მთავარი საკითხავი სიბერის ბოროტებანი

სიბერის ბოროტებანი

by Keti

მწერალ ანდრე მორუას შემოქმედებას ბევრი იცნობს. თუმცა მას აქვს არამხატვრული ნაწარმოები ”ცხოვრების ხელოვნება”, რომელიც ნაკლებადაა პოპულარული.

ამ წიგნში მწერალი მსჯელობს სიყვარულზე, მეგობრობაზე, ქორწინებაზე, სიბერეზე… გთავაზობთ ნაწყვეტს ნაწარმოებიდან, რომელიც სიბერის აღქმას ეხება.

ადამიანის სიბერე

”დაბერება საოცარი პროცესია. ის თითქოს ჩვენ არ გვეხება. თანატოლებზე დაკვირვებით აღმოვაჩენთ, რომ სიბერე ჩვენც გვწვევია. გულის სიღრმეში ხომ ისევ ახალგაზრდად მიგვაჩნია თავი”.

”იგივე შიშები და იმედები გვაქვს, რაც ახალგაზრდობისას გვქონდა. ჩვენი გონება ისევ ცოცხალი რჩება და გვეჩვენება, რომ ჯერ ძალებისგანაც არ დავცლილვართ.”

შემოდგომის ბუნიობა

”სიბერე- ეს მხოლოდ ნაოჭები და ჭაღარა არ არის. სიბერის ნამდვილი ბოროტება  არამხოლოდ სხეულის უძლურებაა, არამედ სულის განურჩევლობა. მოხუცი თავს უსვამს კითხვას ”რისთვის”? ეს კი უკვე საშიში ფაზაა”.

”150 წლის წინ სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 40 წელი იყო. დღეისათვის დაახლოებით 70 წელია. ომებისა და ეკოლოგიური დაბინძურების თავიდან აცილების შემთხვევაში შესაძლოა ოდესმე 100 წლამდეც მიაღწიოს, მაგრამ ეს არ ჭრის სიბერის პრობლემას”.

სიცოცხლის ქოქოსის ხე

”სამხრეთის ზღვების ერთერთი კუნძულის მცხოვრებნი აიძულებდნენ მოხუც ადამიანს ხეზე აძვრომას. შემდეგ ხეს არხევდნენ. თუ მოხუცი არ ჩამოვარდებოდა, ის აგრძელებდა ცხოვრებას. ჩამოვარდნის შემთხვევაში მას კლავდნენ. ეს ჩვეულება მკაცრი გვეჩვენება, თუმცა ჩვენც გვაქვს ჩვენი ქოქოსის ხეები. ასეთია, მაგალითად, პენსიაზე გაშვება. საყოველთაო ქოქოსის ხე ომია.”

”ახალგაზრდობა და სიბერე ურთიერთქმედებენ და რიტმულად მონაცვლეობენ. ორი თაობის თანაარსებობის საუკეთესო სქემა იქნებოდა ასეთი: ახალგაზრდები მბრძანებლობდენ, მოხუცები კი სახელმწიფო მრჩევლის ადგილას ინიშნებოდნენ”.

წარსულის ტირანია

”რას შეიძლება ელოდოთ სიბერეში და რისი თავიდან აცილებაა შესაძლებელი:

”ჯანმრთელობაზე გონივრული ზრუნვით თავიდან აიცილებთ ორგანიზმის ძლიერ დაძაბუნებას სიბერეში”.

” მოხუცებს უვითარდებათ საოცარი ეგოიზმი, რაც მათ ხელს უშლის ახალგაზრდებთან ურთიერთობაში”.

”მოხუცებულებს ახასიათებთ სიძუნწე და ფულის დაგროვებისკენ მისწრაფება”.

”მოხუც ადამიანებს უჭირთ ახალი იდეების მიღება, ისინი მუდმივად წარსულის გაიდეალებაში არიან”.

”მარტოობა – ხანდაზმული ასაკის ყველაზე დიდი ბოროტებაა. თანდათანობით მიდიან იმქვეყნად მეგობრები და ნათესავები და ამ დანაკლისის შევსება ვერ ხდება”.

