გიტაცებთ ამოუხსნელი საიდუმლოებანი? ამაღელვებელია, როცა რაიმე უჩვეულოს აღმოვაჩენთ, მაგრამ თუ დავუფიქრდებით რა გარემოებებში მოხდა ესა თუ ის მოვლენა, კონსპირაციული თეორიები აღარ გვიშველის. წარმოგიდგენთ რამდენიმე მაგალითს, რომელთა გარშემოც მსოფლიოში ძალიან ბევრს ბჭობდნენ.
10. მუმია რომელიც მუმია არ ყოფილა
2000 წელს, პაკისტანში, ირანსა და ავღანეთში კამათობდნენ სპარსელი პრინცესას 2600 წლოვან მუმიფიცირებულ ნეშტზე. მუმია პოლიციამ პაკისტანში თავდასხმის დროს იპოვნა. ის შავ ბაზარზე მილიონებად უნდა გაყიდულიყო. მუმიის თავი ოქროს გვირგვინით იყო შემკული, ხოლო კუბო ოქროს ორნამენტებით იყო მორთული. მოკლედ, ეს ნამდვილ არქეოლოგიურ სასწაულად მოიაზრებოდა. მაგრამ, მისი სინამდვილე ყველამ არ დაიჯერა. პროფესორი აჰმად დანი, აზიური ცივილიზაციების ინსტიტუტის დირექტორი ირწმუნებოდა, რომ მუმია იმ სიდიადის არ იყო, როგორიც ეგონათ.
ის მართალი აღმოჩნდა. მალევე, დეტალური კვლევის შემდეგ გამოააშკარავეს, რომ სხეული 2600 წლის არ ყოფილა და არც სპარსელ პრინცესას ეკუთვნოდა. კუბო, რომელშიც მუმია იყო ჩასვენებული მხოლოდ 5 წლით თარიღდებოდა. სპარსელი მუმია 21 წლის ქალი აღმოჩნდა, რომელიც მკვლელობას ემსხვერპლა. მისი კისერი, ყბა და ზურგი მოტეხილი იყო. მოგვიანებით გამოააშკარავეს, რომ ის 1996 წელს დაიღუპა. „მუმია“ 2005 წელს დაწვეს ისე, რომ მისი იდენტიფიცირება არ მომხდარა.
9. ჰოლანდიელი სტუდენტების სიკვდილი
2014 წლის 1 აპრილს, ჰოლანდიელმა სტუდენტებმა, ლისან ფრუნმა და კრის კრემერსმა, ხანგრძლივი მოგზაურობის პერიოდში, ერთ-ერთ მასპინძელ ოჯახს ხელი დაუქნიეს და მათ ძაღლთან ერთად, ბარუს ვულკანისკენ სალაშქროდ გაემგზავრნენ. მეგობრებმა ამის შესახებ ფეისბუქის გვერდზეც დაწერეს.
იმ საღამოს მასპინძელმა ოჯახმა შენიშნა, რომ ძაღლი სახლში დაბრუნდა, გოგონების კვალი კი არ იყო. იფიქრეს, რომ მათ ღამის გათევა სალაშქრო ბილიკზე გადაწყვიტეს და დილამდე დაიცადეს. მალე აღმოაჩინეს, რომ კრისი და ლისანი კერძო სალაშქრო ტურზე საერთოდ არ გამოცხადებულან და პოლიციას დაურეკეს. მათი მშობლები პანამაში 5 დღეში ჩავიდნენ და პოლიციელების და დეტექტივების მუშაობას თვალყურს ადევნებდნენ.
