მთავარი საკითხავი “გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, შენი შვილი ღვთისმშობელმა მიიღო თავის სავანეში” – 18 წლის ბერის წერილი დედას

“გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, შენი შვილი ღვთისმშობელმა მიიღო თავის სავანეში” – 18 წლის ბერის წერილი დედას

by guramus

“მე თქვენთვის მლოცველმა, უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს კურთხევით და მის მსგავსად ავიღე ჯვარი ჩემი და შევუდექი გოლგოთას”.

“გამარჯობა, ჩემო საყვარელო, ჩემო კეთილო დედა! მაპატიე რომ ვიმსახიობე პოლიტიკური თამაშები და როლები მოვირგე რომ შევნიღბულიყავი დროებით, რათა ხელი არ შეგეშალათ ჩემს არჩევანში. მაპატიე ტყუილები რითაც ნორვეგიაში წავედი, ხოლო შემდგომ საბერძნეთში და დაგიმალეთ ყველას. მე ჩემი არჩევანი რომ არ გამეკეთებინა, უთუოდ ცუდი რამ დატრიალდებოდა ჩვენს ოჯახში, რადგან უფალი მეძახდა და არ მივდიოდი მასთან. გიხაროდეს, დედა, გაუწყებ ჩემს ენით აუწერელ სიხარულს, გიზიარებ ჩემს ბედნიერებას: შენი შვილი, შენი გიორგი პეტრას წმინდა მონასტერში ბერად აღიკვეცა.

გიხაროდეს, დედა! შენი რუდუნებით გაზრდილი, მრავალი იწროებითა და სიფრთხილით აღზრდილი ბიჭი, კვირაცხოვლობის წმინდა დღესასწაულზე, ყოვლადმოწყალე უფალმა თავის ჯარისკაცად აკურთხა. დიდება შენდა, უფალო ჩვენო იესო ქრისტე! გიხაროდეს, დედა, გიხაროდეს! შენს შვილს ღმერთმა მეოხად აურჩია წმინდა ნეტარი იერონიმე. შენი შვილი ღირსი გახდა ამიერიდან ატაროს მისი წმინდა სახელი (იერონიმე ბერძნული სახელია და “წმინდა სახელს” ნიშნავს) გიხაროდეს, დედა, რომ ამიერიდან უნდა მომმართო არა “შვილო” და არც “გიო”, არამედ მამა იერონიმე. გიხაროდეს, დედა, რომ კაცთმოყვარე ღმერთმა მომიტევა ჩემი აურაცხელი ცოდვები, რომლებიც დღემდე ჩემი უგუნურებით ჩავიდინე და ამიერიდან მისი წმინდა სახელით და მის სადიდებლად მოწოდებული ვარ, ჩავება ბნელეთის ძალების წინააღმდეგ სამკვდრო-საციცოხლო უხილავ ომში. გიხაროდეს, დედა, რომ შენი შვილის, შენი სისხლისა და ხორცის სიცოცხლე, მისი სული, მისი გონება, მისი გრძნობა განუყოფლად და ერთიანად ღმერთს ეკუთვნის, მისდამი განუზომელი სიყვარულითა და უსაზღვრო მადლიერებით სულდგმულობს.

გიხაროდეს, დედა! შენი ოცნებები, შენი კეთილი სურვილები ერთიანად ასრულდა: შენი გიორგი ანგელოზებრივი ცხოვრების ღირსი გახადა კაცთმოყვარე ღმერთმა. დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე! გიხაროდეს, დედა, გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, ნუ შეგეშინდება ნურც ავადმყოფობის, ნურც ტკივილის, ნურც სიღარიბის, ნურც დაცინვის და ნურც ნურაფრის – შენი შვილი თვით ღვთისა ჩვენის იესო ქრისტეს დედამ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, მიიღო თავის სავანეში და ამიერიდან მისი უშუალო მფარველობის ქვეშაა. დიდება შენდა, დედაო ღვთისმშობელო! ახარე დედა, მამას, ახარე, თუ რაოდენი მადლია გადმოსული ჩვენს ოჯახში, ახარე, რომ ჩვენთან არს უფალი! რომ მისი შვილი უფლის წვეულთა შორისაა და მის გიორგის დიდი შესაძლებლობა აქვს, იყოს უფლის რჩეულთა შორის. ახარე, დედა, დებს ჩემსას, გაუზიარე ჩემი სიხარული, უთხარი, რომ დღეს უფლის მიერ ჩემთვის, უღირსისთვის ბოძებული მაცოცხლებელი მადლის თანაბარი წილი მათ ეკუთვნის, როგორც ჩემს უახლოეს ადამიანებსა და ხორციელ დებს. რადგან ჩვენ უფალმა შეგვყარა და გაგვაერთიანა ერთ მუცელში. ხოლო ის რაც ღმერთმა გააერთიანა, არასოდეს დაიშლება.

მე თქვენთვის მლოცველმა, უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს კურთხევით და მის მსგავსად ავიღე ჯვარი ჩემი და შევუდექი გოლგოთას, რათა ზვარაკად შევეწირო ჩემი აურაცხელი ცოდვებისათვის, რათა ჩემს მშობლებს და ოჯახის წევრებს არც ამქვეყნად და არც იმქვეყნად ღვთის მადლი და სიყვარული არ მოაკლდეთ. ახარე, დედა, ყველა ჩვენს კეთილ ნათესავს, რომ ამიერიდან მათთვის წმინდა მონასტერში ილოცებს ცოდვილი ბერი იერონიმე. ახარე, დედა, ჩვენს მტრებს და მოძულეებს, რომ მათი წმინდა სახელები უსათუთეს ლოცვად აღევლინებიან ჩემს გულში, რომ მე განუწყვეტლივ ვილოცებ მათი და მათი შვილების კეთილდღეობისთვის. ახარე, დედა, ჩემს სამშობლოს – საქართველოს, ახარე, რომ ამიერიდან პეტრას წმინდა მონასტერში ღვთის განგებითა და კურთხევით კიდევ ერთი, მართალია ჯერჯერობით სუსტი, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გულგამაგრებული სანთელი აენთო, მისი პატარა საქართველოს აღორძინებისა და გაბრწყინებისთვის მლოცველი.

გილოცავ, დედა! ნუ გეშინია, არ იფიქრო სწავლა მივატოვე, პირიქით მე პატრონი ვიპოვე ჩემი სულიერი მამა, რომელიც უმაღლეს განათლებას მომცემს არისტოტელეს უნივერსიტეტში, წარმატებული ვიქნები საღვთო სფეროში და იმაზე მეტ სიკეთეს გავაკეთებ თქვენთვის, ვიდრე ბინძურ და მყრალ ცოდვის ბუდე პოლიტიკაში, ცხოვრება წუთი სოფელია, ნუ აყვები ეშმაკს და ნუ წარიკვეთავ სასოს, როცა მზად იქნები მიმიღოთ გნახავთ და ვიქნები მარად თქვენთან, თუ არ მიმიღებთ და გამაგდებთ იმის გამო რომ უფალს შევუდექი, მაშინ აღარ შეგაწუხებთ არასდროს. მიყვარხარ და მაპატიე რომ აქამდე არ გითხარი, მაგრამ ვიცი რომ გრძნობდი ყოველივეს ყოველთვის. კურთხეულ ხარ დედათა შორის და კურთხეულია შენი შვილი და ოჯახი რომელზედაც სულიწმიდის მადლი უხვად გადმოვიდა ჩემი უფალთან შეერთებით. მარად შენთვის მლოცველი შენი უღირსი შვილი ბერი იერონიმე”