდან ორ საათში 140-დან 200 მგ/დცლ-მდე მერყეობს. პრედიაბეტის მქონე ადამიანების გამოვლენა მნიშვნელოვანია, რადგან მათი მდგომარეობა მომავალი დიაბეტის და ასევე გულსისხლძარღვთა დაავადებების რისკის შემცველია. დიეტისა და ვარჯიშის საშუალებით სხეულის წონის 5%-დან 10%-მდე დაკლებას შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს მომავალში დიაბეტის განვითარების რისკი.

ტიპი 1 შაქრიანი დიაბეტის (ინსულინ-დამოკიდებული ან იუვენილური) შემთხვევაში ორგანიზმის იმუნური სისტემა უტევს პანკრეასის ინსულინის გამომმუშავებელ უჯრედებს და ანადგურებს მათ. შესაბამისად, პანკრეასი გამოიმუშავებს ან მცირე ოდენობით ინსულინს ან საერთოდ არ გამოიმუშავებს მას. დიაბეტით დაავადებულთა მხოლოდ 10%-ია ტიპი 1-ის მატარებელი. ტიპი 1 დიაბეტის მქონეთა უმეტესობას დაავადება 30 წლამდე უვითარდება, თუმცა მისი განვითარება შეიძლება უფრო ზრდასრულ ასაკშიც მოხდეს.

მეცნიერთა აზრით, გარემო ფაქტორები, ვირუსული ინფექციები ან საკვების ფაქტორები ბავშვებში ან ადრეულ სრულწლოვანებამდე იწვევს იმუნური სისტემის მიერ პანკრეასის ინსულინის გამომმუშავებელი უჯრედების განადგურებას.

ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის (ინსულინ-არადამოკიდებული დიაბეტი ან მოზრდილთა დიაბეტი) შემთხვევაში პანკრეასი განაგრძობს ინსულინის გამომუშავებას, ზოგჯერ ნორმალურზე მაღალ დონეზეც კი. თუმცა, ორგანიზმი ავითარებს რეზისტენტობას ინსულინის მოქმედების მიმართ, აქედან გამომდინარე გამომუშავებული ინსულინის ოდენობა ორგანიზმის საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს.

ტიპი 2 შაქრიანმა დიაბეტმა ბავშვებსა და მოზარდებში, ბოლო პერიოდში უფრო გავრცელებული სახე მიიღო. თუმცა, როგორც წესი, იგი ვითარდება 30 წელს გადაცილებულ ადამიანებში და ასაკთან ერთად ნელა პროგრესირებს. 65 წელს გადაცილებულ ადამიანთა დაახლოებით 27%-ს აქვს ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი. ამ ტიპის დიაბეტს აქვს გენეტიკური წინასწარგანწყობის კომპონენტი, რის გამოც გვხვდება ოჯახური შემთხვევები.

სიმსუქნე, ტიპი 2 დიაბეტის განვითარების უმთავრესი რისკ-ფაქტორია. ამ დაავადების მქონე ადამიანთა 80%-დან 90%-მდე ჭარბწონიანია. ვინაიდან სიმსუქნე იწვევს ინსულინ რეზისტენტულობას, ჭარბწონიან ადამიანებს ჭირდებათ დიდი ოდენობით ინსულინი სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზებისთვის.

loading...


მსგავსი სტატიები