”მოხუცებისთვის ”აკრძალულია” ახალი სიყვარული. ფიზიკური უძლურების შეგრძნებას სულის მოთხოვნილებების შემცირებაც მოსდევს”.

ატარეთ პარიკები და სამკაულები!

”დაბერების ხელოვნება უსიამოვნებებთან ბრძოლაში მდგომარეობს. ელეგანტური ტანსაცმელი და გემოვნებით შერჩეული ძვირფასეულობები თვალს იტაცებს და სიბერის სხვადასხვა ნაკლს, მაგალითად, ნაოჭებს ფარავს”.

”კოსმეტიკის გონივრული გამოყენება კანის არასახარბიელო მდგომარეობას ჩქმალავს. პარიკები კი გამელოტებას და ჭაღარას ”ინახავს”.

”ყველაფერი გააკეთო იმისათვის, რომ შეამცირო განსხვავება ახალგაზრდობასა და სიბერეს შორის – ეს ცივილიზებული ადამიანების საქციელია”.

”სიყვარული მოხუცებულ ასაკში ისეთივე მგრძნობიარე და გულწრფელი შეიძლება იყოს, როგორც ახალგაზრდობაში. პატივისცემას, მიჯაჭვულობას და აღფრთოვანებას ასაკი არ აქვს”.

თამაშიდან არგასულები

”შვილიშვილებთან მოხუცების მიჯაჭვულობა ხშირად ავსებს მათ ცხოვრებას. ბებია-პაპები შვილიშვილებთან მეტ საერთოს პოულობენ, ვიდრე შვილებთან”.

”ადამიანები უფრო ნელა ბერდებიან, თუ მათ აქვთ დასაბუთებული მიზეზები სიცოცხლისთვის. მრავალ შემთხვევაში მოხუცები უფრო კარგი ლიდერები არიან, ვიდრე ახალგაზრდები. მოხუცი დიპლომატები უფრო გამოცდილები და ჭკვიანები არიან”.

სინათლის ხაზი

”დაბერების ორი ჭკვიანური გზა არსებობს: პირველი, არ დაბერდეთ აქტიური ცხოვრების წესის დაცვის გზით, მეორე – მიიღოთ სიბერე მშვიდად”.

”დაბერების ხელოვნება – ეს არის ხელოვნება მოიქცეთ ისე, რომ შემდეგი თაობისთვის იყოთ საყრდენი და არა წინაღობა, სანდო პირი და არა მეტოქე”.

”არც პენსიაზე გასვლაა ტრაგედია. ზოგიერთისთვის სასიხარულოც შეიძლება იყოს, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც უყვარს კითხვა, ფილმები, მუსიკა, საკუთარ ნაკვეთში ფუსფუსი”.

”დიახ, სიბერე არ არის ჯოჯოხეთი, რომლის შესასვლელშიც წარწერაა: ”ყველა იმედი დატოვეთ აქ შემომსვლელებმა”.თუ ადამიანს უყვარს მეგობრები, ის სიბერეშიც გარშემორტყმულია მათით. დაბოლოს, სიკვდილის შიში სიბერეში დაძლეული იქნება რწმენითა და ფილოსოფიით”.

უბრალოდ ძილის დროა

”80 წლის ასაკში ადამიანს ყველაფერი გამოცდილი აქვს: სიყვარული და მისი დასასრული, ამბიციები და მისი მომდევნო სიცარიელის გრძნობა, ილუზიები და მათი მსხვრევის შედეგად მიღებული იმედგაცრუება”.

”სიკვდილის შიში სიბერეში არცისე დიდია. ყველა ინტერესი და მიჯაჭვულობა იმ ადამიანებთან ერთად გაქრა, რომლებიც აღარ არიან”.

”სიკვდილი ეს არის კეთილი და თან მკაცრი ძიძა, რომელიც, როცა დრო მოდის, გეუბნებათ: ძილის დროა! ჩვენ ცოტას ვაპროტესტებთ, მაგრამ ვიცით, რომ დასვენების დრო მოვიდა და გულის სიღრმეში ამას ველოდებით კიდეც”.

დაე, თქვენ არ შეგაშინოთ სიბერისეულმა ცვლილებებმა, მიუდექით  ფილოსოფიურად და ემზადეთ მათ შესახვედრად ახალგაზრდობიდან.