საქმის გახსნას 10 დღე დასჭირდა. ადგილობრივმა ქალმა პოლიციაში ლურჯი ზურგჩანთა მიიტანა, რომელიც მდინარესთან იპოვნა. მასში იყო ლისანის პასპორტი, სათვალე, წყლის ბოთლი და ცოტაოდენი ფული. პოლიციამ ასევე იპოვნა კამერა და გოგონების მობილურები. მობილურის თვალიერებისას აღმოჩნდა, რომ მათ 77-ჯერ ჰქონდათ დარეკილი პანამის და ჰოლანდიის პოლიციაში, მაგრამ, იმ არეალში სიგნალის სისუსტის გამო, ზარები არ გასულა. ასევე, გადაღებული იყო ფოტო, სადაც კრისს საფეთქლიდან სისხლი მოსდის.
ორი თვის შემდეგ, ძვლები ტყეში იპოვნეს. პოლიციამ ვერაფრით გაარკვია როგორ გარდაიცვალნენ ისინი ან ვინ იყო პასუხისმგებელი მათ სიკვდილზე.
8. ტყავის კაცი
ისტორიკოსმა დან დელუკამ ცხოვრების დიდი ნაწილი ერთი გარდაცვლილი უსახლკარო ადამიანის სიცოცხლის კვლევას მიუძღვნა. მას შემდეგ, რაც მის საფლავზე აღმოჩნდა, დაინტერესდა კაცით, რომელსაც „ტყავის კაცს“ უწოდებდნენ. იცოდა, რომ ის ადგილობრივებისთვის მისტიკას წარმოადგენდა.
ამბობდნენ, ტყავის კაცს უცნაური რიტუალი ჰქონდა, რომელიც გარშემო დიდ მითქმა-მოთქმას იწვევდა. თვეში ერთხელ, ის 360 მილს გადიოდა ჰადსონსა და კონექტიკუტის მდინარეებს შორის. მიუხედავად მაწანწალობისა, ის თანამედროვედ იყო ჩაცმული და ძალიან იშვიათად საუბრობდა ვინმესთან. მას ტყეში და ხანდახან გამოქვაბულში ეძინა და შენობაში რამდენიმე წუთზე მეტხანს არ ჩერდებოდა. ფერმებთან ჩავლისას საკვებს ითხოვდა და ყველა გაოცებული იყო მისი მადიანობით. მას შესასვლელ კართან დგომისას გასაოცარი რაოდენობის საკვების მიღება შეეძლო.
პრესამ ტყავის კაცის მიდევნება დაიწყო და მისი მოგზაურობის ქრონიკას 30 წლის განმავლობაში ადგენდა. Pearl Jam-მა ამ საიდუმლოებით მოცულ ისტორიას სიმღერაც მიუძღვნა. ტყავის კაცის ნამდვილი სახელი და ასაკი დღემდე უცნობია, ისევე როგორც მისი დაბადების ადგილი.
7. სისხლის ლაქა ნინა კრეიგმაილის აკლდამაზე
ნინა კრეიგმაილი 1864 წელს დაიბადა. ბავშვობაში ცხენშებმული ეტლის ტარება უყვარდა. ერთხელ, ბაბუასთან ერთად მსგავსი გასეირნების დროს, 1871 წლის წმინდა ლუკას დღეს, ეტლს მატარებელი შეეჯახა. 7 წლის ნინა ადგილზე გარდაიცვალა.
ნინას მამამ ანდერძი შეცვალა. ის ისურვებდა, რომ დაკრძალულიყო იმ მავზოლეუმის შიგნით, სადაც ნინას ფერფლი განისვენებდა. ჯონ კრეიგმაილმა ნინას სამახსოვროდ ტაძარიც ააგო, რომელიც მარმარილოს მავზოლეუმს მოიცავდა. მას წმინდა ლუკას მემორიალური ტაძარი ეწოდა.
