მთავარი საკითხავი რა არის ალკოჰოლი? გავრცელებული მითები და ფაქტები ეთანოლის შემცველი სასმელის შესახებ

რა არის ალკოჰოლი? გავრცელებული მითები და ფაქტები ეთანოლის შემცველი სასმელის შესახებ

by Keti

დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ყველაზე ცნობილი და ხშირად მოხმარებადი ფსიქოაქტიური ნივთიერების შესახებ. გაეცანით ფაქტებსა და მითებს ალკოჰოლის შესახებ.

რა არის ალკოჰოლი

ალკოჰოლი შედგება ქიმიური ნივთიერება – ეთანოლისგან, რაც გავლენას ახდენს ორგანიზმზე – ხვდება კუჭში, აღწევს სისხლის ნაკადში და მოქმედებს გონებაზე. სასმელის ზემოქმედების შედეგად გამოწვეულ მდგომარეობას ეწოდება თრობა. ალკოჰოლი დეპრესანტია და ტვინში მოხვედრის შემდეგ ის ადუნებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ნელდება სასიცოცხლო ფუნქციები – მეტყველება არეულია, მოძრაობა – არამყარი, დარღვეულია აღქმა და რთულდება სწრაფი რეაქციები.

ალკოჰოლის ზედმეტი დოზა იწვევს დამატებით დეპრესიულ ეფექტებს (სუსტდება ტკივილის შეგრძნება, ხდება მოწამლვა, რაც იწვევს პირღებინებას, გონების დაკარგვას ან, უარესს, კომას ან სიკვდილს). ეს რეაქციები დამოკიდებულია მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობასა და მიღების ტემპზე.

რამდენად ძლიერია ალკოჰოლი

არსებობს ალკოჰოლის სხვადასხვა ტიპი. მათი დამზადების პრინციპი უმეტესად ერთმაირია – სასმელის შესაქმნელად ეთილის სპირტი გამოიყენება, ეს უკანასკნელი იწარმოება მარცვლეულის ან ხილის ფერმენტაციის შედეგად. ფერმენტაცია ქიმიური პროცესია, რომლის საშუალებითაც აქტიურდება პროდუქტში არსებული მიკროორგანიზმები და იქმნება ალკოჰოლი.

ალკოჰოლის ბევრ ტიპს ვიცნობთ – ლუდი, ღვინო, არაყი, ვისკი, ტკბილი ლიქიორები, რომი და ა. შ. ზოგ ტიპს უფრო ძლიერი და სწრაფი ეფექტი აქვს სხეულზე, რადგან მეტი რაოდენობის სპირტს შეიცავს, მაგალითად, არაყი, რომი და ვისკი მაგარი სასმელების კატეგორიაში შედის. თუმცა საბოლოო ჯამში ორგანიზმზე ყველა ტიპის ალკოჰოლი ახდენს გავლენას.

სასმელების სიძლიერე დამოკიდებულია ალკოჰოლის პროცენტების შემცველობაზე, რაც ძირითადად ბოთლის შეფუთვაზეა ნაჩვენები.

რა არის ალკოჰოლის დღიური ნორმა?

ალკოჰოლის მოქმედება დამოკიდებულია დღის განმავლობაში მიღებულ დოზაზე. იზომება, რაც მეტია მიღებული რაოდენობა, მით უფრო იზრდება ზემოქმედების შანსი. მაგალითად, შოტლანდიაში სპირტიანი სასმელის მიღების დღიური ნორმა არის 10 მლ სუფთა ალკოჰოლი.

არ არსებობს ალკოჰოლის მიღების დღიური ნორმა 18 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის, რადგან ამ ეტაპზე სხეული ბოლომდე არ არის გაზრდილი და განვითარებული. მაშასადამე, ალკოჰოლი მოზარდებისთვის შესაძლოა ნებისმიერი დოზით მავნე იყოს.

