მთავარი საკითხავი დედამ თუ ვერ შეძლო სასახლეების აშენება და ბიჭების ცალ-ცალკე დაბინავება, უნდა მოვკლათ? – ძმების ჩხუბს შეწირული დედის ამბავი

დედამ თუ ვერ შეძლო სასახლეების აშენება და ბიჭების ცალ-ცალკე დაბინავება, უნდა მოვკლათ? – ძმების ჩხუბს შეწირული დედის ამბავი

by guramus

არავის უკვირს ოჯახური კონფლიქტები, რასაც ფინანსური თუ სხვა სახის პრობლემები იწვევს, თუმცა ყველაზე მეტად, როგორც ჩანს ეკონომიკური მდგომარეობა აღვივებს ოჯახის წევრებს შორის უთანხმოებას.

სწორედ ამ თემაზე გვწერს ჩვენი ერთგული მკითხველი, რომელსაც ძალიან აწუხებს ძმებს შორის წარმოშობილი დავიდარაბა.

მამაჩემი 5 წლის წინ გარდაიცვალა. მას შემდეგ ჩემს ძმებს შორის უთანხმობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, რასაც ყველაზე მეტად საწყალი დედაჩემი ეწირება. ყველა პრობლემის სათავე კი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობაა. სხვანაირად როგორ შეიძლება ავხსნა, რომ ძმები სამკვდროდ გადაეკიდონ ერთმანეთს. ნაცვლად იმისა, რომ ერთად მოიფიქრონ

გამოსავალი და დააღწიონ როგორმე გაჭირვებას თავი, ერთმანეთს ჭამენ – სახლი უფროსისაა თუ უმცროსის. ვინ აიღებს წილს და ამ დავას ბოლო არ უჩანს. არადა, ეს სოფლის სახლი არ იყიდება. რომც გაყიდო, იმდენი თანხა არ დაგრჩება, ცალ-ცალკე რომ დაბინავდნენ.
რა ქნას დედაჩემმა, რაც შეეძლო მთელი ცხოვრება შრომობდა და დღმდე შრომობს. თუ ვერ შეძლო სასახლეების აშენება და ვაჟების ცალ-ცალკე დაბინავება, უნდა მოვკლათ? საკმარისია, რომელიმემ დალიოს და ჩხუბის დაწყებას მიზეზი არ სჭირდება. ფიზიკურად თუ შრომობენ, რასაც შოულობენ, ხარჯავენ. ერთი ამბობს, ჩემი სახლი არაა და

რატომ მივხედო, მეორე ამბობს კაცმა არ იცის ეს სახლი ვის დარჩება და თავი რატომ მივაკლაო.

დედაჩემისთვის ორივე შვილია. არცერთის გამეტება არ შეუძლია. როცა მამა ცოცხალი იყო, ხმის ამოღებას ვერ ბედავდნენ, დარჩა დედა და ემართლებიან, რატომ არ გვაქვს უკეთესი პირობებიო. მეც იძულებული გავხდი ადრეულ ასაკში გავთხოვილიყავი და თავი დამეღწია მუდმივი დაძაბულობისგან.

ერთხელ ჩემმა უფროსმა ძმამ უთხრა დედას, ერთი ბიჭი და გოგო გყავდა, მესამეს რას აჩენდიო. ასეთი გულსაკლავი სიტყვების მოსმენა და გაუბედურებულ ყოფაში უწევს პენსიონერ დედას ცხოვრება. რამდენჯერმე შევთავაზე, ჩემთან წამოსვლა, მაგრამ სიძის სახლში ცხოვრება მერიდებაო თქვა, არ მინდა ტვირთად დაგაწვეთო, მე ხომ ვიცი ამას რატომ ამბობს, სინამდვილეში ეშინია, მისი წამოსვლის შემდეგ ძმებმა ერთმანეთი არ დახოცონ.

ფული არასდროს მინატრია, მაგრამ, რომ ვხედავ სიღარიბის გამო, როგორ იკარგება ყველაფერი ადამიანური, გული მიკვდება. დედაჩემზე დარდმა კი სულ გამაგიჟა. ნეტავ, რაშია გამოსავალი?

მაია, 23 წლის.