ჯონი 1899 წელს გარდაიცვალა და სურვილი აუსრულდა. ის ნინას მავზოლეუმში დამარხეს. ცოტა ხნის შემდეგ, მავზოლეუმის გარეთა კედელზე წითელი ლაქები გაჩნდა. ძალისხმევა მოეშორებინათ ისინი, უშედეგოდ დასრულდა. მარმარილოს ფილების გამოცვლის შემდეგაც კი, ლაქები მაინც ჩნდებოდა. თანამედროვეობაში, ვიზიტორებმა პატარა გოგონას მოჩვენებაც შენიშნეს, რომელიც ძველი დროის სამოსში იყო გამოწყობილი. ლაქებს დღესაც იხილავთ.
6. მელის უძირო ხვრელი
1997 წლის 21 თებერვალს, მელ ვოთერსმა გადაცემაში უცნაური ისტორია მოყვა. ვოთერსი გვარწმუნებდა, რომ მის სახლში, ვაშინგტონის შტატში, მისტიკური ორმო გაჩნდა. ის ამბობდა, რომ ხვრელი 24000 მეტრზე ღრმა იყო და შეეძლო მკვდარი ცხოველები გაეცოცხლებინა. მთავრობამ დაიკავა ვოთერსის მიწა და ავსტრალიაში გადასასვლელად საკმარისად გადაუხადა.
მელი გადაცემაში 2000 და 2002 წელს ისევ გამოჩნდა. ადგილობრივმა გაზეთმა დაწერა, რომ კაცი სახელად მელ ვოთერსი, იმ რეგიონში საერთოდ არ ცხოვრობდა. ბევრმა ისტორია ფსიქიკურად დაავადებული ადამიანის გამონაგონად ჩათვალა და უძირო ორმოზე აღარ დაფიქრებულა.
2008 წელს მედიკოსმა რედ ელკმა განაცხადა, რომ იცოდა მისტიკური ხვრელის შესახებ, რამაც ცეცხლზე ნავთი დაასხა.
ამ დრომდე არავინ იცის მელ ვოთერსის შესახებ, თუ რატომ გამოჩნდა ის რადიოში სამჯერ და ყვებოდა ამბავს, რომელიც მხოლოდ ერთმა კაცმა დაადასტურა. თუმცა, ცნობისმოყვარე ადამიანები მანასტაშის გარშემო მაინც მოგზაურობენ, რათა მსგავსი ორმო იპოვნონ.
5. ვატიკანელის მისტიკური გაუჩინარება
როცა 15 წლის ემანუელა ორლანდიმ 1983 წელს, რომის კოლეჯის მეორე წელი დაასრულა, ფლეიტის გაკვეთილების გაგრძელება Tommaso Ludovico da Victoria-ს სკოლაში გადაწყვიტა. 1983 წლის 22 ივნისს, ემანუელამ ძმას, პიეტროს სთხოვა გაყოლოდა ავტობუსით მუსიკალურ სკოლაში, მაგრამ მას საქმეები ჰქონდა. გოგონამ იმ დღეს გაკვეთილზე დაიგვიანა. მოგვიანებით კი დას დაურეკა რათა ეცნობებინა, რომ „ეივონის კოსმეტიკის“ წარმომადგენლის პოსტზე სამსახურის შემოთავაზება მიიღო. ამის შესახებ მას გაკვეთილამდე გაესაუბრნენ, რის გამოც დაიგვიანა. იმავე დღეს შეატყობინა მეგობარსაც სამსახურის შესახებ. მოგვიანებით BMW-ში ჩაჯდა და მას შემდეგ არავის უნახავს.
ბევრს საუბრობდნენ რა შეიძლება შემთხვეოდა ახალგაზრდა გოგონას. ზოგი ფიქრობს, რომ ბულგარელმა ნეო-ფაშისტების ჯგუფმა გაიტაცა, ზოგს ჰგონია, რომ პარიზში, მუსლიმთა საზოგადოებაში ცხოვრობს.
2017 წელს, იტალიელმა ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მოიპარა დოკუმენტი ვატიკანიდან, რომელიც ამტკიცებდა რომის ეკლესიის ჩარევას ემანუელას გაუჩინარებაში. ვატიკანმა სასწრაფოდ განაცხადა, რომ ეს „მცდარი ინფორმაცია“ იყო.