რამდენი ხანი უნდა ალკოჰოლის გადამუშავებას?

ამისთვის ზუსტი დრო არ არსებობს, ეს დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, წონასა და იმაზე, თუ რამდენად მიჩვეულია ის ალკოჰოლის მიღებას.

გახსოვდეთ, თუ სახლში მომზადებულ ალკოჰოლს იღებთ, დღიური დოზის განსაზღვრა რთულია, რადგან ამ შემთხვევაში სასმელს იმსტრუქცია არ მოჰყვება.

ალკოჰოლის შემცველობა სხვადასხვა სასმელში

  • ლუდი – 2-6% ალკოჰოლი
  • სიდრი – 4-8% ალკოჰოლი
  • ღვინო – 8–20% ალკოჰოლი
  • ტეკილა – 40% ალკოჰოლი
  • ბრენდი – 40% ან მეტი ალკოჰოლი
  • რომი –
  • 40% ან მეტი ალკოჰოლი
  • ჯინი – 40–47% ალკოჰოლი
  • ვისკი – 40–50% ალკოჰოლი
  • არაყი – 40–50% ალკოჰოლი
  • ლიქიორი – 15–60% ალკოჰოლი

გთავაზობთ 30 ფაქტს და 5 მითს მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ფსიქოაქტიური ნივთიერების შესახებ:

