ლოცვა პატრიარქისთვის
მრევლის ლოცვის მადლზე და ქართული სადღეგრძელოების საჭიროებაზე რჩევა-დარიგებებს გვაძლევს დავით მეფის, წინასწარმეტყველისა და მეფსალმუნეს ტაძრის მღვდელ-მონაზონი, მამა მიქაელი (ბრეგვაძე.)
მრევლის ლოცვის ძალა
„მოციქულთა საქმეში“ წერია: იმხანად მეფე ჰეროდემ ბოროტი ზრახვით აღმართა ხელი ეკლესიის ზოგიერთ წევრზე.და მახვილით მოაკვლევინა იაკობი, იოანეს ძმა.რაკი დაინახა, რომ ამით აამა იუდეველებს, პეტრეს შეპყრობაც ბრძანა(საქმე მოციქულთა 12:1-3.)
ჰეროდემ მდგომარეობის უკეთ მართვისათვის საპყრობილის დაცვა გააოთხმაგა.
მრევლს, რომელსაც წარმოედგინა, რომ იაკობ მოციქულს მხოლოდ სამოციქულო მადლი დაიცავდა, შეცდა. მათ უნდა გაეთვალისწინებინათ უმთავრესი კანონზომიერება, უფლისაგან მოვლენილ დიდ ადამიანებს, როგორც მადლს, საგანგებო გაფრთხილება და შენარჩუნება ესაჭიროებათ.
მრევლი ფაქტის წინაშე დადგა, რომ შესაძლებელი იყო პეტრეც განწირულიყო, ამიტომ გულმოდგინედ დაიწყეს მისთვის ლოცვა.
მრევლის გულმოდგინე ლოცვამ ნაყოფი გამოიღო, იმდენად რომ პეტრე მოციქულმაც ვერ დამალა გაოცება და თქვა: “ახლა კი ჭეშმარიტად ვიცი, რომ უფალმა მომივლინა მისი ანგელოზი, რომელმაც დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და ყოველივე იმისაგან, რასაც მიპირებნენ იუდეველნი“.(საქმე მოც.12.11)
ლოცვა პატრიარქისთვის
პავლე მოციქული თავის ეპისტოლეებში აღნიშნავს იმ სიკეთეს, რომელიც მოაქვს ეკლესიის მრევლის ლოცვას.
მისი ეპისტოლეები სავსეა ამ ადამიანების მიმართ დაწერილი მადლიერებით და ლოცვა-კურთხევით.
პავლე მოციქული წერს. „თუ ილოცებთ და გულმოდგინებით დახვდებით ჩემს სიტყვას, უფალი უფრო მეტ საიდუმლოს გამიმხელს რომ მე თქვენ გადმოქცეთ.“
უმნიშვნელოვანესია მრევლის პასუხისმგებლობა და ლოცვის ძალა ეკლესიის უმაღლესი იერარქის მიმართ. მისი საუფლო მადლი, მხნეობა ბევრად არის დამოკიდებული მრევლზე.
საქართველოს პატრიარქი ილია II-ე ლოცვისას აუცილებლად უნდა მოიხსენიოს ყველა ჭეშმარიტმა მორწმუნემ.
ეკლესიაში, ყოველ ჟამისწირვაზე სასულიერო იერარქები ლოცვით იხსენებენ უმაღლეს იერარქებს, რათა მოიხსენიოს უფალმა ისინი წმინდათაშორის, სიწმინდით, ჯამრთელობით, ჭეშმარიტი სიტყვის ქადაგებით და მართალი სარწმუნეობის დამტკიცებით.
საყოველთაო ეკლესიის პრაქტიკით, რომელიც ყოველი ჟამისწირვისას, თითოეული მართლმადიდებლური ეკლესიის ტაძრის კედლებში შემასმენელი ხმით გაისმის, ასე იკითხება: „პირველთა შორის მოიხსენე, უფალო, უწმინდესი და უნეტარესი… რომელი მომადლე წმინდასა შენსა ეკლესიასა“ რათა გააგრძელოს მსახურება: „მშვიდობით, ცოცხლებით (მხნეობით), პატიოსნად, სიმრთელით (ჯანმრთელობით), დღეგრძელობით, შენი ჭეშმარიტი მართლის გამომაშკარავებელი სიტყვის საქადაგებლად.“
სწორედ ესაა ლოცვა ჩვენი ქვეყნის პატრიარქისათვის, მისი სულიერი და ხორციელი გაძლიერებისათვის.