2019 წლის ივლისში ვატიკანში ამოთხარეს მე-19 საუკუნის ორი გერმანელი პრინცესას საფლავი კოლეჯის სასაფლაოზე, რადგანაც უცნობმა ადამიანმა განაცხადა, ემანუელა სწორედ მათში იყო დამარხული. ამის მაგივრად, სრულიად ცარიელი საფლავები აღმოაჩინეს და პრინცესების ადგილსამყოფელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. იპოვნეს ორი ძვალი, რომელსაც დღემდე იკვლევენ.
4. ქეით ჰობსის წინათგრძნობა
როცა ქეთრინ მერი ჰობსი 8 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. ამას მალევე მოყვა საუკეთესო მეგობრის გარდაცვალება სკოლაში. ცოტა ხანში, ქეითს შემაწუხებელი წინათგრძნობა დაეუფლა, რომ 16 წელზე მეტხანს არ იცოცხლებდა.
ქეითი და მისი და ტერესა ლას ვეგასში გადავიდნენ, სადაც მან ახალი მეგობრები გაიჩინა. მე-16 დაბადების დღეზე, 1987 წლის 20 აპრილს, ქეითი ბედნიერი იყო, რომ არაფერი დაემართა. დღეები გადიოდა და გოგონა მეტ თავდაჯერებას იძენდა. ფიქრობდა, წინათგრძნობა წარმოსახვის ნაწილი იყო, რაც დიდმა სტრესმა გამოიწვია.
23 ივლისს, ქეითმა სახლი წიგნის საყიდლად დატოვა და გვერდით შენობაში მაღაზიას მიაკითხა. დედა კოცნით გამოემშვიდობა, იმ შემთხვევაში თუ მის მოსვლამდე ჩაეძინებოდა.
მეორე დილით, დედა ქეითის ოთახში შევიდა და აღმოაჩინა, რომ ის ცარიელი იყო. გოგონა სახლში არ დაბრუნებულა. დედამ მაშინვე განაცხადა ამის შესახებ. 9 დღის შემდეგ, მოლაშქრემ ქეითის სხეული ტბის სიახლოვეს იპოვნა. პოლიციამ აღმოაჩინა ქვები ქეითის სისხლით. ამბავმა შეძრა გოგონას დედა და და. მოგვიანებით, მისი ოთახის დალაგებისას აღმოაჩინეს წერილი, რომელიც ქეითმა თითოეულ ოჯახის წევრს დაუწერა. ისინი ერთი თვით ადრე იყო დათარიღებული მე-16 დაბადების დღემდე. ქეითი წერდა, რომ ძალიან უყვარდა ისინი და სთხოვდა არ გაბრაზებულიყვნენ მისი სიკვდილის გამო.
გოგონას მკვლელობა კვლავ გაუხსნელია, თუმცა სერიული მკვლელი მაიკლ ლი ლოქარტი, რომელიც ეჭვმიტანილად იყო ჩათვლილი, სხვა მკვლელობის დამტკიცების გამო დააკავეს.
3. მოწამვლა ტიტანიკზე
ლეგენდარული ფილმის გადაღებების ბოლო დღეს, ჯეიმს კამერუნმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ღებინების დროს გაანალიზა, რომ ცუდი რამ შეემთხვა. როცა მოედანზე დაბრუნდა, აღმოაჩინა, რომ ის ერთადერთი არ იყო. ქასთის სხვა წევრებიც ან აღებინებდნენ, ან ტიროდნენ, ან იცინოდნენ.
საავადმყოფოში მოვლენებმა უფრო უცნაური ელფერი შეიძინა. გუნდის წევრმა რეჟისორი სახეში კალმით დაჭრა, სხვებმა ეტლების მოპარვა და დერეფნებში გორაობა დაიწყეს. კამერუნი, რომელსაც ჭრილობის გამო სისხლი სდიოდა, სიცილს ვერ იკავებდა.
