ქართველი ნათელმხილველი ლელა კაკულია არქივიდან ერთ-ერთ ინტერვიუს ავრცელებს, ინტერვიუ 2009 წლისაა.
ლელა კაკულია: უფიქრია კი ვინმეს, როგორ მინდა, მეც ჩვეულებრივი ადამიანი ვიყო და მშვიდად ვიცხოვრო?
ინტერვიუ არქივიდან
გაზეთი „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“, №29, 2009 წლის იანვარი
— ქალბატონო ლელა, 2008 წლის 9 დეკემბერს თქვენს რვეულში გაჩნდა წინასწარმეტყველება, რომ საქართველო-ამერიკას შორის იდება ხელშეკრულება, რომელიც ანალოგიურია იმისა, რაც რუსეთსა და აფსუა და ოს სეპარატისტულ მთავრობებს შორის გაფორმდა. ამ ჩანაწერის გაკეთებიდან ორიოდე კვირაში ეს თემა — საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ახალი ხელშეკრულების დადება — ფრიად აქტუალური გახდა…
— რაც ძალიან აღიზიანებს კრემლს და ცდილობს, კიდევ მეტი იბაქიბუქოს, იქნებ რამე შეცვალოს, მაგრამ არაფერი გამოუვა. სწორედ ეს ხელშეკრულება გახლავთ ჩემი ადრინდელი წინასწარმეტყველებების ასრულების დასტური. გაიხსენეთ, თუნდაც, ამ წლის ოქტომბერში ჩაწერილი ერთი ხედვა: „ვხედავ ნატოს ჯარს, რომელიც მოულოდნელად ჩნდება. რუსებს ეს ინფორმაცია აქვთ და ესეც აჩერებთ, ვინაიდან ასეთ შემთხვევაში ირღვევა ყველა საერთაშორისო, მსოფლიო კანონი კრემლის მხრივ.
ასე რომ, ნატოს ჯარების მოულოდნელი შემოსვლა საქართველოში რუსების წინააღმდეგ, გამართლებულია“.
— სხვათა შორის, როგორც ხშირად ხდება, ზოგიერთებმა ამ წინასწარმეტყველებასაც სკეპტიკურად შეხედეს: ჯერ ნატოს წევრები არ ვართ და თუ ამ სამხედრო ალიანსის ჯარი შემოვა საქართველოში, მაშინ მხოლოდ რუსები კი არა, ისინიც იქნებიან საერთაშორისო კანონების დამრღვევებიო.
— იქნებ ახლა მაინც მიხვდნენ ზოგიერთები, რატომ ვიმეორებ ასე ხშირად სიტყვებს: მიიღეთ ისე, როგორც ვწინასწარმეტყველებ! ხომ ხედავ, ბევრმა ვერ გაიგო, რატომ უნდა მომხდარიყო ის, რაც ვთქვი და კრიტიკის ხასიათზე დადგა, წინასწარმეტყველების ჩხრეკა დაიწყო.
მაგრამ როგორც კი დგება უფლის მიერ დადგენილი ჟამი, მყის ყველაფერი თავის ადგილზე ლაგდება და გაუგებარიც იხსნება.
ეს ხელშეკრულება უფლებას მისცემს ნატოს, ნებისმიერი ქვეყნის სამხედრო აგრესიას გაუწიოს შეიარაღებული წინააღმდეგობა და დაიცვას საქართველო. კრემლი კი ჩვენს მიწა-წყალზე არავის დაუპატიჟებია და შესაბამისად, სწორედ რუსებს დაადანაშაულებს მსოფლიო.
— ამას წინათ ინტერნეტით გავრცელდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ შემუშავებული საომარი გეგმის ორი ვარიანტი. ამას მოჰყვა აფხაზეთის ქართველობის მიერ გახმოვანებული ინფორმაცია რუსული მუქარის შესახებაც, ჩეჩნეთზე უარეს ახალ წელს გაგითენებთო.
