ყველა ქალს უყვარს ორქიდეა. ეს უმშვენიერესი მცენარე დიდხანს ყვავის და თვალს ახარებს. მოსავლელად რთული არ არის, მაგრამ გარკვეული პირობების დაცვა აუცილებელია.
1. როგორ იზრდება ორქიდეა ბუნებაში
ორქიდეა საკმაოდ ამტანი მცენარეა და ეგუება ყველანაირ პირობას, გარდა გვალვისა და ყინვებისა. საუკეთესოდ ხარობს ტროპიკულ ტყეეპში. მომატებული ტენიანობა, ვენტილაცია, მზის პირდაპირი სხივებისგან დაცვა – ხელს უწყობს ორქიდეების გამრავლებას. მისი 30 000-ზე მეტი სახეობა არსებობს.
2. რომელი ორქიდეა ხარობს ოთახის პირობებში?
ამ მხრივ ეპიფიტური ორქიდეებია გავრცელებული, მათ ჰაეროვანი ფესვები აქვთ. ყველაზე არაპრეტენზიული სახეობაა ფალენოფსისი. ის უხვად ყვავის წელიწადში ერთხელ. ორქიდეას რგავენ ე.წ. ბლოკ-კულტურის ჭურჭელში.
ოთახში გასახარებელი ორქიდეებიდან ასევე ძალიან პოპულარულია კატლეა, ვანდა, ონციდეა…
3. როგორ მოვუაროთ ორქიდეას?
მორწყვა და ჰაერის ტენიანობა
მოსარწყავად თბილი, ნადგომი წყალი სჯობს. უპირატესობა ანადუღარ წყალს ენიჭება. მორწყვა უნდა იყოს რეგულარული, მაგრამ ზომიერი. ზაფხულში საჭიროება უფრო ხშირია – ყოველ მეხუთე დღეს. ზამთარში კი 7-10 დღეს.
ტენიანობის ოპტიმალური ნორმა უნდა იყოს 40-60%. ზაფხულში უფრო მეტი. ტენიანობის მოსამატებლად მცენარეს დისტანციურად წყალი შეაფრქვიეთ. საერთოდ კი, სჯობს, დააკლდეს წყალი, ვიდრე ზედმეტი მოუვიდეს.
მორწყვის საუკეთესო მეთოდია მისი ჭურჭლიდან ამოღება და ოთახის ტემპერატურის ანადუღარ წყალში ჩაყურსვა 10-30 წუთით. შემდეგ წყალი ჩამოწურეთ და დააბრუნეთ ყვავილი ქოთანში.
ორქიდეა ვანდას მორწყვის თავისებურება აქვს: მცენარიან ვაზაში ასხამენ წყალს, ტოვებენ ნახევარი საათით და შემდეგ მთლიანად ღვრიან.
განათება
ორქიდეას უყვარს სინათლე, მაგრამ არა პირდაპირი მზის სხივები. ზაფხულში შტორები ჩამოაფარეთ, ზამთარში კი, პირიქით, დღის სინათლის განათება დაამატეთ.
ორქიდეას ფოთლებზე ყავისფერი ლაქების გაჩენა მოწმობს, რომ მცენარემ მზით დამწვრობა მიიღო. თუ ფოთლებმა გამუქება დაიწყო, აუცილებელია სინათლის დამატება.
უპირატესობა ენიჭება დასავლეთით მდებარე ფანჯრის რაფებს. რეკომენდებული განათებაა 20000 ლუქსს ზაფხულში, 40000-ს კი – ზამთარში. ეს მზის გამოსხივების 20-30%ია.
ტემპერატურული სხვაობა
ამ მცენარისთვის იდეალური ოთახის ტემპერატურაა 19-20 გრადუსი, ღამე – 17 გრადუსი და ნაკლები. ორქიდეას არ უყვარს ორპირი ქარი. ტემპერატურის რეჟიმი სახეობების მიღედვით განსხვავდება, ზოგს მეტი სითბო სჭირდება, ზოგს – ნაკლები.
ორქიდეები არასდროს მოათავსოთ გამათბობლებთან, ეს გაუწყლოებასა და გამოშრობას გამოიწვევს.
