ცნობილი გამოთქმა “ჩემი ენა ჩემი მტერიაო” – ბევრ ადამიანზე ზედგამოჭრილი ფრაზაა. ზოგიერთი თქვენგანი იქნებ ვერც კი აცნობიერებს, მაგრამ ელემენტარული საიდუმლოს შენახვაც არ გამოსდის, რაც არ უნდა გულით სურდეს ეს.
ჭორაობისკენ მიდრეკილებას კი არც მეტი, არც ნაკლები, ვარსკვლავების გავლენა განაპირობებს. პირადი რუკის მიხედვით, ასტროლოგები იმას არკვევენ, ადამიანი რამხელა მასშტაბების მატყუარაა, უბრალოდ ინტრიგანი თუ მაღალი დონის აფერისტი.
დღეს კი იმაზე გიამბობთ, რომელი ზოდიაქოს ნიშნები არიან ყველაზე ჭორიკანა და ვისთვის არ ღირს გულის ზედმეტად გადაშლა. აქვე ისიც გაითვალისწინეთ, ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია ნიშნის ტიპურ წარმომადგენლებს ეხებათ – შესაბამისად, თუკი სამეულში საკუთარი თავი აღმოაჩინეთ აღშფოთებას ნუ იჩქარებთ, იქნებ სულაც არ ხართ ნიშნის ტიპური წარმომადგენელი?
ტყუპი – კომუნიკაციური, ყველაზე მოლაპარაკე და აქტიური ნიშანია. ტყუპს უბრალოდ არ შეუძლია ინფორმაციულ ვაკუუმში გაძლება. შესაბამისად, ჭორაობა და სხვადასხვა ამბის მიღებ-გავრცელება მისი საყვარელი საქმიანობაა ყოველთვის.
თუმცა, ჭორების გავრცელებაზე მეტად მას ინფორმაციის გავრცელება და გაცვლა-გამოცვლა მოსწონს. ამიტომ თუკი არის კიდეც ენაჭარტალა ტყუპი, მის ამ საქციელს იშვიათად უდევს საფუძვლად ბოროტი განზრახვა, ის უბრალოდ ავრცელებს ინფორმაციას რომელიც მოიპოვა.
მშვილდოსანი – ალბათ ყველაზე დაუკვირვებელია ამ სამეულს შორის. გული ბოროტი არც მშვილდოსანს აქვს, მეტიც – იგი მუდამ ორიენტირებულია სიკეთის კეთებაზე და უყვარს ადამიანების დახმარება, მაგრამ პრობლემას ქმნის მისი ხასიათის თვისება – ყოველთვის დაუფიქრებლად თქვას ის, რასაც ფიქრობს.
ამის გამო კი მას ხშირად უტაქტობაში ადანაშაულებენ. მშვილდოსანს არ უყვარს ჭორების გავრცელება. თუმცა, თუკი მას რაიმე სახის ინფორმაცია ანდეთ, შესაძლოა კარგ ხასიათზე მყოფმა უბრალოდ “წამოროშოს” სამეგობრო წრეში, ეს წრე კი მერწმუნეთ, საკმაოდ დიდი და მრავალრიცხოვანი ჰყავთ მშვილდოსნებს.
თევზები – ალბათ ყველაზე მეტად არის მიდრეკილი შეგნებული ინტრიგების ხლართვისკენ, ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ, როცა თქვენ მის სათუთ ფსიქიკას უხეშად შეეხებით. თევზები კეთილი და თანამგრძნობი ნიშანია, ამიტომ სასურველია, მისი ნდობა ბოროტად არ გამოიყენოთ.
მას შეუძლია თქვენი ყველაზე საშინელი საიდუმლოც კი წლობით ატაროს ისე, რომ “თევზივით ჩაიგუბოს პირში წყალი”. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ თქვენ მის ნდობას არ გაამართლებთ, ან აწყენინებთ, აუცილებლად დაიწყებს ენის ჭარტალს, თანაც დაგეგმილად და მიზნობრივი აუდიტორიის შერჩევით.