მთავარი საკითხავი ათი ცხოვრებისეული ფრაზა ოთარ ჭილაძისგან

ათი ცხოვრებისეული ფრაზა ოთარ ჭილაძისგან

by guramus

უბედურებაში ჩავარდნილ კაცს ყველაზე მეტად თანაგრძნობა სჭირდება, თუნდაც მოჩვენებითი, ყალბი, მოვალეობის მოსახდელი.

ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა, როცა სიბრაზე გადაუვლის და ტკივილიც ჩაუწყნარდება.

როცა ანგარებაა გარეული საქმეში, გინდა ერთ კაცს დაუწექი და გინდა მთელ ქალაქს, მაინც მეძავი ხარ, რადგან სხეულს ყიდი და არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ერთი მუშტარი გყავს თუ ათასი, ფულს გიხდიან თუ ერბოს.

ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია, ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა, არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე.

ბავშვები საერთოდ ბევრს ფიქრობენ სიკვდილზე, თანაც, დიდებისაგან განსხვავებით, არა მარტო აშინებთ საკუთარი სიკვდილის წარმოდგენა, არამედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგვეჩვენოს, სიამოვნებთ კიდევაც.

მწერზე მეტი განსჯის უნარი არც ადამიანს გააჩნია, სადაც შუქი აინთება, ყველა მისი გულისთვის, მის მისაზიდად და მის გასართობად ჰგონია ანთებული.

ადამიანი მხოლოდ სიცოცხლე ან მხოლოდ სიკვდილი კი არ არის, არამედ ორივე ერთად, სიკვდილიცა და სიცოცხლეც, სიკვდილ-სიცოცხლე, ერთი მეორეს ქმნის, ორივე ერთად კი – ადამიანს.

ადამიანს ბედისა სჯერა და ყოველთვის სჯეროდა, ყოველთვის მის მოლოდინშია და იმის ჩამოსათვლელად, თუ რამდენნაირი სახელი მიუღია მას ადამიანის წარმოდგენაში, არც დრო ეყოფა და არც ქაღალდი.

ბედი არსებობს იმდენად, რამდენადაც ადამიანს სჭირდება მისი არსებობა, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, მას რომ გადააბრალოს თავისი მარცხიცა და წარმატებაც და ამით უფრო ასატანი გახადოს საკუთარი არსებობა მეორე ადამიანისთვის.

ადამიანი თავისსავე მოგონილ ბედს ემორჩილება და ეგუება, მაგრამ ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ ბედთან შეგუება ადამიანის მთავარი თვისებაა. ეს უფრო იძულების შედეგია, არსებობის აუცილებლობითაა გამოწვეული და ამ თვისების შეძენის შემდეგ ადამიანის ჭეშმარიტი ბუნება იჩრდილება, ნაწილობრივ მაინც, რადგან ამ გადამრჩენელი თვისების შეძენა თავისთავად, უმტკივნეულოდ და უმსხვერპლოდ არ ხდება. ის ხანგრძლივი ყოყმანისა და დაუნდობელი სულიერი ბრძოლის ნაყოფია. ეს ბრძოლა კი ყველანაირ ბრძოლისაგან განსხვავდება, თუნდაც იმით, რომ აქ დამარცხებული იმარჯვებს, დათრგუნული და ჩაკლული იძენს სიცოცხლის უფლებას.