კლინიკაში აღმოაჩინეს, რომ საკვები მოწამლული იყო და 60-ზე მეტ ადამიანს სისხლში მავნე ნარკოტიკული ნივთიერების არსებობა აღენიშნებოდა.
სავარაუდოდ, ერთ-ერთმა სამსახურიდან განთავისუფლებულმა გადამღები ჯგუფის წევრმა შურისძიება გადაწყვიტა და საკვები მოწამლა. თუმცა, მისტიკა დარჩა, რადგანაც ვერავინ ვერაფერი დაამტკიცა და ამოხსნა.
2. მინიატურული კუბოები
1836 წელს ბიჭების ჯგუფი ედინბურგში კურდღლებზე სანადიროდ გაეშურა. დაინტრიგდნენ რა მალული გამოქვაბულით, ბიჭებმა მასში შესვლა გადაწყვიტეს. შესასვლელიდან ქვების გადაწევის შემდეგ, 17 მინიატურული კუბო აღმოაჩინეს. თითოეულ მათგანში ხის სათამაშო იყო მოთავსებული. სათამაშოებს დიდი თვალები ჰქონდათ და ბამბის სამოსით იყვნენ შემოსილნი.
როცა აღმოჩენის შესახებ გაზეთში დაიწერა, სტატიაში მოხსენიებული იყო, რომ კუბოები გამოქვაბულში ახალი დადგმული უნდა ყოფილიყო.
ამოუხსნელი ისტორიების მსგავსად, რამდენიმე თეორია გაჟღერდა, რომლებიც ბოლომდე არ დასტურდება. ზოგიერთის აზრით, ბავშვებმა ბოროტად ითამაშეს, ზოგიერთი კი ამტკიცებდა, რომ კუბოებს ჯადოქრები იყენებდნენ საკუთარი რიტუალებისთვის. სხვა თეორიის მიხედვით, ეს შესაძლოა ყოფილიყო უძველესი ტრადიცია იმ მეზღვაურებისთვის, რომლებიც ზღვაში კვდებოდნენ, ქრისტიანული დაკრძალვის მოსაწყობად. ასევე, შესაძლოა ყოფილიყო უილიამ ბურკის და უილიამ ჰარის ბოროტი საქმიანობის აღსანიშნად, რომლებმაც 17 ადამიანი მოკლეს.
1. ბერი ხელების გარეშე
2017 წელს, არქეოლოგებმა გუერნსის ნაპირებზე დელფინის ჩონჩხი აღმოაჩინეს. მომავალ წელს, მათ უფრო შემზარავი აღმოჩენა გააკეთეს: მამაკაცის ჩონჩხი ხელების გარეშე. გამოძიების მიხედვით, ეს იყო ბერის ჩონჩხი, რომელიც დაიმარხა დელფინის ამბავზე ადრე და ეს ორი ისტორია ერთმანეთთან არ კავშირდებოდა.
არქეოლოგებს სჯეროდათ, რომ კუნძული შაპელ დონ ჰუ უფრო დიდი იყო და შუა საუკუნეებში ქრისტიანი ბერების თავშესაფარს წარმოადგენდა. ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, ბერი კეთრით იყო ავად და ამის გამო ხელები მოიკვეთა. ზოგიერთი ექსპერტის აზრით, კაცი ბერი არ ყოფილა. სამოსის მიხედვით ის მე-17 საუკუნეში გადრდაიცვალა, მას შემდეგ, რაც კუნძულის ბერებით დასახლებიდან ბევრი დრო იყო გასული.
ექსპერტები დღემდე არკვევენ ჩონჩხის ბედს. ის შესაძლოა ყოფილიყო მეზღვაური, რომელიც ზღვაში გარდაიცვალა და სანაპიროზე გამოირიყა.