“ხელისუფლება უნდა ჩერიოს, მას შეუძლია შედარებით იაფი ჩარტერული რეისები დანიშნოს, რაც გულშემატკივრებს გამგზავრების საშუალებას მისცემს”
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრების ისტორიული გამარჯვების შემდეგ, გერმანიის მიმართულებით ავიაბილეთები და ტურისტული პაკეტები სწრაფად ძვირდება. პარალელურად მატულობს მატჩზე დასასწრები ბილეთების ღირებულებაც.
ფასის ზრდა უკვე დაწყებულია. თუ ერთ თამაშზე ბილეთის ფასი 400 ლარიდან 1500- ლარამდე მერყეობდა, ახლა ერთ მატჩზე დასასწრები ბილეთის ღირებულება 1000 ლარიდან იწყება. ამას თუ დავურთავთ მგზავრობის საფასურს, რომელიც სწრაფად მატულობს, თანხა საკმაოდ სოლიდური ხდება და მას საშუალო შემოსავლის მქონე გულშემატკივარი, ცხადია, ვერ შესწვდება.
გაძვირებაზე ერთხმად საუბრობენ ტუროპერატორები და ტურიზმის სფეროს სპეციალისტებიც. ექსპერტები ფიქრობენ, რომ შექმნილი აჟიოტაჟიდან გამოსავალი მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია გამოძებნოს. მან უნდა იზრუნოს გულშემატკივარზე და შესთავაზოს ალტერნატიული გზაც.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,რეზონანსი” ტურიზმის სფეროს სპეციალისტ ნიკა კვარაცხელიას გაესაუბრა, რომელმაც დაადასტურა, რომ ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ, რადიკალურად შეცვალა ევრო-2024-სთვის დასასწრები ბილეთის ფასიც და ფრენის ღირებულებაც მოულოდნელად გაძვირდა. ტენდენცია კვლავ გრძელდება და ასეთ ფონზე პროგნოზის გაკეთება ძნელია.
,”ფაქტია, ბილეთები უკვე გაძვირდა. თუ უნდათ ჩვენებს, რომ გულშემატკივარი ჩავიდეს გერმანიაში და ასეთ მნიშვნელოვან მატჩებს დაესწროს, პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. ახლა ქაოსური სიტუაციაა და დარეგულირება უნდა შეძლონ. ასეთ მინიშვნელოვან მატჩებზე დასწრება გულშემატკივარმა რომ მოახერხოს შესაბამისი უწყებები პროცესში აუცილებლად უნდა ჩაერიონ.
ევროპის ჩემპიონტში საქართველო სულ ბოლოს ჩაერთო. რადგან ჩვენი ბედი გადაწყვეტილი არ იყო, თადარიგი იმთავითვე არ გვქონდა დაჭერილი. ევროპამ უკვე მოაგვარა ეს საკითხი. ჩვენ ახლა ვიწყებთ ზრუნვას. ცხადია, ყველა თამაშს ვერავინ დაესწრება, მაგრამ აქტიური გულშემატკივრებისთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს მგზავრობა და ბილეთებიც. ამიტომაც, ყველა შესაბამის უწყებას, რომელიც ამ სფეროში ჩართულია, ვთხოვოთ ხელშეწყობა და დახმარება.
რაც შეეხება დასასწრები ბილეთისა თუ ავიაბილეთების ღირებულებას, ვიცით, რომ ყოველდღიურად მატულობს. აუცილებელია დარეგულირება, წინააღმდეგ შემთხვევაში საშუალო ფენა ასეთ ისტორიულ თამაშზე დასწრებას ვერ შეძლებს. აქამდე ბილეთები ორჯერ იაფი იყო, ახლა ბილეთი ერთბაშად გაძვირდა და მგზავრობის საფასურიც გაორმაგდა.
იგივე მდგომარეობა იქნება სასტუმროებში. ტურისტული ფირმებს, რომლებიც სპორტის დეპარტამენტთან მუშაობენ და ორიენტირებულები არიან ამ საკითხით, ცხადია, მეტი ინფორმაცია ექნებათ. ერთი რამ დანამდვილებით ვიცი, ერთ მატჩზე დასაწრები ბილეთი უკვე 1000 ლარამდე ავიდა.
საქართველოს აქვს პირდაპირი ავიამიმოსვლა გერმანიასთან. ბილეთის ფასებზე თავად ორგანიზაციები იღებენ გადაწყვეტილებას. ავიაკომპანია ,,ლუფთჰანზა” წარმომადგენლობა ფრანკფურტშია. არ ვიცი რა დოზით, მაგრამ ალბათ შესაძლებელია სახელმწიფოც ჩაერთოს და დაინტერესდეს ამ საკითხით.
საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია ჩარტერული რეისები დანიშნოს. ეს გულშემატკივრებს საშუალებას მისცემს წავიდნენ და ჩამოვიდნენ. ბილეთის ფასებიც შესაძლოა, დარეგულირდეს. ავიაციის დეპარტამენტმა სახელმწიფოსთან ერთად უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. ვფიქრობ, ჩარტერებით უნდა დავუპირისპირდეთ იმ ავიაკომპანიებს, ვინც ასრულებენ პირდაპირ რეისებს და აძვირებენ ბილეთებს”, – აღნიშნა “რეზონანსთან” საუბრისას ნიკა კვარაცხელიამ.
