ზოგჯერ გვგონია, რომ ცხოველები უცნაურად იქცევიან. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ჩვენი საკუთარი პრიზმიდან ვუყურებთ. შევეცდებით განვმარტოთ, რატომ პასუხობენ შინაური ცხოველები ჩვენს ალერსს აგრესიით.
შინაურ ცხოველებს და განსაკუთრებით კატებს, დიდი სიხარული მოაქვთ ჩვენთვის. ისეთი საყვარლები არიან, ბუნებრივად გვიჩნდება მათი მოფერების სურვილი. ხშირად მათ ისე ვეპყრობით, როგორც ბავშვებს. კატების უმრავლესობას ჩვენი ალერსი საერთოდ არ სჭირდება. მეტიც, ჩვენს მიერ სითბოს გამოხატვა შესაძლოა მათ შეურაცხყოფადაც კი მიიჩნიონ. რატომ ხდება ასე?
შეგვიმჩნევია, როგორ გვყნოსავენ კატები და სახესთან მიახლოებისას ცხვირს აცმაცუნებენ. ამგვარი სახით ისინი ამოწმებენ, რა მივირთვით ჩვენ მათგან ჩუმად. ასევე ამოწმებენ, პატრონს სუნი ხომ არ შეეცვალა. თუ მაგალითად, პატრონმა სხვა კატის სუნი მოიტანა სახლში, ფისოები ამ ფაქტს არ მიესალმებიან.
როცა ადამიანს სურს, აკოცოს კატას, ის თავის ფართო სახეს (კატის ხედვით) უახლოვებს მას, რაც იწვევს ცხოველის დაძაბვას. თუ ტუჩებიც აამოძრავა, ამდროს შეიძლება კბენა ან დაკაწვრაც გამოსტყუოს.
საქმე იმაშია, რომ მამრი კატები ჩხუბისას გამოსცემენ ჩაკოცვნის მსგავს ხმებს. პატრონისგან მსგავსი ბგერების გამოცემას ისინი შეურაცხყოფად აღიქვამენ. ამიტომ საპასუხოდ გამოხატავენ აგრესიას.
დროთა განმავლობაში კატა შეიძლება მიხვდეს, რომ პატრონის ალერსი მისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მაგრამ სხვების შინაურ ცხოველებთან დიდი სიფრთხილე გმართებთ. ამასთან, ყველა კატა ერთნაირი არ არის. ზოგი ნაკლებად აგრესიულია, ზოგი კი მეტად. თითოეულ მათგანს თავისი უნიკალური ხასიათი გააჩნია.
შემთხვევათა უმრავლესობაში კატის აგრესია უსაფუძვლო არ არის. დაფიქრდი: იქნებ ისე არ იქცევი, როგორც შენ შინაურ ცხოველს მოეწონებოდა? ეს ხუმრობით. თუმცა უნდა ეცადო, გაუგო შენს ფისოს და პატივი სცე მის სურვილებს.
თქვენი კატა როგორ პასუხობს ალერსს და სითბოს? გაგვიზიარეთ კომენტარებში.