— რამდენი წელია, ვამბობ, რომ კრემლს სურს, საქართველოში ჩეჩნური ვარიანტი გაიმეოროს-მეთქი? სურს, მაგრამ არ გამოუვა! აგვისტოს ომის შემდეგ ასეთი რამ ვიწინასწარმეტყველე: „რუსეთი ცდილობს პროვოკაციების აგორებას თბილისთან მიმართებაში, რათა ჯარი ისევ შემოიყვანოს, მაგრამ ამას უკვე ის მოჰყვება, რომ ნატოს მხრიდან რუსეთი აუცილებლად მიიღებს საპასუხო დარტყმას, ანუ რუსის ჯარს დახვდება ნატოს ჯარი“.
ასე რომ, ჩეჩნური ვარიანტი კრემლს საქართველოში არ გაუვა. ეს ყველაფერი — რუსული გეგმებიც და მუქარებიც, იმისთვისაა გამიზნული, რომ მორალურად გატეხონ ქართველები და სულიერად დააჩაჩანაკონ, რათა ბრძოლისა და წინააღმდეგობის ჟინი ჩაკლან ჩვენში, მაგრამ ვერ ეღირსებიან!!!
— და აქ ისევ უნდა წამოვწიო თქვენ წინააღმდეგ აგორებული პიარკამპანიის ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ ბრძოლა ჩაცხრა, მაგრამ ზოგიერთებს ჯიუტად აქვთ ამოჩემებული 24-ე საუკუნის საქართველოზე გაკეთებული წინასწარმეტყველება. თუმცა იგივე ადამიანები რატომღაც არ დააინტერესა და არ მოჭრა ყური ამ შორეული პერიოდის ხსენებამ ისრაელთან, რუსეთთან თუ სხვა სახელმწიფოსთან დაკავშირებით.
— ამაში გასაკვირი არაფერია. ეს ადამიანები ხომ საქართველოს მტრები არიან და არა რუსეთის ან ისრაელისა. მათ კარგად იციან გაჭირვებული ხალხის ფსიქოლოგია და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს ეს წინასწარმეტყველება. ბუნებრივია, მათ ავანტურას აჰყვა საზოგადოების ის ნაწილი, რომელთაც ამ გაზეთში არ ჩაუხედავს და ისიც, რომელსაც დღეს მძიმე ფინანსური მდგომარეობა აქვს, ახლა სცივა, ახლა შია და 24-ე საუკუნე ნაკლებად აინტერესებს. მაგრამ რა ვქნა? მე წინასწარმეტყველი ვარ, კოსმოსი წინ და შორს მახედებს, ახალ-ახალ ხედვებს მაძლევს და მე ჩემი ნებით ერთ წერტილზე ხომ არ გავჩერდები, ადგილის ტკეპნას ხომ არ დავიწყებ? მე უნდა ვთქვა ის, რასაც ვხედავ.
— და ეს ძალიან აწუხებს რუსულ სპეცსამსახურებს. ამ ორგანოებს რომ თქვენი დიდი შიში აქვთ და ძალ-ღონეს არ ზოგავენ, რამენაირად შეგზღუდონ, იმითაც დადასტურდა, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში „ოდნოკლასნიკი.რუს“ ადმინისტრაციამ დავით კვირკველიას გვერდი გააუქმა.
— მკითხველებისთვის განვმარტავ, რომ დავითმა საიტის ფოტოალბომში განათავსა თქვენი სურათები წარწერით: „ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია“. მალე მას გამოეხმაურნენ რუსული სამღვდელოების წარმომადგენლები, რომლებმაც თქვენ შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოითხოვეს და ბოლოს, საქართველოში ჩამოსვლისა და თქვენთან შეხვედრის სურვილიც კი გამოთქვეს. ამას კი ის მოჰყვა, რომ ერთ დღეს დავითს საკუთარი გვერდი დაბლოკილი დახვდა.
წყარო: https://geonewest.com/