ჰაერის ცირკულაცია
სასარგებლოა ოთახის განიავება. მისი ჟანგბადით გამდიდრება, რადგან ორქიდეას ფესვები ტენს და საკვებ ნივთიერებებს საკვებიდან იღებს. როგორც აღვნიშნეთ, ორპირი ქარი დაუშვებელია. ჰაერის ცვლის გასაძლიერებლად შეიძლება 1-2 საათით სუსტი ვენტილაცია ჩართოთ, ოღონდ ყვავილისკენ არ უნდა იყოს მიმართული.
არ გადაიტანოთ!
ორქიდეას არ უყვარს ადგილმონაცვლეობა, ქოთანის მობრუნებაც კი. ნებისმიერი გადაადგილება მისთვის სტრესია. აუცილებლობის დროს, ეცადეთ სინათლისკენ დადოთ იმავე მხრით, როგორც აქამდე იყო. თუმცა ეს არ გააკეთოთ მისი ყვავილობის დროს.
სასუქები ორქიდეასთვის
თვეში 1-2ჯერ ორქიდეას ანოყიერებენ თხევადი მინერალური სასუქით. შეარჩიეთ აზოტის დაბალი შემცველობის მქონე სასუქი. ყვავილობებს შორის პერიოდში, სასუქის ნორმას 2ჯერ ამცირებენ. გამოყენების წინ ყურადღებით გაეცანით სასუქის ინსტრუქციას.
4. როდის და როგორ გადავრგოთ ორქიდეა?
ორქიდეას რთულად გადააქვს გადარგვა, ამიტომ ის უნდა გადაირგას აყვავებიდან არაუხშირეს 3-4 წელიწადში ერთხელ. სასურველია, ეს მოხდეს გაზაფხულზე. ეს ხდება მაშინ, თუ მცენარეს მეტი სივრცე სჭირდება ან თუკი გაუშრა ფესვები და გაუხმა ფოთლები.
გადანერგვისთვის სპეციალური ნიადაგი გამოიყენეთ. მათი შეძენა სავაჭრო წერტილებში შეგიძლიათ. შეიძინეთ მხოლოდ ნატურალური კომპონენტების ნიადაგი. კარგი სუბსტრატი შედგება წიწვოვანი ხეების ქერქისა და გირჩებისგან, ტორფისგან, ხის ნახშირისგან, კაკლის ნაჭუჭისგან, ქოქოსისგან.
სუბსტრატის შემადგენლობის შერჩევა თქვენს სახლის მიკროკლიმატზეა დამოკიდებული. ორქიდეა 1 დღით ადრე გააშრეთ, სანამ მის გადარგვას გადაწყვეტთ. ფრთხილად მოაშორეთ დამპალი და გამხმარი ფესვი, გადარგვის შემდეგ მას არ რწყავენ რამდენიმე დღე. წლის განმავლობაში საკმარისია შეცვალოთ სუბსტრატის ზედა შრე.
5. სჭირდება თუ არა ორქიდეას ზამთრის ძილი?
ორქიდეასთვის მოსვენების პერიოდი აუცილებელია იმისთვის, რომ ძალები მოიკრიბოს შემდგომი აყვავებისთვის. ყვავილის დასვენებისას აუცილებელია ღეროს გადაჭრა. საუკეთესოა, თუ მოაჭრით ძველ ტოტს მესამე თვალის ქვეშ, მაშინ დარჩენილ ღეროზე ახალი ნერგი გამოჩნდება.
ღერო მოაჭერით მჭრელი დანით ან სეკატორით, რათა განაკვეთი სწორი გამოვიდეს და შემცირდეს მიკრობების გავრცელების შანსი. განაკვეთს უნდა დააყაროთ აქტივირებული ნახშირის ფხვნილი ან დაამუშაოთ იოდით, ბრილიანტის მწვანით.
გადაჭრის შემდეგ მცენარე მოათავსეთ უფრო გრილ ადგილას, რამდენიმე დღით. თუმცა დარწმუნდით, რომ ის კვლავ იღებს სინათლის საკმარის რაოდენობას. თუ ღერო მთლიანად გახმა, ის სულ მოაჭერით. ეს ყვავილს ახალი ღეროების წარმოქმნისკენ უბიძგებს.