30 ფაქტი ალკოჰოლის შესახებ

  1. სინამდვილეში ,,ალკოჰოლი” ისეთ სასმელებში, როგორიცაა ღვინო, ლუდი და არაყი, არის ეთანოლი. ეს ერთადერთი ტიპის ალკოჰოლია, რომლის ზომიერი მიღება სერიოზულად არ აზიანებს სხეულს.
  2. ალკოჰოლი დეპრესანტია. ეს იმას ნიშნავს, რომ ის ამცირებს ტვინის აქტიურობას.
  3. 2015 წელს, ნარკოტიკის მოხმარებისა და ჯანმრთელობის ეროვნული ანგარიშის (NSDUH) მიხედვით, მოზრდილთა 86,4% აცხადებს, რომ ცხოვრების განმავლობაში ინტენსიურად მიუღიათ ალკოჰოლი რეკრეაციული თუ სხვა მიზნებით.
  4. NSDUH ასევე იკვლევს, რომ ამერიკელი მოზრდილების 70,1% დამთვრალა ბოლო წლის, ხოლო 56.0% ბოლო თვის განმავლობაში.
  5. ალკოჰოლს მრავალფეროვანი ეფექტი აქვს. ტვინში ის ააქტიურებს დოფამინის გამოყოფას, რაც არის სიამოვნებასა და კმაყოფილებაზე მოქმედი ნეიროტრანსმიტერი.
  6. სტრესის შემცირება ალკოჰოლის მორიგი გვერდითი ეფექტია. ამის წინაპირობა არის მორიგი ნეიროტრანსმიტერი – გამა ამინოერბო მჟავა.
  7. ალკოჰოლი ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა, რომელსაც არასწორად იყენებენ და მასზე დამოკიდებულება უჩნდებათ. აშშ-ში 8დან 1 ადამიანი ალკოჰოლზე დამოკიდებულია.
  8. 2015 წლის კვლევით, ღია ფერის თვალების მქონე ამერიკელები მეტ ალკოჰოლს იღებენ, ვიდრე მუქი ფერის თვალების მქონეები.
  9. იმავე კვლევის თანახმად, ლურჯთვალა ამერიკელები ყველაზე მეტად აღმოჩნდნენ ალკოდამოკიდებულებისკენ მიდრეკილნი.
  10. ალკოჰოლი ღვიძლში მუშავდება, სადაც ენზიმები ეთანოლს აცეტალდეჰიდად და აცეტატად გარდაქმნიან.
  11. დალევის ეფექტი მაშინ ვლინდება, როცა ეთანოლი ხვდება სისხლშო და აღწევს ტვინის უჯრედებში, გულსა და სხვა ორგანოებში.
  12. კვლევის თანახმად, ალკოჰოლის მოხმარებისა და მაღალი რისკის მოხმარების რაოდენობა 2001-2013 წლებში საგრძნობლად გაიზარდა.
  13. მკვლევარები თვლიან, რომ ალკოჰოლისკენ მიდრეკილებას გენეტიკური წინასწარგანწყობაც განაპირობებს.
  14. კაცები მეტად არიან მიდრეკილნი ალკოჰოლის მოხმარებისკენ ქალებთან შედარებით.
  15. ალკოჰოლს განსხვავებული შედეგები აქვს ჯანმრთელობის კუთხით ქალსა და კაცზე. ხანგრძლივ მოხმარებას მეტად ნეგატიური ეფექტი აქვს ქალებზე, მაშინაც კი, თუ ისინი კაცებთან შედარებით უფრო ნაკლებს და იშვიათად სვამენ.
  16. ალკოჰოლზე დამოკიდებული ქალების 50%დან 100%მდე რაოდენობა მეტად მიდრეკილია ალკოჰოლის მოხმარებასთან დაკავშირებული სიკვდილიანობისკენ, ვიდრე ალკოდამოკიდებული კაცები.
  17. ალკოჰოლით გამოწვეული სიკვდილი მესამე ადგილს იკავებს ამერიკაში. ყოველ წელს აშშ-ში 88,424 ადამიანი კვდება ალკოჰოლთან დაკავშირებული მიზეზებით.
  18. ალკოჰოლი ისეთივე ძველია, როგორც ცივილიზაცია. თარიღი ქრ.შ.მდე 7,000 დან 6,600 წელს ითვლის. პირველწყარო ჩინეთია.
  19. არქეოლოგებმა დაადგინეს, რომ გიზის დიდი პირამიდის მშენებლებისთვის გასამრჯელოს ლუდი წარმოადგენდა.
  20. ჭარბი მოხმარება გულისხმობს დიდი რაოდენობით დალევას მოკლე პერიოდებში. ქალებისთვის ყოველ 2 საათში 4 ან მეტი ჭიქის დალევა დიდი დოზაა, კაცებისთვის კი 5 ან მეტი ჭიქა 2 საათის მანძილზე.
  21. თინეიჯერები, რომლებიც 15 წლამდე იწყებენ დალევას მომავალში მეტად არიან მიდრეკილნი ალკოდამოკიდებულებისკენ.
  22. ალკოჰოლის აღკვეთის სინდრომი მოიცავს ჰალუცინაციებს, შეტევებს და ზოგჯერ სიკვდილსაც კი. ალკოჰოლზე დამოკიდებულებმა უნდა მოძებნონ შესაბამისი სამედიცინო სერვისი და თვითნებურად არ შეწყვიტონ სმა.
  23. კულტურას დიდი გავლენა აქვს სასმლის მოხმარებაზე. კვლევა აჩვენებს, რომ იტალიელები, ვინც საოჯახო სადილზე მიირთმევდა ალკოჰოლს, ნაკლებად არიან არაჯანსაღი ჩვევების ჩამოყალიბებისკენ მიდრეკილნი.
  24. ალკოჰოლი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია დემენციის ჩამოსაყალიბებლად.
  25. წიღელი ღვინის დალევა გულისთვის ჯანსაღად ითვლება. ის შეიცავს რესვერატროლს, ნივთიერებას, რომელიც გვეხმარება ქოლესტერინის დონის კონტროლში, თავიდან გვარიდებს ვენების დაავადებებს და სისხლჩაქცევებს.
  26. დალევა იწვევს ბახუსს მეორე დილით. ბახუსი გამოწვეულია ალკოჰოლის გადამუშავებისას წარმოქმნილი ქიმიური შუალედური პროდუქტებით.
  27. ჰორმონალური ცვლილებები იწვევს უსიამოვნო ბახუსის სიმპტომებს. მაგალითად, ჰორმონალური ცვლილებები ახშირებს შარდვას, რაც თავის მხრივ დეჰიდრატაციის მიზეზია.
  28. მუქი სასმელები, როგორიცაა წითელი ღვინო და ვისკი, უფრო მძიმე ბახუსს იწვევს. თეთრი სუფთა სასმელის დალევისას კი უფრო მსუბუქად გამოდის ადამიანი.
  29. სამყაროში ალკოჰოლის ლეგალური მიღების ასაკის მინიმალური დიაპაზონი 10დან 21 წლამდე მერყეობს.
  30. კუნთები ალკოჰოლს უფრო სწრაფად იწოვს, ვიდრე ცხიმი. შედეგად, ადამიანებს, ვისაც მეტი კუნთი და ნაკლები ცხიმი აქვთ, უფრო მაღალი ტოლერანტობა გააჩიათ ალკოჰოლის მიმართ.

