სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მის ეპისტოლეში ადამიანურ ცოდვებსა და მისი დაძლევის გზებზე საუბრობს.
,,აღდგომის არსი რომ ნაწილობრივ მაინც გავაცნობიეროთ, ჯერ სულიერად გოლგოთას უნდა მივეახლოთ, სადაც ჯვარცმულ მაცხოვართან ერთად ორი დამნაშავეა გაკრული ძელზე, ორივე ავაზაკი ცოდვებით და უკეთურებებით იყო სავსე, მაგრამ სულიერად სრულიად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.
ერთი შეურაცხყოფდა უფალს და დასცინოდა მას, მეორე კი თავის ხვედრს სამართლიანად მიიჩნევდა და სთხოვდა იესოს შეწყალებას.
თავმდაბლობამ, საკუთარ ცოდვათა გაცნობიერებამ და სინანულმა ავაზაკს სულიერი თვალი აუხილა, ჯვარცმულ იესოში მაცხოვარი დაანახა, რაც გახდა მიზეზი ჯვრიდან ზეცაში მისი მსწრაფლ აღყვანებისა.
სამწუხაროდ, თუნდაც მორწმუნე, მაგრამ არაეკლესიური ადამიანების უმრავლესობასაც თავდაპირველად ჰგონია, რომ მათ, თითქოს, ცოდვა არა აქვთ, რომ კარგი თვისებებისანი არიან და არაფერი აქვთ სააღსარებო და მოსანანიებელი; მაშინ, როდესაც, მართლაც, წმინდად მცხოვრებნი გულწრფელად მიიჩნევენ, რომ უღირსნია და მათზე ცოდვილი სხვა არავინაა.
ჩვენ უნდა დავიწყოთ ჩვენი თავის შეცნობა და ჩვენი სისუსტეებისა და ნაკლოვანებების გაცნობიერება.
როგორც წმინდა მამები აღნიშნავენ, მომაკვდინებელ ვნებები შემდეგია:
გემოთმოყვარება, სიძვა, ვერცხლისმოყვარება, მრისხანება, მოწყინება, უიმედობა, დიდებისმოყვარეობა და ამპარტავნება. სხვა ყველაფერი მათგან მომდინარეობს.
თუმცა, როგორც ერთი ცოდვა შობს მეორეს, ასეთივე თვისებისაა ქრისტიანული სიკეთენიც. იცოდე, ერთ ღვთისსათნო საქმეში თუ განმტკიცდები, სხვა სათნოებებსაც შედარებით ადვილად მოიპოვებ. უბედურება იმაში კი არ არის, რომ შესცოდე, არამედ იმაში, რომ დაცემულს ადგომა არ გინდა; უბედურება ის კი არ არის რომ ვნებებმა დროებით დაგძლია, არამედ ის, რომ ცოდვაში ცხოვრება მოგწონს და ჯიუტად აგრძელებ ასეთ ყოფას და სხვათაც ღუპავ.
ხმელეთისა და ზღვისქვეშეთი, ფლორა და ფაუნა, მზის გალაქტიკა (სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მთელი თავისი ურთულესი მექანიზმებით ნუთუ მარტო იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენ ამ გარემოში 40, 80 თუ 100 წელი დავყოთ მხოლოდ და მერე უკვალოდ გავქრეთ? ეს ხომ უაზრობაა.
ნუ მივემსგავსებით მაცხოვრის გვერდით ჯვარცმულ იმ ავაზაკს, რომელმაც მთელი სიცოცხლის მანძილზეც და ძელზე ყოფნისასაც ვერ გაიგო, რა იყო სიცოცხლის აზრი, ვერც ქრისტე შეიცნო, და კიდევ უარესი, – ბოლომდე შეურაცხყოფდა და დასცინოდა მას.
ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ მდგომარეობისაგან.
თუ ძელზედ გაკრული მეორე ავაზაკი სიმბოლოა მორწმუნე და მონანული საზოგადოებისა, ეს ავაზაკი სახეა ურწმუნო და უგულისხმო, სინანულის არმქონე ხალხისა“.