როდესაც უწმინდესზე აღევლინება ლოცვა, მლოცველმა, უფლის მოწყალეობის შემდეგ, განსაკურებულად წინა პატრიარქებს უნდა შესთხოვოს მეოხება.
თუ ადამიანი არ არის აქტიური მლოცველი, მის მიერ გულით და სულით ნათქვამ ლოცვასაც დიდი მადლი აქვს.
ეკლესია მათთვისაც ყოველთვის ლოცულობს: „მოიხსენე, უფალო, ყოველი ქალაქში და სოფელში მცხოვრები, მოგზაური, უცხოებაში მყოფი… ყველა, რომელიც თავისი უბრალოებით მოქალაქეობს“. ასევეა საჭირო მათი ლოცვა ეკლესიის და ქვეყნის სულიერი წინამძღოლისათვის.
„მამაო ჩვენო“-ს ლოცვა, სადაც მიმართვაა არა მხოლობითში, მხოლოდ საკუთარ თავისათვის, არამედ მრავლობითში, მოუწოდებს მრევლის და თითოეულ მორწმუნეს, ილოცოს ყველასა და ყველაფრისათვის.
ქართული სუფრა და პატრიარქის სადღეგრძელო
მთელი ჟამისწირვის საღვთო მსახურება სრულდება საუფლო სუფრის გარშემო -საკურთხეველზე (წმიდა ტრაპეზზე).
წირვაზე აღსრულებული კვერექსები სადღეგრძელოების ანალოგია.
საეკლესიო კვერექსები მთავრდება სიტყვებით „აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.“ ამით ხდება თხოვნა ღვთის წინაშე მიწიური და საუკუნო დღეგრძელობისა.
ტრადიციულ ქართულ სუფრაზეც სიკეთის და დღეგრძელობის შეთხოვნა უფალის მიმართ იგივენაირად ხდება. ამ შეთხოვნებს, საუფლო სუფრის წესის მსგავსად, სადღეგრძელო ეწოდა.
ყველა სადრეგრძელო, როგორც ყველა კვერექსი, იწყება უფლის სადიდებლით.
სუფრაზე და კვერექსში მეორე მშვიდობის სადრეგრძელოა.
მესამე სადღეგრძელო კი ეძღვნება ეკლესიას და ქვეყნის პატრიარქს.
ქართულ ქრისტიანულსუფრაზე, ისევე როგორც კვერექსში, ეკლესიის და საქართველოს პატრიარქის სადღეგრძელო სალოცვა აუცილებლად უნდა ითქვას.
ქართული სუფრა და ძველი ქართული ტრადიციები
ძველი საეკლესიო განჩინებების მიხედვით, სასულიერო პირებისადმი რჩევაა, რომ საქეიფო სუფრებზე ბოლომდე არ დარჩენილიყვნენ. მათ ასეთი სუფრები უნდა დაელოცათ და მალე დაეტოვებინათ.
თუ სუფრა მოკრძალებული იყო, მოძღვარი ბოლომდე რჩებოდა.
მოკრძალებულ სუფრაზე პირველი და ბოლო სადღეგრძელო სწორედ სასულიერო პირს ეკუთვნოდა და უფლის სადიდებელი ისმეოდა. (საეკლესიო კვერექსშიც, პირველი და უკანასკნელი სიტყვა მღვდელს ეკუთვნის, შუაში კი დიაკონის სათქმელებია).
პირველი სადღეგრძელოთი უფალ-ღმერთს აკურთხებდნენ, ბოლოს ადღეგრძელო კი წმინდა სამების სადიდებელი იყო.
ხოლო, ისეთ სუფრებს, სადაც სასულიერო პირი ბოლომდე არ ესწრებოდა, ამთავრებდნენ ღვთისმშობლის სადიდებლით.