5 მითი ალკოჰოლის შესახებ

1. მითი: იშვიათად დალევა უსაფრთხოა. 

სიმართლე: პერიოდული სმა აგრეთვე უკავშირდება სერიოზულ პრობლემებს: მოტეხილობები, სიმსივნე, გულის დაავადებები. სულერთია, რამდენად ხშირად იზამთ ამას. თუ ერთ დალევაზე 4-5ზე მეტ ჭიქას სვამთ, უკვე რისკის ქვეშ იმყოფებით.

2. მითი: სასმელის მიღების კონტროლი რისკებს არ იწვევს. 

სიმართლე: სასმლის მიღების მოდერაციაც კი არ არის უსაფრთხო. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის გათვალისწინება. გასათვალისწინებელი რისკ-ფაქტორებია:

  • ორსულები ან ისინი, ვინც დაორსულებას გეგმავენ.
  • საშიშია ზოგიერთი მედიკამენტის ალკოჰოლთან შერევა.
  • საჭესთან ჯდომა ან სამანქანო დანადგარის მართვა.
  • გულის დაავადებები ან სუსტი გული.
  • გადატანილი გულის შეტევა.
  • ღვიძლის ან პანკრეასის დაავადება.
  • გენეტიკური მიდრეკილება.

3. მითი: ღვინო ან ლუდი მაგარი სასმელებივით საშიში არ არის.

სიმართლე: ყველა ალკოჰოლი ერთსა და იმავე ინგრედიენტს შეიცავს. ასე რომ, არ არსებობს სრულად უსაფრთხო ალკოჰოლი.

4. მითი: დალევა საშიში არ არის, თუ თავს ცუდად არ გრნობ.

სიმართლე: ალკოჰოლის მიღებისას სიმპტომების არარსებობა ხშირად ტოლერანტობის გაჩენაზე მიუთითებს.

5. მითი: ყავით სწრაფად შეიძლება გამოფხიზლება. 

სიმართლე: ყავა კოფეინს შეიცავს, რამაც შეიძლება უფრო აღაგზნოს გონება და გამოგაფხიზლოთ. თუმცა სხეულიდან ალკოჰოლის გამოდევნაში ვერ დაგეხმარებათ. დალევის შემდეგ ორგანიზმს სჭირდება დრო, რათა დაისვენოს და თავისით გაანეიტრალოს მიღებული სასმელი.

ადამიანებს ხანგრძლივი და რთული დამოკიდებულება აქვთ ალკოჰოლთან. მცირე რაოდენობით წითელი ღვინო ჯანმრთელობისთვის კარგიც არის. მაგრამ ხშირი დალევა ჯანმრთელობის პრობლემებს იწვევს, ამიტომ რისკის თავიდან ასაცილებლად ალკოჰოლის მიღების კონტროლი იდეალური გამოსავალია. თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხთან დაკავშირებით? გაგვიზიარეთ თქვენი აზრები კომენტარებში!