გულშემატკივარისთვის რაც არ უნდა მტკივნეულად ჟღერდეს, ფაქტია რომ ევრო-2024-ის ტურისტული პაკეტების ღირებულება თანდათან გაიზრდება. საქართველოში მოქმედი კომპანიები ერთხმად აცხადებენ, რომ საზაფხულო სეზონის მოახლოებასთან ერთად ფასები მატულობს, მაგრამ ამას თან ერთვის გაორმაგებული ინტერესი ჩემპიონატზე დასასწრებად.
სწორედ ეს გაზრდილი ინტერესი და მოთხოვნა იწვევს ღირებულების ზრდასაც, რასაც ,,რეზონანსთან” ადასტურებს ტურისტული კომპანია ,,სილქ ვეი თრეველის” ტურიოპერატორი ეთო ჩიტიშვილი.
,”ზოგადად, ზაფხულის სეზონი ტურიზმისთვის აქტიური პერიოდია. ამ დროს მომართვიანობა ზამთრის სეზონთან შედარებით მეტია, თუმცა ის, რაც ახლა ხდება, სულ სხვაა. საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებამ მდგომარეობა შეცვალა. დაინტერესება ძალიან დიდია. მოქალაქეები აქტიურად მოგვმართავენ. კომპანიაში ზარები გახშირდა. ვცდილობთ დაინტერესებულ პირებს ხელი შევუწყოთ და მათი მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. \
მრავალმხრივი მომსახურება გვაქვს. მომხმარებელს შეუძლია მისთვის სასურველი არჩევანი გააკეთოს. ვთავაზობთ რეისებს სხვადასხვა ავიახაზებით ქუთაისიდან, თბილისიდან და გადაჯდომით. თამაშზე დასასწრები სრული პაკეტის ღირებულება, სადაც შედის თამაშის ბილეთსი ფასიც 2670 ლარიდან იწყება. ამ თანხაშია სასტუმროს ნომერიც. უკვე დაჯავშნის პროცესში ვართ”, – განაცხადა ეთო ჩიტიშვილმა.
შექმნილ აჟიოტაჟზე და გაძვირებულ ბილეთებზე ყურადღებას ამახვილებს საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი და საავიაციო კომიტეტის ხელმძღვანელი გიორგი მოლოდინაშვილი და განმარტავს, რომ ბილეთების გაძვირება სეზონის დადგომასთან ერთად, ფეხბურთის მატჩზე დასწრების მსურველთა დიდმა რაოდენობამ და აქტივობამ განაპირობა. ამას თან ერთვის არსებული არაკონკურენტუნარიანი გარემო.
“ავიაციაში არსებობს ორი სეზონი, ზამთრის და ზაფხულის. სხვათა შორის ზაფხულის სეზონი სწორედ დღეს დაიწყო, შესაბამისად, ავიაკომპანიები მოთხოვნიდან გამომდინარე რეაგირებენ. ისინი უნდა განვიხილოთ ჩვეულებრივ კომპანიებად, რომლის ფასის წარმოქმნაზე მოქმედებს ისეთი წესები, როგორიცაა მოთხოვნა და მიწოდება. რა თქმა უნდა, ზაფხულში ეს მოთხოვნა მაღალია და შესაბამისად, სისტემა (რომელიც მართავს ავიაკომპანიის ტარიფებს) როცა ხედავს, რომ ადგილებთან შედარებით მოთხოვნა 4-5-ჯერ მეტია, ავტომატურად აკორექტირებს ფასს.
ჩვენ ფეხბურთის დიდი ღონისძიება გველის გერმანიაში, “ვიზეარი”, ცხადია, ამით “სარგებლობს“. აქ მივდივართ კონკურენციასთან. სპეკულაციური ფასები ყოველთვის რეგულირდება კონკურენციით. ჩვენ დღეს დორტმუნდის მიმართულებით პირდაპირი რეისის შემსრულებელი სხვა ავიაკომპანიაც რომ გვყავდეს, “ვიზეარი” შეხედავდა, რომ მის ბილეთებზე ნაკლებია მოთხოვნა, შესაბამისად, ფასი დაიწევდა.
ჩვენ გვჭირდება ჩვენი ძლიერი ავიაკომპანიები, რათა სხვებს კონკურენცია გაუწიონ. ქართული ბაზარი უცხოური კომპანიებით ივსება. ეს კი იმის ნიშანია, რომ ქართული საავიაციო ბაზარი არის საინტერესო. განვითარებადი ქვეყანა ვართ, მოგების მზარდი მარჟა აქვთ და ეს ტრენდი აუცილებლად გაგრძელდება“, – განაცხადა მოლოდინაშვილმა.
საქართველოსთვის სადებიუტო და რიგით მე-17 ევრო პირველობისთვის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე გერმანიაში 22 ქვეყანა იასპარეზებს. საქართველო F ჯგუფში ითამაშებს, სადაც მეტოქეებად თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი ეყოლება.